2015-03-05 15:04:24, 322 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი „ვარდების მოედანზე“ მიმდინარე აქციის გაშუქების დროს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის და მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება.
საქართველოს სახალხო დამცველი ჟურნალისტ ირაკლი გედენიძის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს გმობს.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში ირაკლი გედენიძემ აღნიშნა, რომ მანქანიდან გადმოსული პირი მისგან მოითხოვდა გადაღებული მასალის წაშლას, რაზეც გედენიძემ უარი უთხრა და განუმარტა, რომ იყო ჟურნალისტი და ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. ამის შემდეგ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გედენიძის განმარტებით, აქციის მონაწილე მეორე პირი, რომელიც ასევე ჩანს გავრცელებულ ვიდეომასალაში, მას აკავებდა და არ აძლევდა თავდაცვისა თუ გარიდების შესაძლებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტ ირაკლი გედენიძის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს მაღალ სტანდარტს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებით და ითვალისწინებს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გამოძიების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარმართვის ფაქტს და იმედოვნებს, რომ გამოძიება დროულად, გონივრულ ვადებში ჩატარდება.
ამასთან, მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა, ორგანიზებული აქციის დროს მიიღონ ყველა შესაძლო კანონისმიერი ღონისძიება მსგავსი ქმედებების პრევენციისა და ზოგადად, ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორ პილიტიკურ პარტიებს, განუმარტონ თავიანთ აქტივისტებს მედიის მუშაობის პროფესიული გარანტიები, აღნიშნულის ხელყოფის სამართლებრივი შედეგები და შეძლებისდაგვარად, უზრუნველყონ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება, ხოლო მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ადეკვატური შეფასება მისცენ მომხდარს და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან