|
2016-10-13 14:11:40, 1229 ნახვა
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მარცხი დასავლური კურსის მარცხს არ ნიშნავს
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, დღეს საგარეო ვექტორის საკითხი არ დგას და მოსახლეობა პრორუსულობაზე ორიენტირებული არ არის. როგორც საყვარელიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს მოსახლეობა პატრიოტული განწყობის მქონე პარტიების დეფიციტს განიცდის, რის გამოც შედარებით დაბალი პარტიებიდან მათ მხარი „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭირეს. ამიტომ, საყვარელიძე ფიქრობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინ წამოწევა, პრორუსულ, ან დასავლეთის კურსზე უარის თქმას არ ნიშნავს. მისივე შეფასებით, მოსახლეობაში დასავლურ კურსზე უარის თქმის განწყობა რომ ყოფილიყო, მაშინ წინა პლანზე ბურჯანაძის პარტია წამოიწევდა: „რუსეთის პოზიცია ახალი არ არის. არჩევნების შემდეგ ერთ ორ ადგილას გაიჟღერა მაგ პოზიციამ და ვვარაუდობ, რომ ეს უფრო იმის ასახვაა, რაც მათ სურთ, ვიდრე ობიექტური რეალობის. მელას რაც ელანდებოდა, ის ეჩვენებოდაო. იმიტომ, რომ პრორუსული პოზიციისთვის კიდევ უფრო სასურველი და მკვეთრად გამოხატული იქნებოდა ბურჯანაძის პოზიცია, რომ არც ერთ ბლოკში არ შევიდეთ, მაგრამ მოსახლეობის ინტერესი ამ პოზიციამ არ გამოიწვია. ისე რომ, მოსახლეობა ორიენტირებული პრორუსულობაზე არ არის. საგარეო ვექტორის საკითხი არ დგას. მოსახლეობა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ აქვს პატრიოტული განწყობის მქონე პარტიის დეფიციტი. ხშირ შემთხვევაში, ამის არგუმენტი არის ხოლმე, რომ ხელყოფა ხდება კულტურული ძეგლების, ქალაქის იერის და ა.შ. ამდენად, მეტი ყურადღება მიაქცია იმ პარტიას, რომელსაც პატრიოტიზმი წინა პლანზე აქვს წამოწეული, ანუ „პატრიოტთა ალიანსს“. ამდენად, „პატრიოტთა ალიანსის“ წინ წამოწევა, პრორუსულ, ან დასავლეთის კურსზე უარის თქმას არ ნიშნავს, რადგან დასავლურ კურსზე უარის თქმის განწყობილება რომ ყოფილიყო, მაშინ ბურჯანაძის პარტია უნდა წამოწეულიყო წინ და უკანა პლანზე წასულიყო სხვა პარტიები“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ და აქვე დასძინა, რომ „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებზე“ მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პარტიების თქმა, მხოლოდ შაბლონია, რომელსაც ქართული ჟურნალისტიკაც იმეორებს. ამასთან, რამაზ საყვარელიძის თქმით, ძალიან ცოტაა არგუმენტი იმისა, რომ მაგალითად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური არ არის. „თუკი გამოვალთ იქიდან, რომ საქართველოში, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანაში, ამომრჩევლისთვის მთავარია შიდა პოლიტიკა და არა საგარეო პოლიტიკა, უნდა ვივარაუდოთ, რომ „რესპუბლიკელების“ და „დემოკრატების“ მარცხი სწორედ იმან განაპირობა, რომ აქცენტს აკეთებდნენ საგარეო კურსზე, რაც ნაკლებად აღელვებს მოსახლეობას და საშინაო პოლიტიკაში გაურკვეველი იყო, რას სთავაზობდნენ ახალს. ასე რომ, მათი მარცხიც ასევე დასავლური კურსის მარცხს არ ნიშნავს. შაბლონს იმიტომ ვამბობ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, იმეორებს ამ შაბლონს, ქართული ჟურნალისტიკაც იმეორებს, რომ აი, პროდასავლური კურსი შეიძლება დასუსტდეს იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიები არ მოხვდნენ. ეს ის პარტიებია-„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“, რომლებიც ხელისუფლებაში არასდროს ყოფილან, „რესპუბლიკელებიც“ და „თავისუფალი დემოკრატებიც“ მხოლოდ რომელიღაც პარტიის ფარგლებში იყვნენ. ანუ, სხვა პარტიებს მიწებებულები მიდიოდნენ ხელისუფლებასთან ახლოს. ძალიან ცოტაა არგუმენტი იმისა, რომ მაგალითად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური არ არის. გაიხსენეთ, რა მოვლენები მოხდა და რამდენად მიუახლოვდა დასავლურ ამოცანებს- გინდ უვიზო მიმოსვლა, გინდ ნატო-სთან სიახლოვე, ის ხელისუფლება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. ამიტომ, საიდან მოდის ეს ფრაზა, რომ პროდასავლური კურსი შეიძლება შეიცვალოს?! ისევ პოლიტიკური კონიუქტურიდან ხომ არა. სავარაუდოა, როდესაც ასეთ ფრაზას ერთდროულად ატრიალებს ქართული ოპოზციის რიგი ნაწილი და რუსული სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენელი, ისინი ერთი და იგივე წისქვილზე ასხამენ წყალს. კერძოდ- რუსულ წისქვილზე“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. საყვარელიძე არ ეთანხმება ექსპერტ კორნელი კაკაჩიას მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციურ უმრავლესობას მიიღებს, დასავლური კურსის ცვლილების მიმართულებით რისკები იზრდება. თუმცა, კაკაჩია იმასაც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის პოლიტიკური ძალების ნაწილი, რომლისთვისაც რუსული ვექტორი მიუღებელია. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კორნელი კაკაჩიას ხშირად დაუკავებია ის პოზიცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმიანება: „ნება მომეცით, კორნელი კაკაჩიას არ დავეთანხმო, მითუმეტეს, რომ კორნელი კაკაჩიას ხშირად დაუკავებია ის პოზიცია, რომელიც ეხმიანება „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია, რომ სურათი წარმოადგინოს მასე.თქვეს კიდეც ბოლოხანებში, რომ ერთადერთი პროდასავლური ოპოზიციური ძალა ვართ ჩვენ. ხელისუფლება პროდასავლური არისო ეს რომ თქვას, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ნიშას კარგავს და ვერ დაიტრაბახებს ვერაფრით, რადგან შიდა პოლიტიკაში ციხეებში ჩასმა იყო მაგათი ხაზი და მხოლოდ საგარეო პოლიტიკა რჩება მათი არგუმენტი. საგარეო პოლიტიკაში ოდნავ დაკვირვებული თუ იქნება ვინმე, მათ შორის ექსპერტი, ნახავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი რუსული ინტერესებით გააკეთა. 2008 წლის ომი ამის ყველაზე კარგი დადასტურებაა“,-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ. შექმნილ ვითარებაში, როცა არჩევნების შედეგების შემდეგ, რუსი დეპუტატები საქართველოსთან საპარლამენტო კავშირების აღდგენაზე ალაპარაკდნენ, ხომ არ შეეცდება რუსეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის რაიმე სატყუარა გადმოაგდოს, მაგალითად, სავიზო რეჟიმი გააუქმოს? აღნიშნულ კითხვაზე საყვარელიძე პასუხობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ინიციატივები ახალი არ არის. ანუ, რამაზ საყვარელიძის მტკიცებით, ამ ტიპის ინიციატივები რუსეთისგან მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება: „ვიზის თემა არც ახალი არ არის, ძველია.არაერთხელ აღინიშნა, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე, მაღალი დონის შეხვედრაზე რუსეთი თანახმაა. ახლა საპარლამენტო კონტაქტებზე წამოვიდა. ანუ, ამ ტიპის ინიციატივები რუსეთის მხრიდან მხოლოდ ამ არჩევნებთან არ არის დაკავშირებული. ადრეც იყო ასეთი ინიციატივები, უბრალოდ საქართველო ყოველთვის აყენებდა იმ პირობას, რომ მაგიდასთან დაჯდომა უაზრობაა, თუ არ დადგება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, და ამაზე უარს ამბობს რუსეთი, რადგან აღიარა ეს ტერიტორიები და, ფაქტობრივად, ყველა ასეთი ინიციატივა იკეტება. ასე რომ, ამ ინიციატივების ბედ-იღბალი დამოკიდებულია სწორედ იმაზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში ქართული პოლიტიკური ელიტა დამთმობი იქნება, თუ არა. თუ იქნება დამთმობი, შემდეგ რუსეთი კონტაქტებს გააბამს და დიპლომატიურ ურთიერთობასაც აღადგენს, მაგრამ თუ არ იქნება დამთმობი, მაშინ ასეთ ინიციატივებს აზრი არ აქვს, ისინი განწირულია შეჩერებისთვის. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არც „ქართული ოცნება“ როგორც ვხედავთ, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „პატრიოტთა ალიანსი“, ეს სამეული, რომელიც დღეს იქნება სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი, არ აპირებენ ურთიერთობას ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის ხარჯზე. ისინი რომ ამას აპირებდნენ, აქამდე გაკეთდებოდა. ამ საკითხში კომპრომისს არც ერთი მხარე არ აპირებს,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ცნობისთვის, საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირების აღდგენაზე ალაპარაკდნენ. რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი არ სურს. რუსული გამოცემა „Аргументы и Факты“- ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი კი ამბობს, რ ომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი „პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)