|
2015-03-18 14:37:42, 528 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთსა და სენაკში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო
დამისამართების პროექტის ფარგლებში ოზურგეთსა და სენაკში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დღეიდან ორ ქალაქში დაიწო, ხოლო 9 ქალაქში აღნიშნული სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც პირდაპირ კავშირშია საარჩევნო სიების მოწესრიგებასთან. როგორც ცნობილია, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, მიაწოდოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემები. სერვისების განვითარების სააგენტოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესადგენად აუცილებელი მონაცემების დახვეწა მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია დამისამართების პროცესის მოწესრიგება. გამართული სამისამართო რეესტრის შექმნით, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია და მისამართებზე იდენტიფიცირება გაცილებით გაუადვილდებათ. რაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან. ინფორმაციისთვის, დამისამართების პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ბოლნისსა და ლანჩხუთში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ბათუმში ამ დრომდე 93 452 რეგისტრაციის მისამართის დაზუსტება განხორციელდა, ბოლნისში – 14 174, გორში – 47 340, ლანჩხუთში –11 253, ზუგდიდში –45 624, თელავში –23 335. ამავე პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ ხაშურის, ფოთისა და სამტრედიის დამისამართების პროცესიც. ხაშურში 9 500 რეგისტრაციის მისამართის დაზუსტება განხორციელდა, ფოთში – 3 888, ხოლო სამტრედიაში – 2 528. კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. ეტაპობრივად სამუშაოები სხვა ქალაქებსაც მოიცავს (უახლოეს ხანში დამისამართება დაიწყება ზესტაფონში, ახალციხეში, ქობულეთში, საგარეჯოში, გურჯაანში, მცხეთაში). ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მობილურმა ჯგუფებმა საქართველოს 20 ქალაქში მთლიანად დაასრულეს ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა-ინვენტარიზაცია. სრულად დაინომრა ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები და ბინები. სამუშაოები უკვე დასრულდა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ფოთში, ზესტაფონში, სამტრედიაში, სენაკში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ქობულეთში, ხაშურში, ახალციხეში, გურჯაანში, საგარეჯოში, ბოლნისსა და მცხეთაში. ასევე დამისამართდა მცხეთაში შემავალი სოფლები. არარსებული, გამოტოვებული, ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები. დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)