2016-09-17 21:05:11, 676 ნახვა
პოლიტიკა
„ქართველი ერის თავდადებამ საქართველო რეგიონის გამორჩეულ ქვეყნად და აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად აქცია“
ქართველი ერის თავდადებამ საქართველო რეგიონის გამორჩეულ ქვეყნად და აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად აქცია, ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
როგორც ის აცხადებს, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედიაგარემოში ჩატარებაზე.
„საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედიაგარემოში ჩატარებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების იმპლემენტაციის სფეროში პროგრესის შენარჩუნება საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით ეხება მართლმსაჯულების სფეროს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებას და დაარწმუნებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ხელისუფლება მათთვის მუშაობს. პროგრესი სირთულეების გარეშე არ მიღწეულა, თუმცა ქართველი ერის თავდადებამ საქართველო აქცია რეგიონის გამორჩეულ ქვეყნად და აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა და ხაზი გავუსვა ახლო პარტნიორობის გაგრძელების მნიშვნელობას“,-აცხადებს ჯინ შაჰინი.
განცხადებაში სენატორი საქართველოს იმ შთამბეჭდავ პროგრესს ულოცავს, რომელსაც ქვეყანამ ეკონომიკის და დემოკრატიის მხრივ მიაღწია. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხვედრითი წილი NATO-ს ყველა სხვა არაწევრ სახელმწიფოზე მაღალია.
„მე მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. მინდა, მივულოცო ქართველებს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც მიაღწიეს დემოკრატიისა და ეკონომიკის მხრივ. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საქართველოსთან არსებული მყარი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში. ამ ქვეყნის შეაიაღებული ძალები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ - მათ შორის ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ხვედრითი წილი NATO-ს ყველა სხვა არაწევრი სახელმწიფოსაზე მაღალია“,-ამბობს ამერიკელი სენატორი.
მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. იგი ეხმარება საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროპულ ინსტიტუტებთან სრულ ინტეგრაციას.
„მნიშვნელოვანი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში განვითარებას განაგრძობს. ჩვენს შორის არსებული ორმხრივი პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება მიმდინარე ერთობლივი რეგიონალური ღონისძიებების, მათ შორის თავდაცვის შესახებ ივლისში ხელმოწერილი ხელშეკრულების მეშვეობით. ერთობლივი უსაფრთხოების განმტკიცების, საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და მსოფლიო უშიშროების უზრუნველსაყოფად, აშშ და საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამ თვალსაზრისით, მე გამოვთქვამ შეშფოთებას იმის გამო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. აშშ უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. იგი ეხმარება საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროპულ ინსტიტუტებთან სრულ ინტეგრაციას“,-წერია ამერიკელი სენატორის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან