|
2016-06-13 11:10:47, 631 ნახვა
საზოგადოება
დღეს თბილისის ზოოპარკს 45 ცხოველი შეემატა
დღეს თბილისის ზოოპარკს 45 ცხოველი შეემატა წყალდიდობის წლისთავზე თბილისის ზოოპარკი ევროპის ზოოპარკების ნაჩუქარი ცხოველების მესამე ნაკადს მიიღებს. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზოოპარკს 20 ჰამადრილი (10 ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAP, ჰოლანდია), საერთო ჯამში 45 ცხოველი შეემატება. ახალი ბინადრები დღეს გამთენიისას ჩამოფრინდენენ. მათთვის ვოლიერები უკვე მზადაა. დღეს შესვლა უფასოა და მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება: 11:00 საათიდან დაიწყება ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებული სისხლის ჩაბარების აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად". სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 13:00 საათზე გაიხსნება თავდაცვის სამინისტროს ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით". გამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები. 14:00 საათზე გაიხსნება მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი". გამოფენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი და 13 ივნისის სტიქიის გამოძახილია. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში. 12:00-დან 18:00 საათამდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება აქცია „GAUფრთხილდი". გაიყიდება სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და 13 ივნისისადმი მიძღვნილი სიმბოლოები. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში. სტუმრებს ელით სიმბოლური საჩუქრები და გათამაშება. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოხალისე სტუდენტები და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები. ამას გარდა, ზოოპარკში მოეწყობა საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები", სადაც ბავშვები ცარცით გააფერადებენ მოედანს, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს, დახატავენ და იქვე გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს. ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები და საჩუქრები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან: Maika.ge, „სნო", სადისტრიბუციო კომპანია „მზიური" – შოკოლადი „ლინდტი", FRIXX. ცნობისთვის, 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ თბილისის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე აღადგინეს ნიანგის, დათვების, მგლების, მარტორქის, ირმების, ლამებისა და ტაპირის, ალპაკების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერები; მოეწყო ჰიპოპოტამის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით; ეგზოტარიუმში გაკეთდა 2 ახალი აკვარიუმი (9 და 4-ტონიანი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს; აშენდა ჰამადრილების, მაკაკების, ლემურების, კენგურუების, დეგუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ახალი ვოლიერები. სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად აღდგა განადგურებული კომუნიკაციები; პარკი შემოიღობა ლითონის ბადით (850 გრძივი მეტრი); განახლდა მწვანე საფარი; მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები; გაიხსნა საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკი „მაბუჰაი" და სუვენირების მაღაზია. შემოიღობა ზოოპარკის ახალი ტერიტორია თბილისის ზღვის მიმდებარედ. ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120,000 ლარი). დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რომლებიც GIZ-ის დაფინანსებითვე აშენდება (40,000 ევრო). სტიქიამდე ზოოპარკში 1155 ინდივიდი ბინადრობდა (თევზებისა და აქვეწარმავლების ჩათვლით). წყალდიდობის შედეგად 281 ცხოველი დაიღუპა. თბილისის ზოოპარკს უკვე შეემატა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გამოგზავნილი 29 ახალი ცხოველი. 13 ივნისს 45 ცხოველი ჩამოვა, ზაფხულსა და შემოდგომაზე ზოოპარკი კიდევ 55 ახალ ბინადარს მიიღებს. „13 ივნისის სტიქია უმძიმესი ტრაგედია და ამვე დროს, ძალიან დიდი გამოცდა იყო თბილისის ზოოპარკისთვის. გამოცდა იმ თვალსაზრისით, შევძლებდით თუ არა სირთულეების გადალახვას და უმოკლეს ვადებში ყველაფრის აღდგენას. ამ ხნის განმავლობაში თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად შრომობდა ზოოპარკისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. სწორედ ეს, შესაშურად მებრძოლი სულისკვეთება და ჩვენი მეგობრების უდიდესი მხარდაჭერა იყო ის, რამაც შეგვაძლებინა ზოოპარკის გახსნა სტიქიიდან ზუსტად 3 თვეში, ჰიპოპოტამის ვოლიერის აშენება უკიდურესად შეზღუდულ ვადებში და 1 წლის თავზე როგორც ვოლიერების, ისე ცხოველების კოლექციის განახლება. მეტად მძიმე წელი გამოვიარეთ. ბევრი სირთულე დავძლიეთ. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდგა, მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, მადლობა თბილისის მერიას, ევროპისა და ამერიკის ზოოპარკებს, მადლობა ზოოპარკის ყველა მეგობარს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 13 სექტემბერს, ზოოპარკის გახსნის დღეს პირობა დავდეთ, რომ აღვადგენდით ზოოპარკს და მაქსიმალურად ვეცადეთ დაპირება შეგვესრულებინა. ახლა დამთვალიერებლის ჯერია. იმედია, ზოოპარკის სტუმრები დადებითად შეაფასებენ ჩვენი ერთწლიანი მუშაობის შედეგებს", – განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)