2015-03-16 16:14:10, 680 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერის ინიციატივით, რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამა იწყება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამა იწყება.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ახალციხეში პროექტ „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე განაცახდა.
ღარიბაშვილის თქმით, პროექტი რეგიონების ეკონომიკურ აღმავლობაზე, ქალაქების გამოცოცხლებაზე, საწარმოების ამუშავებაზე და მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები და არსებობს დეტალური სურათი, რა არის საჭირო თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობა,მეწარმეობა და ტურიზმი.
„რეგიონში არსებობს ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად და ამ მხრივაც საინტერესო არჩევანი არსებობს ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით. მაგალითისთვის, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალციხის მაუდ-კამვოლის საწარმო, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა აღდგენა და ამუშავება, რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება. მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და გამორჩეულ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე, რაც ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
მისივე თქმით, ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება გამოაცოცხლებს რეგიონს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, შეიტანოთ წვლილი რეგიონის გაძლიერებაში, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების წინაპირობა. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი შესაძლებლობების და მჯერა, გექნებათ უამრავი ინიციატივა, რომელსაც განახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით, იქნება ეს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, გზა, წყალი, განათება თუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურა. გექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავიწყოთ რეალური ცვლილებები რეგიონებში. თუ ჩვენ არ განვავითარეთ რეგიონები, მხოლოდ ქალაქების განვითარება რეალურ შედეგებს არ მოიტანს“,-დასძინა ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან