15:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 18:19:21, 633 ნახვა

საზოგადოება
ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადაეცა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ მიაწოდოს.

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები მიმდინარე წლის 15 ივლისის მდგომარეობით გადაეცა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის 15 ივლისის  მდგომარეობით გადაცემულ სიაში  3 513 260  პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. 

პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის გადაცემას ცესკო-ში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე და მისი მოადგილე მამუკა სამხარაძე პირადად ესწრებოდნენ. სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ და კომისიის მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა  უმასპინძლეს. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დღეიდან დაიწყო აქცია, რომლის პირობების თანახმად, 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ ან 9 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ეწურება მოქმედების ვადა. 
ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს. იმისთვის, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, მოცემული აქციის ფარგლებში, რომელიც დღეს  დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან. 

გარდა ამისა, 2016 წლის 15 თებერვლიდან დღესაც მოქმედებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, საფასურის გარეშე იღებენ პირადობის მოწმობას ის პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი საბუთი და ამიტომ არ არიან საარჩევნო სიაში, ან რეგისტრაციიდან მოხსნის გამო ვერ ხვდებიან საარჩევნო სიაში, ან სააგენტოს ბაზებში არ არსებობს მათი ფოტო ან არსებული ფოტო უხარისხოა, რაც გამორიცხავს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიკაციას.
აღსანიშნავია, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დახვეწისა და დაზუსტების მიზნით იუსტიციის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია, ინტენსიურად მუშაობს.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა.

საარჩევნო კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი დამატებითი რეკვიზიტია ამომრჩევლის ფოტოსურათი. შედეგად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე კვლავ ფოტოსურათიანი სიები ექნება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; კერძოდ, 1 800 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ახალი პირადობის მოწმობა, რომელთაგან 1 070 000 -მე მეტი პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 888 605). მოქალაქეები გათავისუფლდნენ ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისაგან. მხოლოდ ამ ერთმა მასშტაბურმა ღონისძიებამ 2016 წლის არჩევნებისთვის 2 350 000-ზე მეტი ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი ბიომეტრიული მონაცემი მოგვცა.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, რომელიც 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს, მიზნად ისახავს სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

იმ ამომრჩეველმა, რომელსაც  არც პირადობის მოწმობა აქვს და არც ბიომეტრიული პასპორტი; მოხსნილია რეგისტრაციიდან და შეჩერებული ან გაუქმებული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება, საარჩევნო სიაში მოსახვედრად უნდა მიმართოს იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და ისარგებლონ უფასო პირადობის მოწმობის აქციით. 

(ns)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics