15:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 09:28:01, 732 ნახვა

საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა

თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, ერთი წელი გავიდა.  სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და დავით ნარმანია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თბილისის მერიას ფინანსური დახმარება გაუწია.

ტრაგედიას გამოეხმაურა ილია II, რომლის თქმით, თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის, ვერ გაიხარებს.

სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.
სტიქიურ უბედურებას შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე, დაკარგულად ირიცხება 2 ადამიანი, ხოლო  200-ზე მეტმა კი, სახლ-კარი დაკარგა. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.

სანახევროდ დაინგრა  ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. დაიტბორა  ნუცუბიძის პლატო. ვერეს ხეობაში მდებარე სახლები წყლის ქვეშ მოექცა. ჩამოინგრა კაზინო „ევროპას“ კედელი. ასევე, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და იქ მცხოვრები ძაღლების უმეტესობა იმსხვერპლა. ასევე, თავშესაფარში ცხოვრობდნენ დათვებიც და ყველა მათგანი დაიხრჩო.

ქალაქის ცენტრში გამოქცეული ცხოველების რაღაც ნაწილის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ყველაზე ძლიერი დამაძინებელი წამალიც კი მინიმუმ 3-4 წუთში იწყებს მოქმედებასა და ცხოველის დაძინებას. ეს დრო კი, ვეფხვისა და ლომისათვის სრულიად საკმარისია, რომ გაანადგუროს მასთან ახლოს მყოფი ადამიანი და შეიწიროს მისი სიცოცხლე. ამან ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი თავად ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ შეატყობინა მოსახლეობას, რომელიც აპროტესტებდა ცხოველების დახოცვის ფაქტს. მაგრამ, თავად ზურაბ გურიელიძე ამატებს, რომ ცხოველების ლიკვიდაციის ბრძანება არ ყოფილა და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ მტაცებელი ვინმეს თავს ესხმოდა, ან მასზე თავდამსხმას აპირებდა. ხოლო ზოგი ცხოველის ლიკვიდაცია აუცილებელი არ ყოფილა და ეს გამოძიებულ უნდა იქნეს.

15 ივნისის საღამოსთვის, ზოოპარკის თანამშრომლებისა და მისი დირექტორის განცხადებით, საქართველოს დედაქალაქში უკვე აღარც ერთი მტაცებელი ცხოველი არ იმყოფებოდა. ზოგი მათგანი დააძინეს და შემდეგ დაბრუნებული ზოოპარკში, ხოლო ზოგი მათგანი, ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. თუმცა, ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. 17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.

მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი, საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.

თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, იქ, სადაც ზოოპარკი ადრე იყო, უსაფრთხო ადგილი არ არის და სწორედ ამიტომ თბილისის ზოოპარკი მალე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადავა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics