|
2015-01-09 18:20:17, 334 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველო დღეს სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოცი ან თუნდაც ორი წლის წინ
„საქართველო დღეს სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოცი ან თუნდაც ორი წლის წინ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე - „ევროპის განვითარების წელი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით განახორციელა. „ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ელიტური კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულთა სასარგებლოდ არსებული ეკონომიკის მოჯადოებული წრის გასარღვევად. საფუძველი ჩავუყარეთ ნამდვილ დემოკრატიას, რომლის მმართველობის სისტემაც უფრო ღია და გამჭვირვალეა, ხოლო ანგარიშვალდებულება გაზრდილია და დაცულია კანონის უზენაესობა. გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები და დავნერგეთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ქმედითი მექანიზმები. ჩვენი ახალი კონსტიტუციის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება დეცენტრალიზებულია და გაზრდილია ანგარიშვალდებულება მმართველობის ყველა დონეზე. დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებელია. მიმდინარეობს კანონპროექტების წარდგენა, რასაც მოსდევს დებატები და ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო, რომელიც კორუმპირებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ გადაიქცა. ყველა რეფორმის მამოძრავებელი ძალა, პრემიერ-მინისტრის თქმით, არის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც აერთიანებს ქართველ ხალხს და მათ პოლიტიკურ წარმომადგენლებს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ამ პროცესის გაგრძელების ამბიცია და სურვილი, გახდეს რეგიონში ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციის ძალის მაგალითი. "ეჭვი არ გვეპარება, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რომელიც არის კიდეც საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, საბოლოოდ გარდაქმნის საქართველოს აბსოლუტურად სტაბილურ და ფუნქციონალურ, პლურალისტულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმებითა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით. გარდა ამისა, ეს პროცესი გზას გაუხსნის საქართველოს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და გაზრდის ქვეყნის მომხიბვლელობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ჩვენი მოქალაქეებისათვის პერსპექტივის გაჩენას“, -განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც საქართველომ ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად გადადგა. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნების ღია სამუშაო ჯგუფის ინიციატივას 17 ახალ მიზანთან დაკავშირებით და მზად არის გამოცდილების გაზიარებისთვის, თავისუფალი არჩევნების ჩატარების, კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოების სექტორის რეფორმისა და იურიდიული დახმარების ჩათვლით. პრემიერმა მიღწევებთან ერთად იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომლებიც ჯერ ისევ არსებობს. „ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავია ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მისგან მომდინარე პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან. საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რისთვისაც ჩვენ ამდენი ვიბრძოლეთ. ჩვენ გადავდგით მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომლებიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას არ მოჰყვა თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის გზას, და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ხელოვნური ბარიერის მიღმა მცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში - სიღარიბის აღმოფხვრასა და სტაბილურ განვითარებაში. ამისთვის ჩვენ შევქმნით ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველა საქართველოს მოქალაქეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც კონფერენციაზე უმაღლეს დონეზე იყო მიწვეული.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)