|
2016-12-12 19:57:00, 1173 ნახვა
პოლიტიკა
ძაბირაძე: ვერ ვხედავ არგუმენტს, რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე
ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, არგუმენტირებას ხედავს იმისას, რომ საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უხელმძღვანელოს, თუმცა რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თანათავმჯდომარე, არ ესმის. „ექსპრესნიუსთან“ ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ კომისიის მიერ შემუშავებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი იღებს, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ამიტომ, ძაბირაძის შეფასებით, აუცილებელია კომისიას პარლამენტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს, რომ კომისიის მუშაობა არაეფექტური არ იყოს და საკითხებზე, რომლის განხილვაც კომისიის მუშაობის ფორმატში მოხდება, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთოს კოორდინირება საპარლამენტო უმრავლესობასთან: „არვიცი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა როგორ განისაზღვრა, არსებობს კვოტები, თუ არ არსებობს, არც შემადგენლობაზე მინახავს გადაწყვეტილება. ვიცი ერთადერთი რამ, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარის ეგიდით იქნება და მასში მონაწილეობა შეთავაზეს როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე მთავრობის წარმომადგენლებს. არვიცი პოლიტიკური სპექტრი როგორაა შევსებული და შექმნილია თუ არა პოლიტიკური ბალანსი. კონკრეტულად გამიჭირდება საუბარი, კომისია როგორი იქნება და რა შეთავაზებები იქნება. ჩემი აზრით, უფრო პრაგმატული არის გადაწყვეტილება, რომ კომისია აპრლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეიქმნას, რადგან შემუშავებული დოკუმენტი მაინც საბოლოო ჯამში პარლამენტმა უნდა მიიღოს, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება, არამგონია, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას თუ მიიღებდა პრეზიდენტი, ან პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს რაიმეთი ხელს შეუშლიდა იმას, რომ სახალხო განხილვების დროს ყოფილიყო აქტიური პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი. რა პრობლემაა უბრალოდ ვერ ვხდები. შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტი პოლიტიკური ზეგავლენებისგან უფრო თავისუფალია, მაგრამ მაშინ უნდა იყოს ლაპარაკი კომისიის შექმნის პრინციპებზე. როდესაც ვამბობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თავმჯდომარეობაა აუცილებელი, ამას ვლაპარაკობ იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი და კომისიის მუშაობა რომ არ იყოს არაეფექტური, ჯობს, საკითხებზე, რომლის განხილვაც მიდის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთოს კოორდინირება საპარლამენტო უმრავლესობასთან, გარკვეული შეთახნმებები რომ იყოს, პოზიციები რომ დაფიქსირდეს. ეს პოზიცია შესაძლოა, ჩემთვის მიუღებელი იყოს და სხვისთვის მისაღები, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ამის არგუმენტირებას მე ვხედავ. რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი თანათავმჯდომარე, ეს არ მესმის.არგუმენტი რა აქვს. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩახედული არ არის ამ საქმეებში, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აი, კომისია რასაც შექმნის, ის იქნება საბოლოო ვარიანტი, არადა კომისია რასაც დადებს, ეს იქნება მუშა ვარიანტი, არ იქნება საბოლოო ვარიანტი. იმის შემდეგ უნდა მოხდეს მისი ინიცირება, ანუ კომისიის მიერ შექმნილი რაღაც დოკუმენტი გადადის პარლამენტში და იქიდან გადის სახალხო განხილვაზე და ამის შემდეგ ბრუნდება უკვე პარლამენტში. პრეზიდენტის ეგიდით შემუშავებული კონსტიტუცია შეიძლება პარლამენტმა თავდაყირა დააყენოს. არანაირ ლეგიტიმაციას ეს კომისია არ საჭიროებს. ამ კომისიის მიერ დადებული დოკუმენტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ამაზე დიდი ლეგიტიმაცია რა შეიძლება იყოს“,-განაცხადა ძაბირაძემ. ცნობილია, რომ საკონსტიტუციო კომისიას მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მას თანათავმჯდომარე არ ეყოლება. საკონსტიტუციო კომისია მუშაობას წლის ბოლომდე დაიწყებს და სახალხო განხილვებისთვის საბოლოო პროექტს 30 აპრილამდე მოამზადებს. კობახიძის აზრით, უშუალოდ პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე საკონტიტუციო კომისიას ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება. საკონსიტიტუციო კომისია შესაძლებელია პოლიტიკური პარტიების,არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონსტიტუციონალისტების გარდა, მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებითაც დაკომპლექტდეს. თუმცა, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გაკეთდა, სადაც აღინიშნა, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებენ, თუმცა კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მთავარი პოზიცია არის ის, რომ საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის და ფართო კონსენსუსის უზრუნველმყოფი. მისი შეფასებით, სწორედ ამას ითვალისწინებდა პრეზიდენტთან არსებული სამი უმაღლესი თანამდებობის პირის თანათავმჯდომარეობით შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება, რაც ასე არ მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)