|
2016-09-23 10:26:29, 735 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი ივანიშვილისთვის და კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილს ასაჯაროვებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის და გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროვებს. როგორც უსუფაშვილი ამბობს, მაშინ, როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მას ბრალი დასდეს არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებაში და ცუდ პარტნიორობაში. "მე განვმარტე საქმის ჭეშმარიტი ვითარება. ჩემს განმარტებას სიცრუე უწოდეს, წინა ბრალდებებს ესეც მიამატეს და ყოველდღე იმეორებენ. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ყველას, შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები და გველაპარაკა პოლიტიკურად. არ ვაპირებ იმიტომ რომ, არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს რაშია საქმე და სადაა სიმართლე!",-ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ოფიცალურ გვერდზე გამოქვეყნდა. უსუფაშვილის განმარტებით, დოკუმენტი, რომელიც გაასაჯაროვა ნათლად მეტყველებს, ვინ აზროვნებდა სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, კოალიციაზე, ჩვენს მიერ ერთად გაკეთებული საქმის გაფრთხილებაზე, ცივილიზებულ ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე... "დიახ, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება არაფერს არ რგებს საქმეს და ქვეყანას. მაგრამ თუ მას „პინგ-პონგი“ არ მოსწონს, მე კიდევ „ცალ კარში“ თამაში არ მხიბლავს... მე არ ვაქვეყნებ პირად წერილს. მე არ ვასაჯაროებ სახელმწიფო საიდუმლოს. მე ვაქვეყნებ იმ წერილს, რომელშიც ჩვენი დღევანდელობისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფაქტებზეა საუბარი. საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ, იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა",-წერს უსუფაშვილი. ბიძინა ივანიშვილისთვის და გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილი წერილი ასეთია: "ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი, ალბათ მოგაბეზრეთ კიდეც თავი ჩემი პრობლემური წერილებით, მაგრამ მაინც გწერთ და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვაჭარბებ პრობლემის დასმაში... ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1 სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“, ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც. მრავალი მიზეზის გამო პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც. ბუნებრივია, საარჩევნოდ გადაწყობის პროცესი უნდა დალოდებოდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. გაჩნდა იმის შანსიც, რომ სწორედ ახალი პრემიერის პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას დამთხვეოდა კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც. განვლილ ორთვენახევარში პრემიერის თითქმის მთელი დრო და ენერგია წაიღო უღრესად საშურმა სამთავრობო საქმეებმა. პარალელურად კოალიციის დამფუძნებელმა გადაწყვიტა კოალიციურ-პოლიტიკურ-საარჩევნო საქმეებიდან მაქსიმალური დისტანცირება. შედეგად მივიღეთ გარკვეული ვაკუუმი კოალიციის პოლიტიკურ მენეჯმენტში და მიმდინარე პოლიტიკური პროცესიც და კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც წარიმართა ძირითადად თვითდინებით, სხვადასხვა მხრიდან წამოსული თვითდამაზიანებელი ინდივიდუალური ინიციატივებით და კონტრ-ინიციატივებით. ეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე სწორედ კონსოლიდაცია, დისციპლინა და მონოლითურ გუნდად წარმოჩენაა გადამწყვეტი მნიშვნელობის ამოცანა. დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი შეფასებით, ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან და ყოველდღე შეიძლება მივიღოთ ახალ-ახალი უკიდურესად დამაზარალებელი სიურპრიზები სხვადასხვა მხრიდან. გარკვეული გაგებით, დღეს მე ვეღარც მართალს ვხედავ ვინმეს და ვეღარც მტყუანს. ეს ის ვითარებაა, როცა ყველას თავისი სიმართლე აქვს, იმიტომ, რომ ერთიანი გუნდის განცდა მინიმუმის ნიშნულზეა და „ყველა თავისას ცდილობს, რას ერჩი“... (სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უნებურად სწორი ტაქტიკა გამოვიდეს - არჩევნებამდე დარჩენილი დროის ცაიტნოტის და „ფუტკრის აშლილი სკის“ სინდრომის ერთობლიობამ შესაძლოა სწრაფ და ეფექტურ დალაგებამდე მიგვიყვანოს...) ასეა თუ ისეა, 6-7 თვის დაგვიანებით, სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ნომერი პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. ცხადია, ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეწყვიტოთ კოლექტიური კოალიციური თვითდაზიანების პროცესი. საკითხს მრავალი სასწრაფოდ მოსაგვარებელი ასპექტი აქვს („ქართული ოცნების“ შიდა პარტიული რეფორმა, კოალიციის დღევანდელ თუ მომავალ პარტნიორებთან მიმართება, საარჩევნო შტაბი, კანდიდატები და ა.შ), მაგრამ ამ ეტაპზე მე მათზე ერთნაირი დოზით ვერ მექნება ვერც მოსაზრებები და ვერც ინიციატივები. მაგრამ ერთ კონკრეტულ ასპექტზე - „რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე - ვალდებული ვარ დაუყოვნებლივ მოგმართოთ: თუ ძალაშია შარშან აპრილში კოალიციის დამფუძნებელთან მიღწეული ზოგადი შეთანხმება, რომელიც დადასტურებული იქნა კოალიციის ლიდერის მიერ ერთი კვირის წინ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯარო აჟიოტაჟის გარეშე დავაკონკრეტოთ რას და როგორ ვგეგმავთ. მე პირადად ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელ სურვილში, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა, მაგრამ დღეს სხვა ინტერესების მქონე მოთამაშეები უფრო ქმნიან ამინდს. მაგალითად, ერთი კვირის წინ პრემიერთან შეხვედრისას შეჯერებული გეგმა და მესიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შემდეგ დღეებში სხვების აქტიურობით პრაქტიკულად გაშარჟდა... ვხედავ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთენახმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც „ოცნება“ და არც „რესპები“ არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხ-წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ეხლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილური გაყრისკენ. ორივეს უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ... თუ საჭირო გავხდი, შაბათს და კვირას თქვენს განკარგულებაში ვარ"
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)