|
2016-07-08 19:06:23, 1246 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: სამართლიანობა ვერასოდეს იქნება აღდგენილი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ სამართლიანობის დამკვიდრებაზე (ინტერვიუ)
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გამარჯვებისთვის ემზადება. პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის შეფასებით, მმართველმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. კობახიძე ხაზს უსვამს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, განათლების, სასამართლო სფეროში გატარებულ რეფორმებს . დეპუტატის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ძირითადი მესიჯი რეჟიმის მსხვერპლთა უფლებების ბოლომდე აღდგენა იქნება. რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე, შეძლებს თუ არა კოალიცია ბიძინა ივანიშვილის გარეშე არჩევნებზე წარმატების მიღწევას, გაერთიანდება თუ არა „ქართული ოცნება“ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან, რამდენად მართებული იყო აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადება და არიან თუ არა რეალურად მმართველ გუნდში პრორუსული ძალები, რამდენად სწორი იყო აჰმედ ჩატაევის გათავისუფლება-ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც „ექსპრესნიუსი“ ვიცე-სპიკერს, მმართველი გუნდის წევრ მანანა კობახიძეს ესაუბრა. პირველ რიგში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მინდა გკითხოთ - რა მოლოდინები აქვს მმართველ გუნდს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რას პირდება „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს? - მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გავაკეთეთ, რათა საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა გვქონდეს. ვგულისხმობ იმ რეფორმებს, რომლებიც დავიწყეთ და რომლებსაც ვახორციელებთ. პირველ რიგში, აღსანიშნავია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში გატარებული ცვლილებები. ჯანდაცვის რეფორმით ძალიან ბევრი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ. დავიწყეთ განათლების რეფორმის განხორციელება. იცით, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში მთავარი მიმართულებაა ხარისხიანი და ამავდროულად, ხელმისაწვდომი განათლების მიღება. გვქონდა სოფლები, სადაც 20-25 წელი ელექტროენერგია არ იყო. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტს გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროც. ჩვენი პროდუქცია უკვე ევროპის ბაზარზე გადის. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვან სტიმულად იქცა წარმოების განვითარებისთვის. მოსახლეობამ უკვე იგრძნო და დაინახა ამ ყველაფრის შედეგები, თუმცა, პრობლემები არის. იგივე დასაქმების თემა და სოციალური საკითხები. დღეს რასაც ჩვენი მოქალაქეები პენსიის სახით იღებენ, ეს არ არის პენსია, ეს არის ერთგვარი დახმარება იმიტომ, რომ პენსია უნდა პასუხობდეს ადამიანის შრომით ბიოგრაფიასა და დამსახურებას. ეს რეფორმა, სამწუხაროდ, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ განახორციელა. ბიზნესის თემასაც მინდა შევეხო - დღეს ბიზნესი არის ყველაზე უფრო თავისუფალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ამას თავად ბიზნესსექტორიც აღიარებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა და ის პროცესები, რაც ჩვენ დავიწყეთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ, კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს. რეფორმები გაგრძელდება სასამართლოში, პროკურატურასა და ა.შ. ყველა ის საქმე, რომელიც რეჟიმის მხვერპლების უფლებების აღდგენას ეხება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. სწორედ ეს იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ძირითადი მესიჯი. ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამა. კვლევებზეც მინდა გკითხოთ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა 22,4% უჭერს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ -21,7%. თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული კვლევა? - „რუსთავი 2“-ის მიერ დაკვეთილი კვლევები არ იმსახურებს ნდობას. ის ორგანიზაცია, რომელმაც ეს კვლევები განახორციელა პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათ უნდათ, რომ 1%-იანი განსხვავება იყოს ხელისუფლებასთან, რაც, რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. საბოლოოდ, ყველაფერი 8 ოქტომბერს გადაწყდება. ძალიან ბევრი ადამიანი საყვედურობს ხელისუფლებას, რომ მათ მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ ,ვერ შეასრულეს ამ 4 წლის განმავლობაში. თვლით თუ არა, რომ სამართლიანობა აღდგა? - სამართლიანობა ვერასოდეს ვერ იქნება აღდგენილი. ეს ცოტა შეფასებითი ტერმინია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სამართლიანობის დამკვიდრებაზე. იმაზე, რომ ყველას, ვისაც დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, პასუხი უნდა გაეცეს, გასხვავებული პოზიცია ვერ გვექნება. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი 2016 წლის 10 ივლისის დადგენილება, რომელიც ეხება 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორებით დაუშვებლობისა და სრული პრევენციის საკითხს. საუბარია 14 000-ზე მეტ საჩივარზე. რთული იყო, პროკურატურას ამდენი საჩივრისთვის პასუხი გაეცა. პროკურატურაშიც მოსაძებნი იყო ის კადრები, რომელთაც ასეთი ტიპის დანაშაულის შემცველ საქმეებთან შეხება არ ქონიათ. ამისთვის შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი. მოდის კრიტიკა და აბსოლუტურად გასაგებია, რომ ხალხი ითხოვს სამართალს დროულად. გამომდინარე იქიდან, თუ რა მასშტაბებიც იყო, შესაძლებელია, ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდეს. თუმცა, 100-მდე განაჩენი უკვე გამოტანილია ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ და ეს უკვე შედეგია. თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის გარეშე შეძლებს თუ არა კოალიცია არჩევნებში წარმატების მიღწევას? - „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ პარტიის დამფუძნებლის, ფაქტორი, თუმცაღა, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაცვლად, ბუნებრივია, ბატონ ბიძინას ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ. ყველა ჩვენთაგანი პასუხისმგებელია იმ პროგრამის შესრულებაზე, რასაც 2016 წელს ამომრჩეველს შევთავაზებთ. მომავალ არჩევნებზე ხომ არ უნდა ველოდოთ „ქართული ოცნების“ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან გაერთიანებას? - მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაერთიანებას არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ გეგმავს. ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად წარვდგებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 41 ნომრით. თუმცა, არ გამოვრიცხავ სხვა პარტიის წევრებთან ინდივიდუალურ თანამშრობლობას. აჰმედ ჩატაევის საქმეზე მინდა გკითხოთ. თქვენი ოპონენტები მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ დღეს ჩატაევი დაპატიმრებული არ არის და ასევე თურქეთში მომხდარ ტერაქტში სავარაუდო ეჭვმიტანილია. - აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით, გამოძიებამ უნდა დადოს დასკვნა ტერაქტებში ჩატაევია თუ არა დამნაშავე. ვარაუდებზე დაყრდნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე ვერ გიპასუხებთ მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ასეთ ფაქტს არ ადასტურებენ. მანამდე ეს ადამიანი არაერთ ქვეყანაში იყო დაკავებული და გაუშვეს კიდევაც. იმ ქვეყნებსაც პასუხიმგებლობა აქვთ ამ საქმეებში?! ალბათ, პროკურატურამ, რომელმაც დააყენა შუამდგომლობა ჩატაევის გათავისუფლების შესახებ, ჰქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომელზეც სასამართლო კონტროლი ხორციელდებოდა და სამართლო ამას დაეთანხმა. უმრავლესობა ვერ ჩაერეოდა პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. თქვენი აზრით, რამდენად მართებული იყო აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადება და არიან თუ არა რეალურად მმართველ გუნდში პრორუსული ძალები? - შინაარსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაახლოებული NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, თუ მედიასაშუალებები აჟღერებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. არავითარი პრორუსული ძალები არ არიან „ქართულ ოცნებაში“. მე ვგულისხმობ საპარლამენტო უმრავლესობას, მინისტრთა შემადგენლობას. არ ვიცი ელჩი ვის გულისხმობდა. ისიც გასარკვევია, თქვა თუ არა მან ეს. არის ჟურნალისტური მეთოდები, როდესაც ადამიანის ნათქვამის სხვანაირი ინტერპრეტაცია ხდება და ეს არაერთხელ მომხდარა. თუ ეს ელჩმა მართლა თქვა, დიპლომატი ასე არ უნდა საუბრობდეს. მისი ნებისმიერი ნათქვამი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. როგორ შეაფასებდით თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თავდაცვის უწყება წვევამდელთა სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს „რესპუბლიკელი“ მინისტრისგან წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია? - ეს ის თემაა, რომელზეც ექსპერტები, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის წარმოამადგენლები და ა.შ. უნდა მსჯელობდნენ. ამ თემაზე არის დადებითი და უარყოფითი განწყობებიც. თუმცა, თუ მიდგომა არის ის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მონურ შრომასთან ასოცირდება, ის უნდა გაუქმდეს ყველგან. არ შეიძლება მონობა გააუქმო თავდაცვის უწყებაში და ჯარისკაცები გამოიყენო პენიტენციალურ სისტემაში, დაცვის სამსახურსა და ა.შ. მაშინ იქაც მონური შრომა ყოფილა. ამ შემთხვევაში გარკვეული კოორდინაცია უნდა ყოფილიყო სხვა უწყებებთან. როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული. ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო. კარგი იქნებოდა, რომ ეს კითხვები არ გაჩენილიყო. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც ოპონენტები და არასამთავრო ორგანიზაციები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, სასამართლო ხელისუფლებაა. დღესდღეობით, არის თუ არა მესამე ხელისუფლება დამოუკიდებელი? - იმასთან შედარებით, რა ვითარებაც იყო 2012 წლამდე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა სასამართლო ხელისუფლებაში. იმდენს მივაღწიეთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუმცა, რეფორმა გრძელდება, არის გარკვეული ხარვეზები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაიხვეწოს. არის მთელი რიგი თემები საქმეთა განაწილებასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. რეალურად, სასამართლო ხელისუფლება არ არსებოდა. იქ იყო პროკურატურის ნების უსიტყვო აღმსრულებელი ხალხი. იმას, რომ პორკურატურა და პარლამენტი ვერ ერევა სასამართლოს საქმიანობაში, ადასტურებს ის გამამართლებელი განაჩენები, რომელიც გამოვიდა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვნების მიმართ. იგივე წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებითაა ცვლილებები, როცა სასამართლო პროკურატურის შუამდგობლობას აღარ იზიარებს. თქვენი აზრით, არის თუ არა დაცული გენდერული ბალანსი პარლამენტში და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში ? - პოლიტიკაში გენდერული ბალანსი არ არის დაცული და ამას სჭირდება გამოსწორება. 11%, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, არანაირ საერთაშორისო სტანდარტს არ აკმაყოფილებს. თუმცა, გარკვეულმა პარტიებმა შიდა ვალდებულებები აიღეს კვოტირებასთან დაკავშირებით. 2012 წელთან შედარებით, ამ საკითხში წინსვლა არის, თუმცა ეს საკმარისი არაა. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, იმედი მაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაცილებით მეტი ქალბატონი იქნება წარმოდგენილი. თქვენ ბიძინა ივანიშვილის წერილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას შეადარეთ. რეალურად, არის თუ არა ივანიშვილი დღეს ილია ჭავჭავაძის დარი ფიგურა? - თუ კარგად გადაავლებთ თვალს ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას, ნახავთ, რომ მას ყველა მიმართულებით ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმიანობა აქვს გაწეული - იგივე კულტურის სფეროს გადარჩენით, ჩვენი მატერიალურ-კულტურული ძეგლების გადარჩენით, ჩვენი შემოქმედებითი სფეროს წარმოამდგენლების ფიზიკური გადარჩენით. რატომ არ არის ის მოღვაწე? მე ვფიქრობ, რომ არის. თუნდაც ის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი, რომელსაც მთლიანად აფინანსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, არის უნიკალური შანსი ,ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ განათლების უნიკალური შესაძლებლობა. რატომ არ უტოლდება ეს იმ ღვაწლს, რომელიც თავის დროზე განათლების სფეროში ილიას და მის თანამედროვეებს ქონდათ. როდესაც ეროვნულ საგანძურს გვიბრუნებს ის საქართველოში, როდესაც 500-ზე მეტი ჩვენი ისტორიული ტაძრის აღდგენაზეა საუბარი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. რატომ არ შეიძლება გაუტოლდეს ამ ადამიანის ღვაწლი 60-იანელების ღვაწლს. მაშინ მთავარი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ქართული თეატრი, დღეს უნივერსიტეტის დაარსებასა და ამ თეატრების გადარჩენაზეა საუბარი. რა არის ამაში გაუგებარი?! რატომ მოხვდათ ეს ჩვენს ოპონენტებს გულზე და რატომ გაბრაზდნენ?! იმიტომ, რომ ამ ადამიანის ეშინიათ. დიდხანს უნდა იყოს ეს ადამიანი ჩვენს გვერდით. იმიტომ, რომ ივანიშვილი საქართველოსა და ქართველ ხალხს ჭირდება. არ მჭირდება მასთან პირფერობა, მე ვამბობ იმას, რასაც გულწრფელად ვგრძნობ და რისიც მჯერა. არავისთან ბოდიშს არ მოვიხდი ამ შედარებისთვის. წლები გავა და ბევრი დარწმუნდება ამაში. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანმა სამება ააშენა ისე, რომ არავინ ვიცოდით. ვინც აკრიტიკებს იმას რა გაუკეთებია თუნდაც იმ თავისი მოკრძალებული შემოსავლით?! რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რადგან ამ ადამიანმა შეძლო მათი დამარცხება. ეს იყო რეჟიმი, რომელიც მან საკუთარი გამძლეობით, საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის ყოფნა-არყოფნის სასწორზე დადებით დაამარცხა. ალბათ, რადგან ცოცხალია, შეიძლება, სათანადოდ ვერ ფასდება. ვიღაცა დამაბრალებს, რომ სიაში ადგილი მინდა და ამიტომ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე არ მივილტვი თანამდებობისთვის. სადაც საჭიროა იქ ვარ და ვიქნები. ვისაც არ მოსწონს, არ მოსწონდეს. მათ ყავთ სააკაშვილი, რომელიც თავის თავს აღმაშენებელს ადარებს და დიდგორზე ყრილობას ატარებს. ამის უნდა რცხვენოდეთ მათ, თორე მე ამის არ მრცხვენია.
ავტორი: ბესო კუნელაური
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)