07:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 09:40:13, 585 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  სხდომაზე ქართულ დელეგაციას, რომელიც შედგებოდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უფროსი რანგის წარმომადგენლებისგან, ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.

უწყების ინფორმაციით, დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის მხარე, რომელსაც წარმოადგენდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი.

სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე.

 შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც მოიცავდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით" გათვალისწინებულ ყველა ძირითად პრიორიტეტს.

 სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის  შემდგომი გაძლიერების მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები. ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს და აღნიშნა რა რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში.

 შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობაზე. ევროკავშირის მხრიდან  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

 საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან დღემდე ამ მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას.

 ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო დაიძაბა 19 მაისს სოფ. ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომლის მანდატიც გაგრძელდა ორი წლით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართულობა.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics