12:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 18:07:07, 456 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და კურორტ „საირმეს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და შპს „კურორტ საირმეს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე დაესწრო იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და  შპს „კურორტ საირმეს" ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯაბა წულაძემ.

მხარეების შეთანხმებით, ყოველთვიურად ცენტრის ბენეფიციარები საირმეში სამკურნალო-ბალნეოლოგიური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ.

შეთანხმების მიზანია, „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ხელშეწყობა და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის უფასო გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო კურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, ბენეფიციარების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით განთავისუფლებულ ყოფილ პატიმრებს.

ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, შპს „კურორტ საირმეს" ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა საკუთარი საქმიანობის ფარგლებში წვლილი შეიტანოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სრულყოფილად წარმართვაში, რაც ძალიან მისასალმებელია.

„საირმის ხელმძღვანელობა ადასტურებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრიორიტეტულობას და ამ მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში კერძო სექტორის ჩართულობის მაღალ მნიშვნელობას. ცენტრი პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.

მემორანდუმის მიხედვით, კურორტზე უფასო სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსით ყოველთვიურად ცენტრის 4 ბენეფიციარი 10 დღის განმავლობაში ისარგებლებს. სერვისებში იგულისხმება როგორც ექიმთა კონსულტაციები, ისე სამკურნალო აბაზანები, ლაბორატორიული გამოკვლევები და მინერალური წყლით მკურნალობა.

თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე შესაძლებლობების ფარგლებში, საკურორტო სეზონზე ცენტრის ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics