|
2016-12-24 21:36:32, 1978 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები - საკითხი, რომელიც რეგულირების გარეშე რჩება
საქართველოში გარემოვაჭრეების პრობლემა წლებია მოუგვარებელი რჩება. გარევაჭრობა დედაქალაქშიც დიდი თავსატეხია. პრობლემაა მისი დაშვებაც და აკრძალვაც. მოსახლეობა პერმანენტულად აქციებს მართავს და საკუთარი შემოსავლის ერთდაერთი წყაროს შენარჩუნებისთვის იბრძვის. გარევაჭრობა კანონით აკრძალული ქმედებაა, რომელიც ჯარიმით ისჯება. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ კანონი არაქმედითია, რადგან სოციალური შეჭირვების ფონზე, ე.წ თვითდასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში სწორედ გარევაჭრობით მიღებული შემოსავლით ირჩენს თავს. თბილისში გარემოვაჭრეების ოფიციალური მონაცემები დაუზუსტებელია, თუმცა მათი რიცხვი არაოფიციალურად 4 ათასს აღემატება. მძიმე სოციალური ყოფის, რთული ეკონომიკური მდგომარეობის, გაუფასურებული ეროვნული ვალუტის და დაუსაქმებელი მოქალაქეების ფონზე, გარევაჭრობის აკრძალვა და ათასობით თვითდასაქმებულის ულუკმაპუროდ დატოვება, აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე არამართებულია. ერთ-ერთი გარემოვაჭრე "ექსპრესნიუსს" დაუკავშირდა. როგორც ზაირა ქოჩოიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ის რიყის პარკში გახსნის დღიდან მუშაობდა და ტურისტებისთვის განკუთვნილ ნივთებს ყიდიდა, თუმცა ახლა მას ამის საშუალებას აღარ აძლევენ. "4 ივლისს, მერიის ზედამხვედველობის სამსახურმა სკვერის ტერიტორიაზე შესვლა აგვიკრძალა, ალბათ 50 კაცამდე იყვნენ, ჩვენი კუთვნილი ნივთები სანაგვეზე გადაგვიყარეს. ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელი კანონის საფუძველზე აგვიკრძალეს მუშაობა, რომლის საშუალებითაც გაგვაქვს თავი და ვარჩენთ ოჯახებს, მერიის თანამშრომლებისგან პასუხად მივიღეთ "თქვენ რა საბუთი გაქვთო?". მე მეშინოდა, მაგრამ ჩემს უფლებებს ვიცავდი და არაფერს ვაშავებდი. ჩემმა კოლეგამ ერთ-ერთი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს დაურეკა. როდესაც ის მოვიდა და მოითხოვა ზედამხედველობისგან შესაბამისი საბუთი, მას ეს საბუთი გადასცეს. საბუთში აბსოლუტურად არაფერი ეწერა, იმის გარდა, რომ იყო ამობეჭდილი ადმინისტრაციული კანონები, რომლის თანახმადაც გვიკრძალავენ ვაჭრობას", - განაცხადა ზაირა ქოჩოიმ. მისივე ინფორმაციით, "რიყის პარკის მოვაჭრეებმა" თბილისის მერიასთან რამდენიმე აქცია გამართეს, თუმცა უშედეგოდ. "როგორც გავიგეთ, იურიდიულად გვქონდა უფლება, ხელში აგვეღო ბუშტები, შევსულიყავით პარკში და ისე გაგვეყიდა, ამის უფლებაც არ მოგვცეს. ჩვენ დავწერეთ განცხადება თბილისის მერის სახელზე, მიღებასთან დაკავშირებით, 7 და 15 ივლისს. ბატონ მერს ჩვენთვის არ ეცალა, დიდი თხოვნის შემდეგ კი მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ მიგვიღო. როდესაც აქციის დროს ჟურნალისტებმა ირაკლი ლექვინაძეს კითხვა დაუსვეს, პასუხი იყო ისეთი, თითქოს ჩვენ რიყის პარკში კიტრს და პომიდორს ვყიდდით. განცხადება ასევე, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეების სახელზე გვქონდა დაწერილი. ყველა ჩვენი წერილი გადაგზავნილი იყო მერიის ზედამხედველობის სამსახურში, საიდანაც სისტემატიური უარი მოგვდიოდა", - აღნიშნა ქოჩოიმ. ქოჩოის თქმით, რიყის პარკის გარემოვაჭრეების ძირითადი მოთხოვნა ალტერნატიული ადგილის გამოყოფაა, სადაც ისინი მუშაობას შეძლებენ, თუმცა, როგორც ზაირა ქოჩოიმ აღნიშნა, დედაქალაქის მერია შესაბამის ადგილს, უმუშევრად დარჩენილ 22 გარემოვაჭრეს ვერ სთავაზობს. "იყო საუბარი, რომ ალტერნატიულ ადგილს მოგვინახავდნენ, მაგრამ გვითხრეს, რომ თქვენს გარდა არის „პროდუქტის“ ხალხი, იმათაც მოუნდებათ შემოსვლა და ვერ გავუმკლავდებითო. პირველად გვითხრეს, რომ დეზერტირების ბაზარზე არის რაღაც ტერიტორია, მაგრამ ჩვენი პროდუქცია არ არის გათვლილი ამ ბაზრის სეგმენტზე. ეს არის ზუსტად ის პროდუქცია, რომელიც გათვლილია ტურისტებზე. მიკვირს, რატომ შეიძლება გაყიდვა სხვა პარკებში, მუშტაედში, ვაკის პარკში, მზიურში და რიყის პარკში არ შეიძლება?! კოლმეურნეობის ტერიტორიაზე ასევე გარე ვაჭრობის ფაქტებია, სადაც კიტრი და პომიდორი ძირს ყრია. მშვიდობის ხიდის მეორე მხარეს, იყიდება საკვები პროდუქცია - ჩურჩხელა და სხვა, რომელიც ანტისანიტარიის ნორმების დაცვის გარეშე იყიდება, რადგან ეკუთვნის დაცვის ხალხის ნათესავებს. რაიმე სტენდები დაგვედგა, კულტურულად, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაშია დაშვებული. თუ საჭიროა რაიმე გადასახადი, დააწესონ და მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, შემოსავლის ნაწილს გადავიხდი", - აცხადებს გარემოვაჭრე. როგორც ზაირა ქოჩოიმ განმარტა, თავისი საქმიანობით რიყის პარკის გარემოვაჭრეები, სკვერის ტერიტორიას არ აზიანებენ და თვლის, რომ მათი პროდუქცია სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა იყიდებოდეს. "შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი საქმიანობით არ ვაზიანებდით სკვერის ტერიტორიას, არ ვაფერხებდით ტურისტების მოძრაობას და არ ვანაგვიანებდით გარემოს, არ გვიდგას კონსტრუქციები და დამხმარე მოწყობილობები. პირიქით, გარკვეულ სასიამოვნო გარემოს ვუქმნიდით ტურისტებს და დამსვენებლებს. ვინც რიყის პარკის ტერიტორიაზე ვმუშაობთ, ვიმყოფებით ისეთ ასაკში, რომ ძნელია სამუშაოს მოძებნა და დაწყება. გვაქვს ბანკის ვალები, ბევრი ცხოვრობს ქირით და ვართ ერთადერთი შემომტანი ოჯახში. რითი ვირჩინოთ თავი, როგორ მოვაგვაროთ ჯანმრთელობის პრობლემები?!", - განაცხადა ქოჩოიმ. კოდექსის თანახმად, გარევაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე. ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით. "ექსპრესნიუსი" სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, გარემოვაჭრეების დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის დასადგენად, თუმცა როგორც აპარატში განაცხადეს, დისკრიმინაცია არ გამოიკვეთა. "განმცხადებლებმა დისკრიმინაციის დასადგენად მოგვმართეს, თუმცა შესწავლის შედეგად დისკრიმინაცია არ გამოიკვეთა. საქმე გარევაჭრობის აკრძალვას ეხება, რისი დარეგულირებაც სახალხო დამცველის მანდატს სცდილდება", - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ თბილისის მერიას დავუკავშირდით. როგორც მერიაში აცხადებენ, ადმინისტრაციული კანონი გარევაჭრობას კრძალავს, თუმცა არ არსებობს ორგანო, რომელსაც გარევაჭრობაზე ნებართვის გაცემის უფლება აქვს. მერიის პოზიციას არასამთავრობო სექტორში ნაწილობრივ იზიარებენ, თუმცა როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუცხადეს, რეგულაცია ზოგადი და ტრანსპარანტულია. საია-ს იურისტ მიხეილ ჯახუას განცხადებით, გარევაჭრობის საკითხი რეგულირების გარეშე რჩება, რადგან საკრებულო წლებია ნებართვის მიღების წესს არ იღებს. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის მე-6 ნაწილი კრძალავას, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობას. სამწუხაროდ, დადგენილება არ განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ ნებართვა. შესაბამისად, იქმნება ბუნდოვანება სამართალდარღვევათა კოდექსით ამკრძალავ მოქმედებასთან დაკავშირებით, ანუ ქმედება არის აკრძალული ნაწილობრივ, მაგრამ რა ნაწილია დასაშვები, ამის განმარტება და მოპოვების შესაძლებლობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. რაც შეეხება პოლიციის საქმიანობას, თუ კი მოქალაქეები თავის მხრივ გამოხატავენ ყოველმხრივ მზადყოფნას იმისას, რომ დაიცვან მერიის მიერ განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რაც საჭირო არის გარევაჭრობის მოსაპოვებლად, ამ შემთხვევაში არასწორი იქნება მათთვის გარკვეული პასუხის მოთხოვნა. აქ პრობლემა არის იმაში, რომ საკრებულო წლებია, არ იღებს ნებართვის მიღების წესს, განსაზღვრული აქვს გარე ვაჭრობა, მაგრამ როგორ უნდა მოიპოვო ამის ნებართვა, ამას არ განსაზღვრავს", - განაცხადა ჯახუამ, ამასთან, იურისტის განმარტებით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით ერთადერთი გამოსავალი წესების დადგენაა, რომლებიც მოქალაქეების მოთხოვნებზე იქნება მორგებული. "არ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაშია დასაშვები გარევაჭრობა და რა შემთხვევაში - არა. ასევე, როგორ და ვის შეუძლია ამ ნებართვის მოპოვება. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურად არ არის სწორი. უნდა იყოს განსაზღვრული წესი, როგორ შემიძლია მე, რიგით მოქალაქეს, მოვიპოვო ამგვარი საქმიანობის ნებართვა. წესის არსებობა უკვე ავტომატურად გამორიცხავს იმას, თუ ვინ მოიპოვა, როგორ მოიპოვა ნებართვა და ვის შეუძლია, ან არ შეუძლია გარევაჭრობა. უნდა იყოს ქალაქის და რაც მთავარია, მოქალაქეების მოთხოვნებს მორგებული წესი, რაც მოქალაქეებში სამართლიან განწყობას ქმნის", - აღნიშნა ჯახუამ და დასძინა, რომ სასამართლოს დამოკიდებულება ზემოხსენებულ საკითხთან არაერთგვაროვანია. "სამწუხაროდ, როდესაც უკვე ხდებოდა პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა, გარევაჭრობას ეწეოდნენ, სასამართლოს დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არის გადაწყვეტილებები, სადაც სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა, არის გადაწყვეტილებები, სადაც პირიქით, ჯარიმები დააკისრა. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით. მთავარია ის, რომ ამ ადამიანებმა გამოხატეს მზადყოფნა, მიიღონ ყველანაირი ნებართვები. სამწუხაროდ, არსებული რეგულაცია არ გვაძლევს საშუალებას, გარანტირებულად ვთქვათ, რა გზით შეიძლება მოქალაქეებმა პასუხისმგებლობას თავი აარიდონ. რეალურად არის პრობლემა იმაში, რომ წესი არ არის განსაზღვრული. წესის განსაზღვრის იძულება ამ შემთხვევაში ვერ მოხდება. კონკრეტულ გამოსავალს ვერ ვიტყვი. საკრებულომ, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს წესი, ეს მის მანდატშია, მაგრამ პოლიტიკური ნებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მთავარია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივა არსებობდეს, დაიწყონ ამ საკითხის განხილვა. რეგულაცია, რომელიც არსებობს, ან უნდა შეიცვალოს, ან შეივსოს, რომ განისაზღვროს ნებართვის მიღების წესი, გარევაჭრობის ადგილები და ა.შ.", - განაცხადა მიხეილ ჯახუამ. გარემოვაჭრეების საკითხზე დედაქალაქის საკრებულოსაც დავუკავშირდით, თუმცა მათ კვლავ მერიაში გადაგვამისამართეს. ცნობისთვის, გარევაჭრობა თბილისში პირველად 2006 წელს აიკრძალა. მოვაჭრეების პროტესტის შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ამ პროცესში ხელს აღარ უშლიდნენ და მიუხედავად არსებული რეგულაციისა, უკანონო ქმედება აღარ ისჯებოდა. 2010 წელს გარევაჭრობის აკრძალვაზე საუბარი კვლავ დაიწყო და 4 ათასამდე ადამიანს დახურულ სავაჭრო ობიექტებში ვაჭრობის ვალდებულება დაეკისრა. თუმცა, ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.
ბელა არუთინოვი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)