|
2016-07-05 19:00:05, 850 ნახვა
პოლიტიკა
გოგა ხაჩიძე: „გირჩის“ გარდა, არც ერთი პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური პროგრამა, ნდობას არ იმსახურებს
ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩის“ მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის განვითარებაა და ამ მხრივ, ქართულ პარტიებს შორის საუკეთესო პროგრამა გვაქვს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა. როგორც ხაჩიძემ აღნიშნა, არც ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური პროგრამა, რომლითაც ისინი არჩევნებზე გამოდიან, ნდობას არ იმსახურებს. დეპუტატმა ბოლოდროინდელ კვლევებზე, „გირჩის“ მისამართით არსებულ ბრალდებებზე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ახალი პოლიტიკური ცენტრის მიზნებზე ისაუბრა. - პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით ბოლო ორ კვლევას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარეს ? როგორც იცით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაში „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ნახსენები არ არის, GFK-ს კვლევის თანახმად კი, მას გამოკითულთა 0,3% უჭერს მხარს... კვლევები ხელისუფლებაში მყოფმა და ხელისუფლებაში ნამყოფმა პარტიებმა ჩაატარეს. ეს კვლევები ჩვეულებრივი პოლიტიკური ტექნოლოგიების ნაწილია, რომელსაც წინასაარჩევნოდ ფართოდ იყენებენ ხოლმე. ამ კვლევების შედეგებზე დიდ აქცენტებს ვერ გავაკეთებთ, ეს კვლევები ჩატარდა ისე, როგორც საუკეთესო პოლიტიკურ ტექნოლოგიებს „ეკადრება“. გერმანულ-ამერიკული იყო ეს თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინ ჩაატარა გამოკითხვა, ეს კიდევ ცალკე თემაა და ცალკე მსჯელობის საგანია. - თქვენი პოლიტიკური ცენტრის მიმართ, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ისმის ბრალდებები, რომ „გირჩი“ ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პროდასავლური პარტიებისთვის ხმების წართმევას ცდილობს... რას უპასუხებდით ოპონენტებს? დადგნენ ერთად „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ერთმანეთს შეეჯიბრონ - ერთი ამბობს, რომ „გირჩი“ ბიძინას პროექტია, ხოლო მეორეს ამბობს, რომ ეს მიშას პროექტია. ამით ისინი თავს ირთობენ, მეტი საქმე არ აქვთ. ჩვენ არ შევუშლით ხელს არც ერთს და არც მეორეს. ჩამოყალიბდნენ ერთობლივად ბიძინას პროექტი ვართ თუ მიშას პროექტი. - არსებობს კითხვები „გირჩის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საკმაოდ მაღალი დაფინანსება აქვს თქვენს პარტიას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა სწორედ თქვენმა პარტიამ მიიღო (168 058 ლარი). ვინ არიან თქვენი ძირითადი შემომწირველები? „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვები არ არსებობს. თუ ვინმეს რაიმე კითხვა გააჩნია აუდიტის სამსახური ღიაა, ყველანაირი მონაცემი იქ დევს და ნებისმიერს შეუძლია შიგნით ჩაიხედოს. ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალე და ღია იქნება და ასეც არის. - რას ელით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები და ჩააბარებს თუ არა ამ ტესტს ხელისუფლება? 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის განვითარებისთვისა და დემოკრატიის დამკვიდრებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ვისურვებდი, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ღიად, გამჭვირვალედ და ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, რომ არჩევანი თავისუფლად გააკეთონ. - იმ შემთხვევაში, თუ „გირჩი“ პარლამენტში მოხვდება, რას პირდებით ამომრჩეველს და რა იქნება თქვენთვის მთავარი და პრიორიტეტული საკითხები? ჩვენთვის პრიორიტეტია ეკონომიკა - ეკონომიკის სწრაფი ამუშავება და ქვეყნის გამდიდრება. ის, რომ ყველა პრობლემა, რაც კი ჩვენ თავში მოგვდის, ეს ეხება განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ საკითხებს, უმუშევრობასა თუ ა.შ. ყველა პრობლემის პასუხი, ეკონომიკასა და მის ამუშავებაშია. აქედან გმაომდინარე, ღიად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პროგრამა საუკეთესოა დღეს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში და ამას ისიც ადასტურებს, რომ ვერავინ დღემდე ვერ ბედავს ღიად დაჯდეს დებატებში და დაამტკიცოს მისი პროგრამის უკეთესობა. მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა წაიღეს, უკონტექსტოდ გადაიტანეს ჩვენი იდეები სხვადასხვა პროგრამებში, ჩვენი პროგრამა არის საუკეთესო. თუ ვინმეს ოდნავ ხმამაღლა მაინც გაუჩნდება პრეტენზია, რომ დაამტკიცოს ამის საწინააღმდეგო - ნებისმიერ დებატსა და ნებისმიერ სივრცეში მზად ვართ დავუმტკიცოთ, რომ ეს ასეა. - და ბოლოს, ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? ჩვენ არ განვიხილავთ მთავარ და ნაკლებად მნიშვნელოვან კონკურენტებს. გვინდა, რომ „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ხედვა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაგებინოთ. შემდეგ უკვე საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის დაუჭერს მხარს. რამოდენიმე პარტიის საარჩევნო პროგრამა ძალიან სკურპულოზურად გავაანალიზეთ. არც ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური ხედვა, პროგრამა, რომლითაც ისინი არჩევნებზე გამოდიან, ნდობას არ იმსახურებს.
ბესო კუნელაური
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)