16:02 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 19:04:02, 647 ნახვა

პოლიტიკა
გაითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები Unicef-ის რეკომენდაციებს

გაეროს ბავშვთა ფონდი პოლიტიკურ პარტიებს, მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხები აქტიურად ჩართონ. აღნიშნულ განცხადებას Unicef-ის საქართველოს ოფისი ავრცელებს. ამასთან, ორგანიზაცია რეკომენდაციათა 8 პუნქტიან ნუსხასაც ავრცელებს.

დაწყებული აქვთ თუ არა პარტიებს საარჩევნო პროგრამებზე მუშაობა და ჩადებენ თუ არა პროგრამებში Unicef-ის რეკომენდაციებს? - ამ საკითხებზე „ექსპრესნიუსი“ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა.

მათი უმეტესობა აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციებს პროგრამებში გაითვალისწინებენ. ამბობენ, რომ ბავშვთა უფლებრივ საკითხებზე პროგრამები ისედაც გათვალისწინებული ჰქონდათ, თუმცა ახლა კიდევ მეტ ყურადღებას დაუთმობენ.

„ბავშვთა დაცვის დღეს საქართველოში და ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური დასაწყისის მოლოდინში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, წინასაარჩევნო დისკუსიებსა და კამპანიებში გაითვალისწინონ ბავშვთა საკითხები. 

„მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის დონე, ყოველი მეოთხე ბავშვი ჯერ კიდევ ცხოვრობს ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ თანხაზე, ე.ი. დღეში მოიხმარს ხუთ ლარზე ნაკლებს. საქართველოში კვლავ არ არის ეფექტიანი და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ოჯახებს დაეხმარება გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს და სათანადოდ იზრუნონ თავიანთ შვილებზე“, აღნიშნავს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში.

 „ბავშვების ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს და გვჯერა, რომ მთავრობა მალე შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და რატიფიცირებას გაუკეთებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატურ ოქმს შეტყობინების პროცედურის შესახებ.“ 

 ჯანსაღი, განათლებული ბავშვები ქვეყნის მომავალში ინვესტიციაა. ამდენად, ნებისმიერი პოლიტიკური პროგრამა და საარჩევნო კამპანია იქნება არასრულყოფილი, თუ ის არ მოიცავს ბავშვებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

 1. როგორ უნდა გაუმჯობესდეს სოციალური დაცვის სისტემა, რომ საქართველოში შემცირდეს ბავშვთა სიღარიბე და გაძლიერდნენ ოჯახები?

2. როგორ გეგმავთ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას?

3. როგორ გეგმავთ კვების დეფიციტის (ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის) აღმოფხვრას, რაც საქართველოში ნახევარ მილიონ ქალსა და ბავშვს აღენიშნება?

4. როგორ უზრუნველყოფთ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას?

5. როგორ დაგეგმავთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმას ისე, რომ საქართველოს მიღწევები განათლების სფეროში არ ჩამორჩებოდეს  ევროპის სხვა ქვეყნების შედეგებს?

6. როგორ უზრუნველყოფთ ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და დიდი ზომის ბავშვთა სახლებსა და არარეგულირებულ ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების, უფლებას იზრდებოდნენ ოჯახში? 

7. როგორ გეგმავთ საქართველოში ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემის, მათ შორის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების, რეფორმას ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით?   

8. როგორ უზრუნველყოფთ ყველაზე დაუცველი ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობის მსხვერპლი და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, დაცვას დისკრიმინაციისა და სტიგმისგან?

 “იმედი გვაქვს, დებატები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ხელს შეუწყობს დიალოგს და კონკრეტულ ქმედებებს ბავშვთა კეთილდღეობისათვის საქართველოში“, - ამბობს საშა გრაუმანი“, - აღნიშნულია unicef-ის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ პარტიაში საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ე.წ. დრაფტი უკვე შემუშავებული აქვთ.

„საარჩევნო შტაბი შეიქმნა, რომელზეც ამ „დრაფტს“ გავიტანთ. Unicef-ის რეკომენდაციები ჩვენთვის მისაღებია. ამას სრულიად ვითვალისწინებთ. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროგრამაში ამ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი პუნქტი უნდა იყოს ჩადებული. ამ რეკომენდაციებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. კონკრეტული საკითხები იქნება. იგივე სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით, როდესაც ეს უამრავ ადამიანს შეუჩერეს“, - განუცხადა მიხეილ მაჭავარიანმა „ექსპრესნიუსს“.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა მათაც დაწყებული აქვთ. ამბობს, რომ Unicef-ის რეკომენდაციები მისი პარტიისთვის მისაღებია და პროგრამაში ბავშვთა საკითხებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

„რა თქმა უნდა, პარტიის ხელმძღვანელობასთან შევათანხმებთ საბოლოო პროგრამას. სავარაუდოდ მომავალი კვირისთვის დამუშავებული პროგრამა გვექნება, შემდეგ უკვე მის პრეზენტაციას მოვახდენთ.

პროგრამაში საკმაოდ დიდი აქცენტი გვაქვს გაკეთებული სოციალურ საკითხზებზე, სადაც ძალიან ბევრი საკითხი სწორედ ბავშვებს ეხება. ჩადებულია ბავშვებისთვის განკუთვნილი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მექანიზმები. აქცენტი გაკეთებულია ასევე, ბაგა-ბაღებისა და პირველადი აღზრდის მიმართულებაზე.

Unicef-ის რეკომენდაციებს მე არ გავცნობივარ, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვა-სოციალური თემატიკის მიმართულებაზე მუშაობს დარწმუნებული ვარ საქმის კურსში იქნება. დარწმუნებული ვარ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება“, - განუცხადა გიორგი ახვლედიანმა „ექსპრესნიუსს“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილის თქმით, პარტიაში პროგრამაზე მუშაობა თითქმის უკვე დაასრულეს. ბავშვთა საკითხების პროგრამაში ჩადებას ისინიც აპირებენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. არ არის საკმარისი პროგრამები იმისათვის, რათა ეს ბავშვები დაცული იყვნენ. ბიუჯეტიდან დაფინანსებაც იმაზე მცირეა, ვიდრე საჭიროა. როდესაც მე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ვითხოვდი რომ 2014 და 2015 წლებში გაზრდილიყო დაფინანსება, პირდაპირი სუბსიდირება ყოფილიყო იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ამას ვითხოვდი იმიტომ, რომ თვითონ Unicef-ის გამოკვლევებით სწორედ ამ ტიპის დახმარება იძლევა ყველაზე კარგ შედეგს.

როდესაც საარჩევნო პროგრამა წარვადგინეთ ეს მაშინაც აღვნიშნეთ და საბოლოო ვარიანტშიც იქნება ასახული ეს. მიგვაჩნია, რომ ბავშვთა სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია და ამაზე მთავრობებმა ფული არ უნდა დაზოგონ“, - გვითხრა დავით ონოფრიშვილმა.

„ექსპრესნიუსი“ მმართველი გუნდის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ბავშვათა უფლებრივი მდგომარეობა დღესაც პრიორიტეტულია და ამის ასახვას საარჩევნო პროგრამაშიც აპირებენ.

„ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია როგორც ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ზოგადად ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. იმისათვის, რომ ბავშვი იზრდებოდეს ნორმალურ პირობებში. ასევე ხელმისაწვდომი განათლების მიღება. იცით, რომ განათლების სისტემაში საკმაოდ დიდი თანხები ჩაიდო განათლებაზე. თუნდაც უფასო წიგნების პროგრამა, ან სასკოლო ავტობუსები.

სოციალური დახმარების დანიშვნისას პრიორიტეტად ის ოჯახები განიხილება, სადაც არასრულწლოვნები არიან“, - აცხადებს კობახიძე, რომელიც დასძენს, რომ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებითაც აქვთ გეგმა.

„ბავშვთა ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმა კიდევ უფრო დახვეწას საჭიროებს. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

იცით, რომ შეიქმნა „სოლიდარობის ფონდი“, რომლის მეშვეობითაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებით.

ამას გარდა ჩვენი პრიორიტეტია ბავშვების ძალადობისგან დაცვა, ნაადრევი ქორწინებისგან დაცვა, რომლის რეფორმასაც ვახორციელებთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics