2015-03-11 13:58:12, 584 ნახვა
საზოგადოება
"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ახალი პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ახალი პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბანკო და ბიზნესსექტორი.
"მაცნეს" ახალი პროდუქტები სტუმრებს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ წარუდგინა.მისი თქმით, უწყებამ რებრენდინგი განახორციელა, შეიცვალა ლოგო და შეიქმნა ახალი ბრენდ პლატფორმა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს საქმიანობას სრულად ასახავს.
შეიცვალა ვებგვერდი WWW.MATSNE.GOV.GE როგორც პროგრამულად, ასევე ვიზუალურად. საიტს ინტერაქტიური გამოკითხვისა და დოკუმენტების შედარების ფუნქციები დაემატა, რაც მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანი სიახლეა.ვებგვერდი ვიზიტორებს გამოკითხვაში მონაწილეობას სთავაზობს.მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომელთა ინგლისურ ენაზე თარგმანასაც "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" გეგმავს.
მომხმარებელი თავად აირჩევს, რომელი თარგმანი უნდა შესრულდეს პირველ რიგში.ნორმატიული აქტი, რომელიც ხმების უმრავლესობას დააგროვებს, მთარგმნელობით ცენტრს გადაეცემა.საიტზე კი დაიდება ვადები, თუ როდის დასრულდება მუშაობა დოკუმენტის თარგმანზე."საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" მომხარებელს შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს პროცესს და სამუშაოს შესრულების ვადები გააკონტროლოს.რაც შეეხება უკვე ნათარგმნ ნორმატიულ აქტებს, 97 დოკუმენტის ინგლისურენოვანი ვერსია დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
კიდევ ერთი სიახლე, რასაც "საქართველოს საკნონმდებლო მაცნე" მოხმარებელს შესთავაზებს, ორი კონსოლიდირებული დოკუმენტის შედარებაა, 2 ფანჯარაში გახსნილი დოკუმენტების პარალელურად დათვალიერების შესაძლებლობა, რის საშუალებასაც ვებგვერდი იძლევა, მნიშვნელოვნად აადვილებს დოკუმენტებზე მუშაობის პროცესს.
საიტის კიდევ ერთი სიახლე ონლაინკონსულტაციაა. სულ მალე მომხმარებელს შეეძლება დაუკავშირდეს ოპერატორს და მისთვის საინტერესო საკითხზე ინფორმაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში ონლაინჩატში მიიღოს.
"გასული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილებები იქნა დაგეგმილი "საკანონმდებლო მაცნეში", რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ეს გაუადვილებს ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას, რომ გაეცნოს კანონმდებლობას, ისარგებლოს იმ შესაძლებლობით, რომელიც, ზოგადად, სასურველია, რომ მიეწოდებოდეს მოქალაქეებს. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს იმ თვალსაზრისითაც, რომ ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების კუთხით პროცესების განვითარებას და სხვა. ყველა ეს პროცესი, ყველა ეს პროგრესი, რომელიც ინერგება ამ სსიპ-ში, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ყურადღებას იმსახურებს",-განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" ბეჭდვითი ორგანოა, რომელიც 1998 წელს დაარსდა და 2010 წლის ჩათვლით, ბეჭდური სახით გამოიცემოდა. 2011 წლიდან ის მომხმარებელს ყველასათვის ხელმისაწვდომ დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალურ ვებგვერდს-matsne.gov.ge-ს სთავაზობს, სადაც მოქალაქეს შეუძლია იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სწორედ matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან