00:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 18:55:03, 808 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: „ოცნებასთან“ არ ვითანამშრომლებთ, ბურჯანაძის და ინაშვილის პარტიებთან თანამშრომლობა საეჭვოა (ინტერვიუ)

ახლადდაფუძნებული პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განცხადება „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ვაშაძის განცხადებით, თანამშრომლობა გაუჭირდებათ „პატრიოტთა ალიანსთანაც“, ვინაიდან მისი აზრით, საგარეო ორიენტაციის კუთხით ამ პარტიის გარშემო დიდი კითხვის ნიშანია დასმული.  

ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს. აცხადებს, რომ თავის დროზე, პრაიმერის მიმდინარეობისას, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატურის გამოსავლენად ტარდებოდა საკუთარი კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ იყო ჩარევები. თუმცა ცალსახად ამბობს, რომ პროცესში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ჩარეულა.

რატომ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, ვისთან და რა ფორმატით ითანამშრომლებს და რა გეგმები აქვს მის ახლადდაფუძნებულ პარტიას, - ამ საკითხებზე გიორგი ვაშაძეს ვესაუბრეთ.

რა გეგმებით მოდიხართ? რა არის „ახალი საქართველოს“ მთავარი მიზანი?

ჩვენი მთავარი მიზანია შევცვალოთ ეს დაპირისპირების ფონი, რაც დღეს არის და არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ამ დაპირისპირების ფონზე მოიპოვოს ხმები. „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიძულვილზე ააგოს თავის კამპანია, რაც მოსახლეობაშია დარჩენილი და ამის მეშვეობით მოიპვოს ხმები.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გამაერთიანებლის როლი ვითამაშოთ. ასევე ღიად დავიწყოთ დისკუსია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომელთან ერთადაც ჩამოვაყალიბებთ საერთო სტრატეგიას.

პოლიტიკურ გაერთიანებასაც ხომ არ გეგმავთ?

არ არის აუცილებელი, რომ კოალიცია შეიქმნას. ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. შევეცადოთ, საერთო სტრატეგიით დავიწყოთ ბრძოლა ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის.

პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობა უკვე დაწყებული გაქვთ?

ჩვენ გუშინ გავაკეთეთ პირველი განცხადება ამასთან დაკავშირებით. ახლა დავიწყებთ მათთან დიალოგს. მათ შორის ხმების დათვლის მიმართულებით, რა შეიძლება გავაკეთოთ. არჩევნების გაყალბების პრევენცია მოვახდინოთ. შევძლებთ თუ არა საარჩევნო სისტემა შევცვალოთ. ბევრი საკითხია, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ხელს შეუწყობს.

არჩევნების გაყალბების საფრთხეს უკვე ხედავთ?

რა თქმა უნდა, არჩევნების გაყალბების საფრთხე არსებობს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაბალია, ის ხელისუფლებაშია და შეეცდება, რომ  მათ შორის არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება.

ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენებაზე. როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს ოპოზიცია ამას?

დღეს რაზეც დგას „ქართული ოცნება“ ეს იერარქია, ეს სისტემა აგებულია სახელისუფლებო შტოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობით დაწყებული, სამინისტროებით გაგრძელებული. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა იყოს, რათა ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენების პრევენცია მოვახდინოთ.

მისი გამოყენების პირიდაპირი მცდელობაა, გამგებლები, მერები, საკრებულოს წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ერთვებიან კამპანიაში. ოპოზიციურმა პარტიებმა ამის პრევენციის მიზნითაც უნდა ვიმუშავოთ.

აღნიშნეთ, რომ პარტიებთან კონსულტაციებს აპირებთ. ვისთან გეგმავთ?

ახლა ჩამოთვლას ნამდვილად არ დავიწყებ. ვფიქრობ, რომ ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობა შესაძლებელია. არჩევნების გაყალბების პრევენციაზე საერთოდ ყველა პარტიასთან შეიძლება თანამშრომლობა.

თუ არის ისეთი პარტია ვისთანაც არ ითანამშრომლებთ, არ მხოლოდ პრინციპულ საკითხებზე, არამედ არცერთ საკითხზე?

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა ცალსახად გამორიცხულია. დიდი კითხვის ნიშანია „პატრიოტთა ალიანსთან“ მიმართებაში, იმიტომ რომ მათი საგარეო ორიენტირი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. რაც შეეხება ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ ჩემი დაკვირვებით, ეს მკვეთრად გამოხატული პრორუსული პარტიაა. აქედან გამომდინარე მეეჭვება, რომ თანამშრომლობა გამოვიდეს.

გეეჭვებათ თუ არ აპირებთ?

არ ვაპირებ. პოლიტიკურ თანამშრომლობას ნამდვილად არ ვაპირებ. ხმების გაყალბების პრევენციის კუთხით თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება. თუ საერთოდ გამოვა ასეთი თანამშრომლობა.

თუ საარჩევნო ბარიერი თქვენც გადალახეთ და ამ პარტიებმაც, მაშინ თუ აპირებთ რაიმე საკითხზე მათთან თანამშრომლობას?

5-მა ივნისმა აჩვენა, რომ ჩვენ უპრობლემოდ გადავლახავთ ბარიერს. საქარველოში ამდენი აქტიური ადამიანი არავის არ მოუკრეფია ჯერ.

რატომ გგონიათ ასე? მაგალითად, თქვენმა ყოფილმა თანამოაზრეებმაც გაავსეს დარბაზი. „გირჩის“ ყრილობას ვგულისხმობ...

კი, მაგრამ მათ ეს ერთწლიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. ერთ წელსა და ერთ თვეს შორის დიდი სხვაობაა.

კითხვას დავუბრუნდეთ. პარლამენტში თუ ითანამშრომლებთ იმ პარტიებთან, რომლებზეც ვისაუბრეთ?

საერთოდ არ ვიცი ბარიერის გადალახვის რა შანსები აქვთ მათ. ძნელად წარმოსადგენია პარტიებთან თანამშრომლობა, როდესაც ფუნდამენტურ საკითხში აზრთა სხვადასხვაობაა. დასავლური კურსი თუ ჩრდილოეთისკენ სვლა. ასევე ეკონომიკურ ნაწილშიც კარდინალურად განსხვავდება ჩვენი ხედვები.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება მათთან თუ აპირებთ თანამშრომლობას?

„ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური ძალაა. ვწუხვარ, რომ ის გარდაქმნებს ვერ ახდენს და ამიტომ მომიწია ამ პოლიტიკური გუნდის დატოვება. თუმცა თანამშრომლობა შესაძლებელია. ახლა ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. თეორიულად ვსაუბრობ რა შეიძლება იყოს არჩევნების შემდეგ. აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში უფრო ცხადი სურათი იქნება, რა რესურსია საერთოდ ამ თანამშრომლობის კუთხით.

საზოგადოებაში უკვე გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრებები. ერთ-ერთი ვერსიით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდა რეალური შანსი, რომ „ქართული ოცნება“ დაემარცხებინა, ამიტომ მას გამოეყო პატარ-პატარა ჯგუფები, რათა შემდეგ კვლავ ერთიანი პოზიციით იმოქმედონ... რა კომენტარს გააკეთებთ ამ საკითხზე?

ეს სტანდარტული შეთქმულების თეორიებია, რაც აწუხებს ხოლმე ძალიან ბევრ ადამიანს.

თუმცა პოლიტიკაში ასეთი სტრატეგიაც არ გმოირიცხება...

კი სტრატეგიულად შესაძლებელია, მაგრამ თუ დაუკვირდებით ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, მგონი ეს ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან სტრატეგიაზე არ ვმუშაობთ.

ჩემს წერილშიც პირდაპირ და ნათლად ვთქვი, არ მჯეროდა რომ ასეთი „ნაცმოძრაობა“ შეძლებდა „ქართული ოცნების“ დამარცხებას. ამიტომ ვფიქრობ, დაპირისპირების ველიდან თანამშრომლობის ველში უნდა გადავიდეთ.

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის პროექტს მიწოდებს, „ოცნების“ მომხრეები კი ამბობენ, რომ მიშასთან მაქვს კავშირი. ყველა ძალიან მალე დაინახავს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ვინც მიცნობს, მათ ისედაც კარგად იციან რომ ვერავის ჯიბის ადამიანი ვერ გავხდები.

„ნაცმოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს შეინარჩუნებს?

არა მგონია.                                                          

თქვენ ჩაანაცვლებთ?

შესაძლოა ეს ვიყოთ ჩვენ. შეიძლება ეს სხვა იყოს. ერთი ფაქტია, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიზრდებით. განცხადების გაკეთების დროს 3 კაცი ვიყავით, ახლა პარტიაში რამდენიმე ათასი კაცი ვართ.

თქვენ ამბობთ, რომ ხედვების თანხვედრა არ იყო და ამიტომ დატოვეთ „ნაცმოძრაობა“, თუმცა აბსოლუტურად სხვა განცხადებები გააკეთეს პარტიის წევრებმა. მაგალითად მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ თქვენ ვერ მოხვდით პარტიული სიის პირველ ათეულში, ამიტომ პარტია განაწყენებულმა დატოვეთ...

თქვენც ხვდებით, რომ ეს თითიდან გამოწვეული მიზეზები. მაჭავარიან რამე მაინც ხომ უნდა ეპასუხა ჩემი განცხადებისთვის?! მეტი ვერაფერი მოიფიქრა. მას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს.

ჩემთვის სკამი არაფერს არ ნიშნავს. მე ახლაც პარლამენტის წევრი ვარ. იმასაც ვერ ამბობენ, რომ პარლამენტში გარანტირებული ადგილი არ მექნებოდა. თუ პროცესებს ვერ მიყვები, შედეგი არ გექნება.

გარკვეულწილად პოპულისტური სვლაც ხომ არ იყო თქვენი მხრიდან? საზოგადოების ერთ ნაწილში ჯერ კიდევ არის აგრესია „ნაცმოძრაობის“ მიმართ და ამ პროცესთან გამიჯვნა ხომ არ გინდოდათ?

მე, რომ ეს მდომოდა, ამას 2012-13 წლებში გავაკეთებდი. ვერავინ დამწამებს, რომ წინა ხაზზე არ ვიდექი და დარტყმებს პირველი არ ვიღებდი. ვაცხადებდი, რომ გუნდში ვარ იქამდე, სანამ ამ პოლიტიკურ ძალას გარდაქმნის შესაძლებლობა აქვს-მეთქი.

„ნაცმოძრაობამ“ რეალური შანსი გაუშვა, ყოფილიყო პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა ექნებოდა. ყოფილიყო შიდა კონკურენცია.

კი, მაგრამ ეს ხომ დანერგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სადაც შიდა პარტიული პრაიმერი ჩატარდა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ეს ტარდებოდა თბილისის მერის არჩევნების დროსაც, მაშინ თქვენ მოხსენით კანდიდატურა...

ესეც ჩემი დანერგილი იყო. რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნას, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ პროცესები არასწორად წავიდა. იყო ხელოვნური ჩარევები და ა.შ.

ვისი მხრიდან?

ახლა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

სააკაშვილიც ერეოდა?

სააკაშვილი ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო. ნაკლებად ერეოდა მართვის პროცესში. გახსოვთ, რომ ჩემს წერილში დავასახელე სახელები და გვარები, ჩემზე მეტი სახელი და გვარი არავის დაუსახელებია. ეს პირები ეროდნენ მართვის პროცესში. ეს წარსულია ამაზე დიდი ხნით „ჩაციკვლას“ არ ვაპირებ.

ამბობთ, რომ პრაიმერის დროს იყო ჩარევები და ამიტომ მოხსენით მერობის კანდიდატურა. მაშინ რატომ არ წამოხვედით პარტიიდან, როდესაც პროცესში ჩაერივნენ?

იმიტომ, რომ ეს არ იყო საბოლოო წერტილი. დღესაც ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და თანამოაზრეა „ნაცმოძრაობაში“. რესურსი მაშინ ჯერ კიდევ იყო დარჩენილი, რომ სიტუაცია შეცვლილიყო. ვიყავი იქამდე, სანამ მეგონა რომ პარტიის ტრანსფორმაცია მოხდებოდა.

ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია? უჭერთ მას მხარს?

დღევანდელი საარჩევნო მოდელი არ პასუხობს ხალხის ინტერესს. როდესაც არის ხოლმე საუბარი, რომ პარლამენტი არ პასუხობს ხალხის ინტერესს ეს იმითაც არის განპირობებული, რომ პარლამენტში ხვდებიან ადამიანები, ვინც თავს არ გრძნობს ანგარიშვალდებულად მოქალაქეებთან. ამიტომ მე მას მხარს ვუჭერ.

როგორ ფიქრობთ რა შანსი აქვს მას იმ პირობებში როდესაც „ქართული ოცნება“ პრინციპულად ეწინააღმდეგება მის დანერგვას? როგორც ჩვენ დავითვალეთ, დეპუატების მობილიზების შემთხვევაში 77 ხმა გროვდება, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელი დეპუტეტებიც დაუჭერენ ამ მოდელს მხარს, მათ შორის ბოიკოტგამოცხადებული კობა დავითაშვილიც იგულისხმება...

იმ პირობებში როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმშია მის დანერგვას რა თქმა უნდა შანსები მიზერულია. თუ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, რა თქმა უნდა შანსები არის. თუმცა ეს მაინც პროცესზეა დამოკიდებული. სულ ორი სასესიო კვირაა დარჩენილი. თუ რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ გახდა საჭირო. 

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics