18:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-31 18:17:42, 1762 ნახვა

საზოგადოება
ბრძოლა C ჰეპატიტის წინააღმდეგ, ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა და განკურნების 90%-იანი მაჩვენებელი

ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. მსოფლიოში ამ დაავადებით ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს და  ყოველწლიურად დაახლოებით ერთიდან სამ მილიონამდე იზრდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C  ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. ამიტომ, 2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო და ამ მიმართულებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტ-ქვეყანა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მცირე ფართობი - სწორედ ამ კრიტერიუმებით შეირჩა საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის.

ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს - უფასო სკრინინგს, დაავადების გამოვლენას და დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლოესი  თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით.  უფრო კონკრეტულად კი, სოფოსბუვირი/ჰარვონი, პეგილირებული ინტერფერონითა  და რიბავირინით. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.

პაციენტთა მკურნალობაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს. მკურნალობის დაწყებისა და პაციენტების შერჩევის პირველ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭებათ პაციენტებს ღვიძლის კომპენსირებული ციროზით (F4 მეტავირის კლასიფიკაციით), ღვიძლის შორსწასული ფიბროზით (F3 მეტავირის კლასიფიკაციით), ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით (ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები), ღვიძლის ტრანსპლანტაციით და HCV რეინფექციით, პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით, აივ და/ან HBV კოინფექციით დაავადებულებს. პროგრამის მიზანია, ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება და  ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

რაც შეეხება პროგრამის შედეგებს, როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე პროგრამაში 29 ათასამდე პაციენტია დარეგისტრირებული, 28 ათასზე მეტი კი, მკურნალობს. აღსანიშნავია, რომ 13 000-მა  ადამიანმა მკურნალობა უკვე დაასრულა და მათგან 90%-ზე მეტი, დაავადებისგან სრულად განიკურნა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C  ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა  იქამდე გაგრძელდება, სანამ ბოლო პაციენტი შესაბამის მკურნალობას არ მიიღებს.

„ფაქტობრივად, მეორე ეტაპი ავტომატურად დაიწყო და გაგრძელდება წინასწარ დასახული გეგმით - წელიწადში 20 000 პაციენტი და ეს გაგრძელდება იმდენი წელიწადი, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას. ჩართულობის  კრიტერიუმები იქნება ნათლად ახსნილი. პირველი ეს არის რა თქმა უნდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამატებითი რისკები და მე მართლაც ძალიან მიხარია, რომ აწ უკვე ყოფილი პაციენტებიც მხარში გვიდგანან ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით ხორციელდება.

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი  სისხლის გზით გადამდები ვირუსია, რომლითაც ძირითადად ინფიცირდება ღვიძლის უჯრედები, იწვევს მის ანთებას და მნიშვნელოვან დაზიანებასაც კი.

C ჰეპატიტით ინფიცირება ხდება: ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტისას  არასათანადოდ გასტერილებული არაერთჯერადი სამედიცინო ნემსების და სხვა სამედიცინო ინვენტარის გამოყენებისას (სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური, კოსმეტოლოგიური მანიპულაციის დროს); ნარკოტიკების მოხმარებისას საერთო ნემსის ან სხვა საერთო საინექციო მოწყობილობების ერთობლივი გამოყენებისას;

დაინფიცირებული აღჭურვილობით ტატუირების ან პირსინგის გაკეთებისას;

საერთო სააბაზანო აქსესუარების გამოყენებისას (კბილის ჯაგრისი, პირის საპარსი); ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე (იშვიათად); სქესობრივი კონტაქტის დროს.

 

თაკო მაქაცარია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics