|
2015-03-11 15:30:02, 333 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: უმცირესობის ამოცანაა საკითხის საგანგაშო რეჟიმში განხილვა და ამ განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა
„საპარლამენტო უმცირესობის მთავარი ამოცანაა, არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგებო, საგანგაშო რეჟიმში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტიტუტია და მისი სწორად გამოყენება და სწორად გააზრება არის უკიდურესად აუცილებელი. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტების, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის ქმედებებიდან სრულიად აშკარად ირკვევა, რომ მათი მთავარი ამოცანაა არა თავისთავად შემოთავაზებული საკითხის განხილვა და ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგებო, საგანგაშო რეჟიმში ეს ერთი. მეორე, საკითხის განხილვაში პრეზიდენტის ჩართვის უზრუნველყოფა და მესამე ამ საკითხის თაობაზე დებატებით, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მედია სივრცის გაჯერება. ეს სამი მთავარი დასკვნა, რაც მე გამოვიტანე ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან, ემყარება ძალიან კონკრეტულ ფაქტებს და ეს ფაქტები სხვა ვერაფერით აიხსნება, თუ არა უმცირესობის აღნიშნული სურვილით. იყოს საგანგაშო მდგომარეობა, პრეზიდენტიც ჩაერთოს ამ საგანგაშო ამბებში და რაც შეიძლება დიდხანს ვილაპარაკოთ განგაშზე და უბედურებაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. უსუფაშვილმა ამის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტი დაასახელა. „ფაქტი ნომერი პირველი - პარლამენტის პლენარული სხდომები მიმდინარეობდა 16-21 თებერვლის კვირის განმავლობაში. აღნიშნული საკითხი ამ კვირის განმავლობაში არავის დაუსვია. ამ საკითხის დასმა შეეძლოთ ბიუროზეც და პარლამენტის სხდომაზეც. დასრულდა თუ არა სასესიო კვირა, უმცირესობამ მიმართა პრეზიდენტს სხდომის დანიშვნის მოთხოვნით. 28 თებერვალს დანიშნული სხდომა ვერ შედგა საგანგებო რეჟიმში, თუმცა შედგა სხდომები მორიგ კვირაში, 2-7 მარტს იყო სასესიო კვირა. მაშინაც არავის დაუსვია ეს საკითხი განსახილველად. დასრულდა თუ არა პლენარული სხდომების კვირა, მეორე დღესვე დაიწყეს საუბარი რომ რიგგარეშე სხდომისთვის პრეზიდენტისთვის უნდა მიემართათ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)