19:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 17:01:19, 613 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

თურქმენეთში მიმდინარე გაეროს კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, როგორც უმნიშვნელოვანესი უნივერსალური საერთაშორისო ინსტიტუტის, მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, გაეროს უდიდესი მნიშვნელობა როგორც მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე ადამიანის უფლებათა და სახელმწიფოთა მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტმა ბან კი-მუნს გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მოღვაწეობის პერიოდში გაწეული საქმიანობისა და საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის, ასევე შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის მიზნით, გაეროსთან და მის სტრუქტურებთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ამ თვალსაზრისით, მხარეებმა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.  საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. გიორგი მარგველაშვილმა გაეროს გენმდივანს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება გააცნო.  საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა, მიმდინარე წლის ნოემბერში, რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. „შეთანხმების" რატიფიცირების გამო. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ  ოფიციალური მოსკოვის მიერ მომზადებული დოკუმენტი, როგორც რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" ე.წ. ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილი, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.

საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე 2017 წელს დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩატარების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა.

 

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჰუმანიტარულ პრობლემებზეც იმსჯელეს და ყურადღება განსაკუთრებით, ე.წ. სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სწორედ ამ თემას და ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს ვითარების გამოსასწორებლად. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა ბან კი-მუნს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაეროს დახმარების პროგრამების, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული პროექტებისათვის.

საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მათში გაეროს თანათავმჯდომარეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

გიორგი მარგველაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა, გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებული „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი მომავალშიც რჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის, რათა უზრუნველყოს ასიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უფლება.

მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ პროგრესზე ისაუბრეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ის მეთოდები და მექანიზმები, რომლებსაც საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით იყენებს და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არსებული ტენდენცია კვლავაც უნდა გაგრძელდეს, რაც დადებითად აისახება საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics