|
2016-07-21 12:28:03, 870 ნახვა
კომენტარი
გია ხუხაშვილი: იგორ გიორგაძის წითელი ცირკულარიდან მოხსნა, ქართული მხარის პასიურობის ბრალია
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილის განცხადებით, შეუძლებელია ინტერპოლს იგორ გიორგაძეზე ძებნა ქართული მხარის არგუმენტების მოსმენის გარეშე შეეწყვიტა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ხუხაშვილმა განუცხადა, ის, რომ დღეს გიორგაძეს ინტერპოლი აღარ ეძებს, „ქართული მხარის დამსახურებაა“. „მე არ ვიცი ქართულ მხარეს, იგორგ გიორგაძესთან დაკავშირებით, მიეცა თუ არა შესაძლებლობა ინტერპოლისთვის შესასაბამისი დოკუმენტაცია წარედგინა. მეეჭვება, რომ გიორგაძე ცირკულარიდან მოეხსნათ ისე, რომ ქართული მხარის არგუმენტები არ მოესმინათ. როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ გარკვეული პასიურობა გამოიჩინა, რითაც იგორ გიორგაძის ადვოკატმა ისარგებლა - სხვანაირად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების დამახასიათებელია, რომ მატარებელი რომ მიდის, უკვე მერე ცდილობენ მას არ ჩამორჩნენ. რაც შეეხება, ზოგადად გიორგაძის ძებნას - აქ დიდ სკანდალს ვერ ვხედავ, რადგან იგორი საქართველოში ბრალდებულია და მისი აქ გამოჩენის შემთხვევაში დააპატრიმებენ. თუმცა, თავად ქართული მხარის პასიურობა უკვე დანაშაულია. იგორ გიორგაძის განცხადება საქართველოში ჩამოსვლის შესახებ პოლიტიკურია. ყველა არჩევნების წინ ხდება ამ ადამიანის თემის აქტუალიზაცია. მიშა სააკაშვილიც იმუქრება ჩამოვალო, მაგრამ აბა სად არის?! ეს ორი პიროვნება, დაახლოებით ერთ მდგომარეობაში არიან და ერთნაირ განცხადებებს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. შეგახსნებთ, რომ ინტერპოლმა იგორ გიორგაძის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა. გიორგაძეს ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. "საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძის მიმართ. ი. გიორგაძეს ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება. 2016 წლის 30 მაისს საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მიეწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ ი. გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, მის მიმართ შეწყდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც პირი, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვეტას ექვემდებარება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსგავსად წინა შემთხვევებისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზემოთ მითითებული საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე. კერძოდ, იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს არ გამოუთხოვია და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს არ მისცემიათ შესაძლებლობა ინტერპოლისთვის წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მასალები, რაც იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას დაასაბუთებდა. შედეგად, პირი რომელიც 1995 წლიდან იძებნებოდა, მის მიმართ შეწყდა ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა. ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)