12:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 15:39:44, 467 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რუმინეთის იუსტიციის მინისტრ ალექსანდრა რალუკა პრუნას უმასპინძლა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კოლეგებმა იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

თეა წულუკიანმა ალექსანდრა რალუკა პრუნას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც რუმინეთი უცხადებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე. მან იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს და რომელთა მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა; კერძოდ, სასამართლო რეფორმის სამივე ტალღაზე, აგრეთვე, პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ქმნის სამართლებრივ გარემოს, სადაც ყველას ინტერესები თანაბრად იქნება დაცული; ამ მიზნით ქვეყანამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლის მიზანი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაა. თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე − არასრულწლოვანთა კოდექსსა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დასაცავად შემუშავებულ კანონებზე.

მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით − სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებშიც, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ. იუსტიციის მინისტრმა ბულგარელ სტუმრებს ანტიკორუფციული რეფორმებიც გააცნო.

შეხვედრის ბოლოს საქართველოსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში, ევროპულ საკითხებში, მართლმსაჯულების სფეროს რეფორმებისა და საკანონმდებლო სფეროში გამოცდილების გაცვლას ითვალისწინებს.

„დღეს შედგა რუმინეთის იუსტიციის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თემატურ თანამშრომლობას. ხელი მოეწერა საერთაშორისო ტექსტს ორ სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი უკვე შემოდგომაზე მოიტანს პირველ შედეგს. რუმინეთის იუსტიციის სამინისტრო შემოდგომაზე შეძლებს, ჩვენი სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი მიიღოს, რათა მათ ჰქონდეთ გამოცდილება, როგორ ხდება ევროკავშირის სამართალთან კანონების მიახლოება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპულ გზაზე სიარულს და ეს გზა არის ურყევი. 

თეა წულუკიანის თქმით, „ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ძალისხმევას ამ არჩევანისათვის“.

„ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას რუმინეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის.  დოკუმენტის გაფორმება პირველი ნაბიჯია ორ სამინისტროს შორის არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკულ საკითხებში თანამშრომლობისა. შეთანხმება მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის  გავცვალოთ ექსპერტების გამოცდილება კონკრეტულ საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეს კარგი, წინგადადგმული ნაბიჯია ორმხრივ ურთიერთობებში. ასევე, აღვნიშნავთ, რომ  რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს“, − განაცხადა რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა.   

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე, აგრეთვე, რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის, სამართლებრივი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics