03:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 15:41:40, 575 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ეცნობა.

საუბარი არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით.

გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

პრემიერმა დელეგაციის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მედიაპლურალიზმის, საკუთრების უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული რეფორმების შესახებ.

NDI-ის დელეგაცია საქართველოში არჩევნებისთვის მზადების პროცესს, ზოგად პოლიტიკურ გარემოს და იმ ფაქტორებს, რომელსაც საარჩევნო პროცესის წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, 4 დღის განმავლობაში შეაფასებს, ხოლო ვიზიტის დასასრულს, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტს გამოაქვეყნებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იანუშ ონიშკევიჩი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI-ის საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თამარa სართანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics