საქართველოსთვის 2016, წინა წლების მსგავსად, სტუმრიანობით გამოირჩეოდა. სხვადასხვა მიზნით, წელს ქვეყანას გავლენიანი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ეწვივნენ.
„ექსპრესნიუსი“ შეეცადა გაეხსენებინა ცნობილი პიროვნებები, რომლებმაც წელს საქართველოს საზღვრები გადმოკვეთეს და მათგან 10 შეარჩია.
რომის პაპის
2016 წლის განსაკუთრებული სტუმარი რომის პაპი ფრანცისკე იყო. პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვია და ქვეყანაში ორი დღე დაჰყო. ვიზიტის ფარგლებში, კათოლიკე ეკლესიის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ასევე ასირიულ-ქალდეური საზოგადოების და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა. 1-ელ ოქტომბერს რომის პაპმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესა აღავლინა. ვიზიტის ბოლოს, იგი მცხეთას ეწვია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ჯონ კერი
6 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კერი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა ამისა, გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა. შეხვედრებისას ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
7 სექტემბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სტოლტენბერგის ხელძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. ასევე შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომლშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა. გარდა ამისა, ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით 1-ელ ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარი საკითხები საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო. მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამასთან, გაიმართა მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით. საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი
საქართველოს 2 თებერვალს თურქეთის მაშინდელი ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი და ამჟამად კი, პრემიერი ბინალი ილდირიმი ეწვია. ილდირიმმა თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მონაკვეთზე დამამთავრებელ სტადიაშია. ილდირიმმა იმედი გამოთქვა, რომ სამშენებლო სამუშაოების დარჩენილი ნაწილი მალე დასრულდება და წლის ბოლოს კავკასიაზე ის მატარებელი გაივლის, რომლიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
გარდა პოლიტიკური ლიდერებისა, საქართველო წელს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავთცვენითაც გამოირჩეოდა.
განსაკუთრებული ყურადღება ბრიტანელი ვარსკვლავის, რობი უილიამსის ვიზიტმა მიიპყრო. უილიამსამ პროექტ „chek in Georgia”-ს ფარგლებში, გრანდიოზული კონცერტი 27 მაისს, თბილისში, დინამო არენაზე გამართა.
საქართველოს პოპ-დივა კრისტინა აგილერაც ეწვია. მან 30 ივლისს, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ გახსნის დღეს გურიაში ნამდვილი „ცეცხლი დაანთო“.
კონცერტი გამართა ასევე თინეიჯერების რჩეულმა ჯგუფმა Maroon 5-მა. კონცერტი ბათუმში, 7 ივნისს გამართა. მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა, ეს დღე ბევრი ფანისთვის „ყველაზე ცხელ დღედ დარჩება“.
ბრიტანელმა მევიოლინემ, ვანესა მეიმ რომელსაც მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული, საქართველოში კონცერტი 6 აგვისტოს გამართა. ცნობილმა ვირტუოზმა „ბლექ სი არენას“ სცენა დაიკავა მსმენელს მრავალფეროვანი შოუ შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ მეიმ მაყურებელთა თხოვნით, კონცერტი 30 წუთით გაახანგრძლივა.
„ბლექ სი არენამ“ მელომანების ყურადღება 20 აგვისტოსაც მიიპყრო. აჭარის რეგიონს „როკის ელჩები”, ჯგუფი „სკორპიონსი“ ეწვია. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
თუ სიას კარგად გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ სტუმრიანობის თვალსაზრისით, სტუმართმოყვარე ქვეყანას საკმაოდ მრავალფეროვანი წელი ჰქონდა.
ირაკლი კუნჭულია
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან