00:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:00:38, 2116 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: არიან ევროპული ქვეყნები, რომლებიც ნატო-ში არ შესულან და არც დაღუპულან (ინტერვიუ)

„ჩვენს მიწა-წყალს აუცილებლად დავიბრუნებთ, თუმცა, ამას ქვემეხებით ვერ მოვახერხებთ. აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ყველაზე სასურველი პრინციპი, სწორედაც რომ განვითარებული ეკონომიკაა“, - ამის შესახებ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, საქართველო ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა უნდა გახდეს და არავის უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ რუსეთში ან სხვა ქვეყანაში წავიდეს.

რას მიიჩნევს ზურაბ ტყემალაძე 4-წლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად, როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში სტაბილურობა, რა იქნება წინასაარჩევნოდ „მრეწველების“ მთავარი მესიჯი - ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც "ექსპრესნიუსი" "მრეწველებისერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და თქვენი აზრით, ხომ არ განმეორდება კორცხელის მგსავსი ინციდენტი?

- მე უკვე 20 წელიწადია პოლიტიკაში ვარ და წინასაარჩევნოდ ასეთი მშვიდი გარემო არ მახსოვს. ხელისუფლება, რომელიც მოვალეა, რომ მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაატაროს არჩევნები, ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს. რაც შეეხება კორცხელს, რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ყველა დამნაშავე დაისჯება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯობს ის ინციდენტები გაიხსენოს, რასაც თუნდაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახდენდა.

თქვენ თითქმის 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იმყოფებოდით. რას თვლით მმართველი გუნდის ყველაზე დიდ მიღწევად და რა იყო მთავარი შეცდომა?

- 4-წლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლებას დიდი შეცდომა არ დაუშვია. რაც შეეხება დიდ მიღწევებს - ასეთი ძალიან ბევრი იყო. თუნდაც, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, დღეს აღარ ხდება ისეთი უსამართლობა, რასაც წინა ხელისუფლების დროს ქონდა ადგილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, სამართლიანობა აღდგა. გარდა ამისა, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ ჯანდაცვის სფეროში. ადამიანს არ ქონდა საშუალება ემკურნალა. დღეს კი, მეტ-ნაკლებად ყველას აქვს საშუალება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლოს. ბევრი რამ გაკეთდა პრესისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხის ასამაღლებლად. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს ოთხ ტელეარხს შეეძლო ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობა - „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და გარკვეულწილად, „მაესტროს“. დღეს 40-ზე მეტი სატელევიზიო არხია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. ჩვენი მმართველობის დროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დონე მკვეთრად გაიზარდა. გახსოვთ, ალბათ, წინა ხელისუფლების დროს, პროკურორის მოთხოვნა 99%-ით კმაყოფილდებოდა.

რა იქნება „მრეწველების“ მთავარი მესიჯი არჩევნების წინ და რას პირდებით ამომრჩეველს?

- „მრეწველების“ მთავარი წინასაარჩევნო მესიჯი იქნება ის, რომ ქვეყანაში კეთილდღეობამ დაისადგუროს. რაც მთავარია, ქვეყანაში ეკონომიკა უფრო მეტად უნდა განვითარდეს. სამომავლო წარმოება, ეს ის ბერკეტია, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლს ითამაშებს. გარდა ამისა, ამით ქვეყანაში შეიცვლება ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ეროვნული წარმოება, ეროვნული იდეოლოგია და ეროვნული თვითმყოფადობა არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ჩვენი მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა იმიტომ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა იყოს. რაც მთავარია, ეროვნული წარმოების განვითრებით, საშუალო ფენა შეიქმნება. როდესაც წარმოებაზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ მძიმე მრეწველობა არ იგულისხმება. თეატრი, კინო, პრესა და ა.შ. ყველა საკუთარ პროდუქტს ქმნის და შემდგომ მოსახლეობაში ამის რეალიზება ხდება. 1995 წელს ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო 1999 წლიდან უკვე როგორც პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიმართული იყო იქითკენ, რომ  ქვეყანაში წარმოება განვითარებულიყო. მხოლოდ მრეწველობა კი არა - სოფლის მეურნეობა, მწერლობა, კულტურა და ზოგადად, ყველა სფეროს განვითარება გადაარჩენს ქვეყანას. როდესაც იმპორტი ჭარბობს ექსპორტს, ეს ნიშნავს, რომ არა ადგილობრივს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასაქმებთ. ექსპერერტები ცალსახად ამტკიცებენ უკვე, რომ თუ ქვეყანაში არ არის ეკონომიკა ინდუსტრიალიზებული, იმ ქვეყნებში ბევრად უფრო ნაკლებად განვითარებული ეკონომიკაა. თუნდაც ის, რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიები დაკარგული და ჩვენს მიწა-წყალს აუცილებლად დავიბრუნებთ. თუმცა, ამას ქვემეხებით ვერ მოვახერხებთ. იქ ჩვენი ძმები - აფხაზები და ოსები ცხოვრობენ. მათთან შერიგების ყველაზე სასურველი პრინციპი, სწორედაც რომ განვითარებული ეკონომიკაა. ამ კუთხით საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს და სურვილი არავის გაუჩნდეს, რომ რუსეთისკენ ან სხვა ქვეყნისკენ მოუნდეთ წასვლა.

თქვენი ოპონენტები გამუდმებით საუბრობენ ხელისუფლების მიერ გაცემული ხელფასებისა და პრემიების ასტრონომიულ რაოდენობაზე. როგორ უპასუხებდით მათ?

- როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში მოვიდა, მათ ხელფასები გააოცდაათმაგეს. მაშინ მინისტრების ხელფასი 200-300 ლარი იყო და შემდეგ 4000-5000 ლარამდე გაიზრდა. ეს სწორი საქციელია, რადგან არ შეიძლება ჩინოვნიკი ფინანსურად უზრუნველყოფილი არ იყოს. სწორედ ამან გამოიწვია კორუფციის დონის მკვეთრად შემცირება. როდესაც ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაზე ვსაუბრობთ, პარალელურად პენიონერების, სოციალურად დაუცველთა და ა.შ. შემოსავალიც უნდა მატულობდეს. გულახდილად რომ ვთქვა, ამ მიმართულებით ჩამორჩენა გვაქვს. ჩვენი პროგრამა და იდეოლოგია სწორედ სამუშაო ადგილების შექმნასა და საშუალო ფენის შექმნას გულისხმობს. ახლა არიან მდიდრები და ღარიბები. სწორედ ეკონომიკის განვითარებით უნდა მოხდეს ამ ფენის შექმნა. რიცხვები, მათემატიკა ისეთია, რომ გააჩნია საიდან დაინახავ. ერთი მხრიდან მზარდია, ხოლო მეორედან კლებადი. მთელი რიგი ორგანოები თვითმმართველობიდან ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავიდნენ და სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული ხელფასებისა და დანამატების რიცხვები. საერთო ჯამში, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, დაახლოებით 15%-იანი მატებაა ხელფასებისა და დანამატების მხრივ.

ხელისუფლების მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. ახლახანს სამტრედიის რაიონ სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციელისგან ზეწოლის შედეგად თავი მოიკლა. თქვენი აზრით, აღდგა სამართლიანობა და დანგრეულია თუ არა სისტემა?

- დემურ სტურუას შემთხვევაში საშინელი ფაქტი მოხდა. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ფაქტები იყო წახალისებული, დღეს უკვე დაგმობილია. სტურუას თვითმკლებიდან ძალიან მალე საქმე გამოძებულ იქნა და დამნაშავე პასუხისგებაში მიეცა. იქ, როგორც ჩანს, ეს სისტემა მოქმედებდა და ყველა უნდა დაისაჯოს. მართალია, ის მიიმალა, მაგრამ აუცილებლად დაისჯება. თუმცა, სამწუხარო ინციდენტი მოხდა, მაგრამ ამ ფაქტზე მწვავე რეაქციაა. თუმცა, მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, რომ კრიმინალი არ ხდებოდეს. სამართლიანობის აღდგენა ისაა, რომ დღეს კი რაღაც ხდება, მაგრამ 2012 წლამდე არსებულ სიტუაციასთან შედარებაც არაა. 35 000-მდე პატიმარი გყვავდა და დღეს 7 000-მდე შემცირდა ეს რიცხვი. დემოკრატიული თვალსაზრისით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

დღეს როდესაც ასეთი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციაა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, როგორ უნდა შეინარჩუნოს ქვეყანამ სტაბილურობა?

- როდესაც საუბარია, რომ კოალიციაში სხვადასხვა იდეოლოგიის მომხრე პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ. ჩვენი კოალიცია ამ მხრივ ძალიან ჭრელი იყო.  თუ თანამშრომლობაზეა საუბარი, „მრეწველებისთვის“ ლიბერალური ფრთა, მათი პოლიტიკა და ეკონომიკა მიუღებელია. ჩვენთვის ერთსექსიანთა ქორწინება დაუშვებელია. ლგბტ პირები საქართველოში ყოველთვის იყვნენ და მათი უფლებები არასდროს შელახულა. ბევრი ასეთი ადამიანი იყო საქართველოში, მათ დღემდე ვეთაყვანებით და ორიენტაცია არ იყოს ამ ყველაფრის განმსაზღვრელი. თუმცა, ლგბტ პირების მიერ დემონტრაციების ჩატარება მიუღებელია. აკეთე შენთვის რაც გინდა, მაგრამ ნუ გამაღიზიანებ. ისევე, როგორც მე თავს ჩემი ქმედება არ უნდა მოგახვიო. ჩემი გაგებით, მან უკუღმართი აგიტაცია არ უნდა მოასმენინოს ბავშვებს. იგივე ნატო რომ ავიღოთ, მან ფუნქცია დაკარგა. გამოდის, რომ დღეს ეს გაერთიანება რუსეთის საპირწონეა.  სწორედ ამის მსხვერპლი ვართ ჩვენ. ნატო-ს სამიტების წინ ყოველთვის გვაქვს მოლოდინები, მაგრამ ყველა ძლიერი ქვეყნის მეთაური ამბობს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ნატო-ში ვერ მიიღებს. იმიტომ, რომ არ გვინდა თავად თქვენ შეგექმნათ პრობლემები. ჯერ საჭიროა რუსეთთან ურთიერთიერთობის დალაგება. ჩვენთვის მიუღებელია არსებული საზღვრებით ან უსაფრთხოების გარანტიის გარეშე ნატო-ში გაერთიანება. ჩვენ ვართ ძირძველი ევროპელები და გვინდა ევროპის შემადგენელი ნაწილი ვიყოთ. თუმცა, არიან ევროპული ქვეყნები, რომლებიც ნატო-ში არ შესულან და არც დაღუპულან. კონსტიტუციაში არ უნდა ჩავწეროთ არც უბლოკო სტატუსი და არც ევროატლანტიკურ გაერთიანებისკენ მისწრაფება. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებით უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ჩვენ მრეწველბი ვამბობთ, რომ საქართველო არც ერთ სამხედრო გაერთიანებაში არ უნდა იყოს.

ბოლო დროს, თბილისში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, უნდა გადადგეს თუ არა ქალაქის მერი დავით ნარმანია თანამდებობიდან?

- ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ ხეები შეიძლება გადარგული ყოფილიყო. კეთილი უნდა ინებოს სახელმწიფომ და ინვესტორმა, რომ ჯანმრთელ ხეებს გარკვეული ადგილი მიუჩინონ და არ გაანადგურონ. მე ვეთანხმები „პარტიზან მებაღეებს“, რომ ჯანმრთელი ხეები არ უნდა მოიჭრა. თუმცა, ვნახოთ მედლის მეორე მხარე - საქმე გამოძიებაშია, არსებობს დასკვნა, რომელიც ეჭვის ქვეშ დგება და გამოძიება დაადგენს ხეების მოჭრის შესახებ დასკვნა იყო თუ არა მართებული. მებაღეებს მერის გადადგომის შესახებ მოთხოვნა არ ქონიათ, ისინი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვენ. თუ სულხანიშვილმა დაუშვა ღირებული შეცდომა, ბუნებრივია, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს. სიტუაციის გარკვევამდე, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა სიტუაცია ისე ააგორეს, რომ სულხანიშვილი არავის ახსოვს. ისინი ამბობენ, რომ ნარმანია გადადგესო. მე ძალიან ბევრი ქალაქის მესვეური მინახავს. ყოველთვის იყო უკმარისობის გრძნობა იყო, რომ თბილისს უკეთესი მერი ჭირდებოდა. დღესდღეობით ეს აჟიოტაჟი წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება.

 

ავტორი: ბესო კუნელაური





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics