06:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 15:31:16, 655 ნახვა

პოლიტიკა
კვაჭანტირაძე: მეორე ტურში ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალური აქტიურობა და არცერთი ხმა „ნაცებს“

„ნაციონალურმა მოძრაობამ” მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად გაიხადა საუბარი იმ საფრთხეზე, რომელიც თითქოს “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ახლავს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კვაჭანტირაძის თქმით, აღნიშნულ თემას გარკვეულწილად პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების წარმომადგენლები აჰყვნენ და პოზიციების გარკვევა მიმდინარეობს.

„ამ ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ პარტიების სამომავლო პერსპექტივას და ადგილს.

თემა აქტიურად განიხილება მედიაში და სოციალურ ქსელშიც, თუმცა, ვერავინ ამბობს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მხრიდან კონკრეტულად რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საზოგადოებას და, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება რომ თავად ამ დაუსაბუთებელ საფრთხეებზე საუბრის კამპანიამ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში.

იმისი ალბათობა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კონსტიტუციაში ისეთ ცვლილებებს შეიტანს, რაც ხელისუფალს ძალაუფლების უზურპირების და ბოროტად გამოყენების საშუალებას მიცემს, რასაკვირველია, არსებობს! ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა სხვაგან და ჩვენთანაც მოხდა რამდენიმე წლის წინ.

სააკაშვილმა საკუთარი ძალაუფლების მუდმივად შენარჩუნების მიზნით ჯერ საკუთარ ტანზე მოირგო კონსტიტუცია, შემდეგ კი კვორუმი ⅔-დან ¾-მდე აწია, რათა ამ კონსტიტუციაში ცვლილებები ვეღარ შეეტანათ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები რომ აუცილებლად უნდა შევიდეს, ამის შესახებ, ფაქტობრივად, სრული თანხმობა არსებობს და რასაც დღესაც ადასტურებს ამ სფეროს ყველა სპეციალისტი. საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ დაპირებას, თუმცა, წინა მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლო ამის გაკეთება, რადგან არ ჰყავდა საკმარისი უმრავლესობა.

აქედან გამომდინარე, საქართველოში დღესაც სააკაშვილის მიერ დამახინჯებული კონსტიტუცია მოქმედებს და “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიაც იმას დამტკიცებას ცდილობს, რომ მასში ცვლილებების შეტანა მოქალაქეებს საფრთხეს უქადის, თუმცა, რა საფრთხეს, ამას არავინ ამბობს...

რასაკვირველია, ასეთი საფრთხე შეიძლება იყოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მაგრამ ამისთვის სულაც არ არის საჭირო კონსტიტუციაში კიდევ რაიმე დამატებითი ცვლილებების შეტანა, სააკაშვილმა ყველა ასეთი ცვლილება უკვე შეიტანა. თუ ხელისუფლებას მსგავსი სურვილი აღმოაჩნდა და მოქალაქეებმა ამისი ნება დავრთეთ, ავტორიტარიზმი მშვენივრად განხორციელდება სწორედ არსებული კონსტიტუციის პირობებში, რაც ხდებოდა კიდეც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.

ტრადიციისამებრ, ასეთ შემთხვევებში მთავარი სამიზნე და დარტყმის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი ხდება ხოლმე და ახლაც მთავარ მოწოდებად ისმის, რომ ივანიშვილს არ მივცეთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საშუალებაო, თუმცა, არავის მოუყვანია ოდნავ მაინც დამაჯერებელი არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება რაიმე ფორმით წაახალისოს იმგვარი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ავტორიტარული მმართველის შექმნას და ძალაუფლების უზურპაციას შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, მას უკვე აქვს ასეთი ტიპის ხელისუფლებასთან ჯერ თანამშრომლობის და შემდეგ მწვავე დაპირისპირების დიდი გამოცდილება...

კონკრეტულად ვერც იმას ამბობს ვინმე, რომ ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით აპირებს საკუთარი როლის და ადგილის დაკანონებას, მითუმეტეს, რომ მას მართვის არანაირი ფორმალური ბერკეტი არ გააჩნია.

ანუ ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციას საკუთარ თავზე ვერ მოირგებს.

ამგვარი საფრთხე არც პრემიერ-მინისტრიდან მომდინარეობს, ვინაიდან თეორიულადაც კი არ არის მოსალოდნელი კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანის მცდელობა, რაც მას ავტორიტარად გადააქცევდა და ეს ასეა არა მხოლოდ მისი პიროვნული თვისებების გამო (თუმცა, ასეთი მისწრაფება მას ნამდვილად არ ეტყობა), ამგვარ განზრახვას წინ აღუდგებოდა ძალიან ბევრი ვინმე, იგივე ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობა, რიგითი მოქალაქეები და ეს დაბრკოლება ნამდვილად არ იქნებოდა იოლად გადალახვადი.

ასე რომ, არაფერი მეტყველებს იმაზე, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების თავისუფლებას და დემოკრატიას. პირიქით, დღემდე პრობლემად სწორედ ის რჩება, რომ თუ ვინმე ძალაუფლების უზურპირებას მოინდომებს, მას ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე მეტად სააკაშვილის მიერ დატოვებული კონსტიტუცია გამოადგება და მსგავსი რისკებისგან დაზღვეულები რომ ვიყოთ, ჩვენს კონსტიტუციაში საჭიროა ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც ძალაუფლებას დააბალანსებს.

ჩვენ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კონსტიტუციას შეცვლის საფრთხე კი არ გვემუქრება, არამედ მთავარი საფრთხე ის არის, რომ “ოცნებამ” საკმარისი უმრავლესობა ვერ შეიყვანოს და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ვერ შეძლოს.

ისიც გასათვალისწინებელია, თუ ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოგროვდა, ეს კიდევ უფრო ვეღარ მოხერხდება შემდგომი მოწვევის პარლამენტებში და, შესაბამისად, სახელმწიფოს მოუწევს ცხოვრება იმ კონსტიტუციით, რომელიც ძალიან შორს არის სრულყოფისგან და რასაც ყველა ამ დარგის სპეციალისტი აღიარებს.

აქედან გამომდინარე, ამ საკითხით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები წესით ყოველდღე უნდა შევახსენებდეთ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ და ამ ვითარებაში სხვადასხვა ტიპის მოწოდებები მეორე ტურში ნაციონალების კანდიდატების მხარდაჭერის შესახებ, ვითომდა დემოკრატიის დასაცავად, რასაკვირველია, ისევ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ნაწილად რჩება და მიზნად ისახავს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს კონსტიტუციის შესაცვლელად აუცილებელი ხმების მოგროვება “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერის გარეშე.

ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობიდან მომდინარე საფრთხის თემა დღეს ააგორა სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც, თავის დროზე, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოიყენა და ავტორიტარულ მმართველობას მოარგო კონსტიტუცია,

ამ კამპანიით იმის მიღწევას ცდილობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდეს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერის გარეშე, ანუ კონსტიტუციის გასაღები “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ედოს ჯიბეში, რაც მას საშუალებას მიცემს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ევაჭროს ხელისუფლებას და ოპოზიციის უპირობო ლიდერის და გამაერთიანებლის როლი შეიძინოს, რაც ახალი პოლიტიკური სიცოცხლის პერსპექტივას უხსნის.

ასე რომ, საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით აგორებული კამპანიის მთავარი თემა სინამდვილეში არის ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” გადასარჩენად და სწორედ ამიტომ, პარტიებმაც და ამომრჩევლებმაც მეორე ტურის არჩევანი საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უნდა მოახდინონ და ამ არჩევანით იპოვონ საკუთარი ადგილი."

"ქართული ოცნების " ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს , ასევე ჩემს სხვა მეგობრებსაც გთხოვთ აქტიურად გაავრცელოთ , გააზიაროთ ჩვენი ეს საერთო მესიჯი . ნუ მივცემთ ნაცებს და მათ საბოლოოდ ლუსტრირებულ თანამოაზრეებს ჩვენი გაბითურების და მოტყუების შანსს!

ჩვენს წინ საქართველოს მომავალი დგას!

მეორე ტურში ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალური აქტიურობა და არცერთი ხმა ნაცებს!!!“,-წერს კვაჭანტირაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics