2015-03-02 14:50:14, 424 ნახვა
საზოგადოება
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის
გრანტის გაცემას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, კვალიფიკაციის ამაღლების, ანაზღაურებადი სტაჟირებების ხელშეწყობისა და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით.
საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას.
უწყების ცნობით, სამინისტროს მიერ გასაცემი თანხის მოცულობა შეადგენს 340 000 ლარს, რომლის ფარგლებშიც გაიცემა 12 გრანტი. საგრანტო კონკურსი გამოცხადდა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის #246 ბრძანების შესაბამისად. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ან მის ფილიალს, რომელიც დააკმაყოფილებს საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს.
„საგრანტო განაცხადებს განიხილავს და შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამარჯვებულებს გამოავლენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ შექმნილი კომისია, რომლის წევრებსაც სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები წარმოადგენენ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საერთაშორისო
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის მხარდაჭერა. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, ასევე 2014 წლის 27 იანვარს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური დახმარებით წლების განმავლობაში ახორციელებს სარეინტეგრაციო პროექტებს. 2015 წელს კი, პირველად საქართველოში, სარეინტეგრაციო პროექტების განსახორციელებლად, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტშიც აისახა.
საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge და სამინისტროს Facebook (https://www.facebook.com/devniltasaministro) გვერდზე“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან