2015-03-04 13:45:50, 389 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პრობაციის ბიუროს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ოფისი გაიხსნა
თბილისში პრობაციის ბიუროს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ოფისი გაიხსნა. შენობის გახსნას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრნენ.
რეკონსტრუქციის შედეგად, ალ. ყაზბეგის გამზირის #42-ში მდებარე ოფისში პირობით მსჯავრდებულებისთვის თანამედროვე ტიპის სარეგისტრაციო სივრცე, ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, პრობაციის ოფიცრების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგიის კაბინეტები, ასევე, ვიდეოპაემნის სერვისი მოეწყო. ახალ ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. თბილისის პრობაციის ბიურო 5529 პირობით მსჯავრდებულს მოემსახურება.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, განახლებული ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება, თბილისის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს მათ წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაჭრაში, პრობაციონერთათვის ცხოვრებისეული პერსპექტივის შექმნასა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარება.
"წლების განმავლობაში პრობაციის თბილისის ბიუროს თანამშრომლებს არც თუ ისე სახარბიელო პირობებში უხდებოდათ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე ოფისი გაიხსნა, კარგი პირობებია შექმნილი როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე აქ მოსული პრობაციონერებისთვის. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ყველა პირობაა შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პრობაციის თბილისის ბიურო და ზოგადად პრობაცია ყველანაირად ხელს შეუწყობს ჩვენს პრობაციონერებს ცხოვრებისეული პერსპექტივის შექმნაში",-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
"დღეს გაიხსნა თბილისის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის პრობაციის ბიური ემსახურება 6 000-ზე მეტ პირობით მსჯავრდებულს.ამ ოფისში ყველა პირობა არის შექმნილი, რათა თანამშრომლებმა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაონ პირობით მსჯავრდებულებთან. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ოფისში მოეწყო როგორც ჯგუფური თერაპიის, ასევე ინდივიდუალური გასაუბრებების ოთახები და ეს სივრცე მაქსიმალურად ხელს შეუწყობს პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, რაც საბოლოო ჯამში აისახება, მათ შორის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებაზე",-განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა.
ინფრასტრუქტურის განვითარება პრობაციის სისტემის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში, განახლებული ოფისები თბილისის გარდა, თელავში, ტყიბულში, ზესტაფონში, ხულოსა და შუახევში გაიხსნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან