19:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 18:40:08, 670 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის FIFA-ში გაწევრიანებას, თბილისში არასერიოზულად აღიქვამენ

ოკუპირებული აფხაზეთი FIFA-ს წევრობის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე FIFA-ს შვედმა აგენტმა დაგ ლარსონმა და შვედეთის საფეხბურთო სამყაროში მოღვაწე სერგეი აზიზოვმა განაცხადეს.

აზიზოვმა განაცხადა, რომ უკვე დაუკავშირდა FIFA-ს აფხაზეთის წევრობის მოთხოვნით. მისი თქმით, FIFA-ს აგენტები უკვე განიხილავენ აფხაზეთის ნაკრებთან მატჩების ჩატარების საკითხსაც.

სოხუმში ConIFA-ს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საერთაშორისო სამყაროს მიერ არაღიარებული ერთეულები მონაწილეობენ. აღნიშნულ ტურნირს არ აღიარებს FIFA.

„ექსპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალურია ე.წ. აფხაზეთის FIFA-ს წევრობა. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, აღნიშნული პირები, რომლებმაც პრესკონფერენცია გამართეს FIFA-ს ოფიციალური პირები არ არიან და მათი განცხადება საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას არ გამოხატავს.

სპორტული ჟურნალისტი ლაშა თაბაგარი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას კი აცხადებს, რომ FIFA არ აღიარებს იმ ე.წ. ქვეყნებს წევრებად, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას არ უღიარებია.

სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე დაგ ლარსონმა აღნიშნა, რომ ფეხბურთი საუკეთესო საშუალებაა ქვეყანას "შენს შესახებ" მოუყვე.

მისივე თქმით, მან ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ, 2014 წელს შვედეთში ConIFA-ს ჩემპიონატზე გაიგო.

"2014 წელს, ConIFA-ს ჩემპიონატი შვედეთში გადიოდა. სწორედ მაშინ გავიგე აფხაზეთის შესახებ. წელს მომეცა საშუალება აქ ჩამოვსულიყავი. ვხვდები, რომ ConIFA იმ უმცირესობებისგან და იმ ქვეყნებისგან შედგება, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ. ყველას უყვარს ფეხბურთი, ამიტომ ფეხბურთის საშუალებით ისინი სხვა ქვეყნებს აცნობენ თავს", - განაცხადა ლარსონმა.

ამასთან, ლარსენმა დასძინა, რომ ფეხბურთი პოლიტიკის მიღმა უნდა განიხილონ.

"როდესაც ადამიანები ფეხბურთს თამაშობენ - ისინი მეგობრები არიან. პოლიტიკაზე ფიქრი ზედმეტია", - აღნიშნა ლარსონმა.

რაც შეეხება FIFA-ში ოკუპირებული აფხაზეთის მიღებას, ამაზე განცხადება სერგეი აზიზოვმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"FIFA-თან მოლაპარაკებები მიმდინაროებს. მათ უკვე დავუკავშირდით. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი - საკმაოდ ღირსეული ქვეყანაა, იმისთვის, რომ FIFA წარადგინოს. აფხაზეთს საკუთარი მიწა, ენა და გარდა ამისა, თამაშის ხარისხი აქვს. აქ ხალხს ფეხბურთი უყვარს", - განაცხადა აზიზოვმა.

აზიზოვმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, FIFA-ს აგენტები ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთობლივი მატჩების ჩატარებას განიხილავენ.

"სწორედ ამიტომ ჩვენ FIFA-ს ვეკონტაქტებით. დაგ ლარსენს- მატჩის აგენტს - სრული უფლება აქვს ნაკრებებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. გვაქვს იდეა, რომ ნაკრებმა FIFA-ს ეგიდით აფხაზეთთან ერთობლივი მატჩები ჩაატაროს. ამიტომ, ხაზს გავუსვამთ, თუ როგორი ღირსეული ქვეყანაა აფხაზეთი და მას მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებთან კონკურენციის გაწევა შეუძლია", - განაცხადა აზიზოვმა.

ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან  FIFA-ს წევრობის შესახებ გაჟღერებულ სურვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გამოეხმაურა.

მუჯირის თქმით, ისინი (ლარსენი და აზიზოვი) არა FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ FIFA-ში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები არიან.

"ჩვენ ფიფასთან გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მათი პოზიცია, რა თქმა უნდა უცვლელია, რაც შეეხება იმ პიროვნებების, რომლებიც უბრალოდ FIFA-ში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები არიან, ვერანაირად ვერ იქნებიან FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები, მათი პოზიცია ვერნაირად ვერ იქნება ჩვენთვის FIFA-ს ოფიციალური პოზიცია. ასე რომ, ჩვენ კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით უკვე დავუკავშირდით FIFA-ს, ვაცნობეთ ასეთი კონფერენციის შესახებ", - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.

„ექსპრესნიუსი“ კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორცსაგარეო უწყებაში განგვიმარტეს, ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციასთან კოორდინირებულად მუშაობენ და შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე კომენტარს ფედერაცია გააკეთებს.

სპორტული ჟურნალისტი ლაშა თაბაგარიც აცხადებს, რომ აფხაზეთში მყოფი პირები - ლარსონი და აზიზოვი FIFA-ს ოფიციალური პირები არ არიან.

„ესენი არიან პირები, რომლებიც რაღაც ტურნირებს უძღვებიან. ის, რომ არაღიარებული ე.წ. ქვეყნების ტურნირები იმართება ეს სიახლე არ არის და ის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება ხოლმე.

ეს პირები კონკრეტულად ვინ არიან ვერ გეტყვით. რუსული გვარის მქონე ფეხბურთში მყოფი მენეჯერები არიან. ამ ტურნირს ატარებს ConIFA, რომელსაც თავისი წარმომადგენლები ჰყავს.  მაგრამ ConIFA-ს არც FIFA აღიარებს და არც UEFA“, - ამბობს ლაშა თაბაგარი.

რაც შეეხება იმ განცხადებას, როდესაც პრესკონფერენციაზე ლარსონმა და აზიზოვმა განაცხადეს, რომ FIFA-თან მათ ექნებათ კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი წევრად აღიარონ, ამაზე ლაშა თაბაგარი აცხადებს, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს და FIFA-თვის ამის მიმართვა ყველას შეუძლია.

„მეც შემიძლია, თქვენც და ყველასაც რომ FIFA-ს მივმართოთ და წევრობა მოვითხოვოთ. ჩვენც შეგვიძლია შევკრიბოთ გუნდი და რომელიმე არაღიარებული სახელმწიფოს ნაკრები დავარქვათ, ჩავატაროთ ჩემპიონატი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამას FIFA აღიარებს?! FIFA-თან ურთიერთობა აქვთ მხოლოდ აღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებს.

ბოლო მაგალითი იყო კოსოვო, რომელიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც აღიარა და აშშ-მაც. ანუ ქვეყანა ჯერ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს და მერე შეიძლება მიიღოს FIFA -მ წევრად. აფხაზეთი არავის უღიარებია, შესაბამისად FIFA-ს ვერ ექნება მასთან ვერანაირი ურთიერთობა. გამორიცხულია, რომ არაღიარებული ქვეყნის საკითხი FIFA-მ სერიოზულად განიხილოს“, - განუცხადა ლაშა თაბაგარმა „ექსპრესნიუსს“.

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics