2015-03-25 14:30:30, 594 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ძნელია წარმოიდგინო, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ავტოკეფალიის გარეშე
„ძნელია წარმოიდგინო ის, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ჩვენი ეკლესიისა და ავტოკეფალიის გარეშე“ , – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ბრძანა.
ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარში ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებთან ერთად პარაკლისი გადაიხადა.
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ავტოკეფალიას საქართველოს ისტორიაში დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენი ერის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. მას დიდი მნიშვნელობა ექნება, სანამ კაცობრიობა იარსებებს. ეს არის საქართველოს ეკლესია და ჩვენი ერის მნიშვნელობა ეკლესიაში და ეკლესიის მნიშვნელობა ჩვენს ერში. როდესაც ჩვენ, საქართველოს ავტოკეფალიის დღეს ვდღესასწაულობთ, არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ქართველ ხალხს ავტოკეფალიის მნიშვნელობა თავიდანვე ესმოდა, თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში უფლის კვართი იყო ჩამოტანილი, ასევე საქართველო გახდა წილხვედრი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველ ხალხს და პასუხისმგებლობას აკისრებდა ჩვენს ხალხს საქართველოს წინაშე. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ავტოკეფალიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. ძნელია წარმოიდგინო ის, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ჩვენი ეკლესიისა და ავტოკეფალიის გარეშე. ყოველშემთხვევაში ის არ ვიქნებოდით, რაც დღეს ვართ. დღეს მადლობას ვწირავთ უფალს, მისი დიდი წყალობისათვის.მადლობას ვწირავთ, რადგან ღვთის განგების გარეშე ეს არ მოხდებოდა“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მან ავტოკეფალიის დაკარგვისა და აღდგენის პერიოდზე ისაუბრა.
მისივე თქმით,მე–5 საუკუნეში საქართველოში ავტოკეფალიის მოპოვებაში განსაკუთრებული როლი იქონია ვახტანგ გორგასალმა. 1801 წელს საქართველო პოლიტიკურ დამოუკიდებლობას კარგავს, 1811 წელს კი– ავტოკეფალიას. 1917 წელს, მიუხედავად საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, საქართველოს მღვდელმთავრებმა ავტოკეფალიის აღდგენა გადაწყვიტეს.
„მე–5 საუკუნეში განსაკუთრებული როლი ავტოკეფალიის მოპოვებაში ვახტანგ გორგასალმა იქონია. რომელი მეფე, ადამიანი იტყოდა და იტყვის იმას, ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. კათალიკოსისი ტიტული კი პირველად მე–11 საუკუნეში მამამთავარ პეტრეს ეწოდა. გამოცდაც ბევრი შეხვედრია ქართველ ხალხს. 1801 წელს საქართველო კარგავს თავის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, 1811 წელს –ავტოკეფალიას. 1917 წელს ,იმ დროს, როცა საქართველოში ასეთი არეულობა იყო, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა, ლეონიდემ, კირიონმა, ამბროსიმ, კალისტრატემ და სხვებმა გადაწყვიტეს ავტოკეფალიის აღდგენა. ავტოკეფალია ნიშნავს თავისი თავის პატრონობას. დღეს ჩვენ მუხლს ვიხრით ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. შემთხვევით არ არის, რომ დღევანდელი პარაკლისი სრულდება სიონში, სადაც განისვნებეენ, ჩვენი დიდი წინაპრები. დღეს, ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი დიდი წინაპრებისთვის და ეკლესიის კეთილდღეობისთვის. ღმერთი იყოს საარტველოს ეკლესიისა და ჩვენი მრევლის მფარველი“, – ბრძანა ილია მეორემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან