|
2016-12-31 16:37:45, 1202 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახები და სამინისტროს სამომავლო გეგმები
1990-იან წლებში საქართველოში მომხდარ შიდა კონფლიქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება მოჰყვა. უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები სხვადასხვა მიტოვებულ შენობებს იკავებდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული შენობებიდან მათი გამოძევება ხდებოდა. სახელმწიფომ ეტაპობრივად დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაიწყო. 2012 წლის ბოლოსთვის, საცხოვრებელი ბინით 23 973 ოჯახი დაკმაყოფილდა, ბინის სანაცვლოდ კი ფულადი კომპენსაცია 5 155 ოჯახმა მიიღო. 2013 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე, საქართველოს მთავრობის # 794 განკარგულების საფუძველზე, დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობდა, შემდეგ კი, რეგისტრაციის ახალი პროცესი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანებულებით, 2014 წლის 1 ივნისამდე გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა დევნილებისა და მათი ოჯახების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, ფაქტიური მისამართების დადგენა, დევნილის გაუმჯობესებული მოწმობების გაცემა, კანონის დარღვევით მიღებული დევნილის სტატუსის მქონე პირთა იდენტიფიცირება და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით, რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა 263 598 შეადგენს, აქედან 8232 კაცია, ხოლო 8597 ქალი. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განუცხადეს, 2016 წელს, თბილისში ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსებში ბინა 530 დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო რეგიონებში, ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ შენობებში ბინა 331 დევნილმა ოჯახმა მიიღო. ამასთან, მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 3000-მდე დევნილ ოჯახს. გარდა ამისა, სამინისტრომ წელს ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლი უკვე 400-მდე ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, 93-ს კი, სამინისტრომ სახლი შეუსყიდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან სამინისტროს ინიციატივით დაიწყო უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი დევნილი ოჯახების, ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა. 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტამდე ერთჯერადი ფულადი დახმარება 2589 დევნილს გაეწია. დღეისთვის კი, აღნიშნული დახმარების თხოვნით სამინისტროს 5 359 დევნილმა მიმართა. რაც შეეხება უწყების სამომავლო გეგმებს, ზუგდიდში, 2016 წლის ბოლოს 2 კორპუსის მშენებლობა სრულდება, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს. ამასთან, წელსვე 288 დევნილი ოჯახისთვის ოთხი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. ქუთაისში, 2016 წლის ბოლოს სრულდება 2 კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. 8 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს გორშიც, სადაც ბინას 480 ოჯახი მიიღებს. 2016 წელს წყალტუბოში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა 560 დევნილი ოჯახისთვის დაიწყო. ეს სამინისტროს სამომავლო გეგმის არასრული ჩამონათვალია. უწყება ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობს. ცნობისთვის, საქართველოს კანონი „ლტოლვილთა შესახებ“, რომელიც 1988 წელს მიიღეს, სრულიად არ შეესაბამებოდა „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციას, ამიტომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების თანახმად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მომზადდა საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციის შესაბამისი კანონის პროექტი ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ. აღნიშნული კანონი 2011 წლის 6 დეკემბერს მიიღეს და იგი 2012 წლის მარტში ამოქმედდა.
თაკო მაქაცარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)