04:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 18:51:45, 870 ნახვა

პოლიტიკა
ქეთევან ჩაჩავა: ევროატლანტიკური პროცესის შესახებ სასულიერო პირების ინფორმირება აუცილებელია (ინტერვიუ)

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იმ ჯგუფების ინფორმირებას აპირებს, რომლებსაც ევროკავშირის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს, - ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჩაჩავა რამდენიმე სამიზნე ჯგუფს ასახელებს, მათ შორის არიან სასულიერო პირები და მასწავლებლები. ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ მუშაობას ნიჰილისტურად განწყობილ ჯგუფებთანაც გეგმავენ, მათ შორის ანტიდასავლური რიტორიკის უმრავლესობის წევრ დეპუტატებთან.

რა გეგმები აქვს ცენტრს, რა ხედვებით მოდის ამ თანამდებობაზე და როგორ აპირებს საზოგადოების ერთ ჯგუფში არსებულ ანტიდასავლური განწყობების შეცვლას, - ამ საკითხებზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს ქეთევან ჩაჩავას ვესაუბრეთ.

საუბარი ევროპის კვირეულით დავიწყოთ. რა იყო მისი მთავარი გზავნილი და რითი იყო წლევანდელი კვირეული გამორჩეული?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი ევროპის კვირეული ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო, მათ შორის რაც აქამდე ჩატარებულა. იყო საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ღონისძიებები. მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაერთო მასში.

სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოებამ იცოდეს მიუკერძოებელი და ზუსტი ინფორმაცია ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. რას ნიშნავს, ის ურთიერთობა რაც ჩვენ გვაქვს. იგივე ასოცირების ხელშეკრულება, ან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, - ანუ ის მნიშვნელოვანი პროცესები რაც მიმდინარეობს. რას ნიშნავს ყოველივე ეს და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.

ალბათ დამერწმუნებით, რომ ცრუ მოლოდინების შექმნა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა ჩვენს რეალობაში. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს ევროკავშირის იმ პროექტების შესახებ რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება.

რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან?

აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები, რაც მისასალმებელია. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ყველა სეგმენტი მოგვეცვა. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები. კვირეული სწორედ მასწავლებლების კონფერენციით „მეგზური ევროპაში“ გაიხსნა. შეირჩა მასწავლებლები, მათ შორის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები. მათ  სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩაუტარდათ. შემდგომ იგეგმება ამ მასწავლებლების ჩართვა საგანმანათლებლო მიმართულებით როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების კუთხით.

10 ყველაზე აქტიური მასწავლებელი მაისის ბოლოს ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ტალინში გააემგზავრება და იქ უკეთესად გაეცნობიან ევროპულ განათლებას.

აღნიშნეთ, რომ მათ შორის იყვნენ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები. ამაზე რატომ გაამახვილეთ ყურადღება?

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე ძალიან მრავალფეროვანია. მნიშვნელოვანია როგორც საჯარო სკოლების ისე კერძო სკოლების მაქსიმალური ჩართულობა. წელს აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლები რეგიონებიდან. ამიტომ გავუსვი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ხაზი, ისინი პროექტში წელს პირველად ჩაერთვნენ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნეთ. რა გეგმებით, რა ხედვებით მოხვედით ამ თანამდებობაზე? რის გაკეთებას აპირებთ ისეთის, რომლის განხორიციელებაც თქვენმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს?

ცენტრის ყველა დირექტორმა რაღაც შემატა საერთო საქმეს, რისთვისაც მინდა რომ მათ მადლობა გადავუხადო. ჩემი სურვილია, რომ არსებული რესურსის მაქსიმალური კონსოლიდაცია მოვახდინოთ. მოხდეს როგორც საჯარო სივრცის, ისე არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების - ევროკავშირის რესურსის მობილიზება. ცალ-ცალკე ყველა საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს არის მიმოფანტული. მნიშვნელოვანია ამ საქმის კოორდინაცია. მაგალითად ჩვენს ხელთ არის საჯარო რესურსი, მასწავლებლებთან, ჯართან, პოლიციასთან და ა.შ. რეალურად არასამთავრობოს გაუჭირდება ასეთ სამინისტროებთან პირდაპირი გზით მუშაობა. შესაძლებელია, რომ ბევრად გავუმარტივოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ისეთ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა როგორიცაა, ადგილობრივი თვითმმართველობები. მერების გამგებლების და ა.შ ინფორმირება.

ასევე აუცილებელია სასულიერო პირების ინფორმირება, არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირების, არამედ ყველა რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირების. რელიგიურ ლიდერებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ ამ პროცესში.

იგეგმება მასწავლებლების მაქსიმალური ჩართულობა. ამ პროცესში ძალიან დიდი როლი აკისრია მედიას, იმ მესიჯების მიწოდებისთვის, რომლებიც მართლაც რელევანტურია.

სასულიერო ლიდერებთან მიმართებაში არის თუ არა დღეს პრობლემა? ხშირად ისმის ანტიდასავლური განცხადებები სასულიერო პირებისგან ან საზოგადოების ერთი ჯგუფისგან, რაზეც გავლენას ძირითადად სასულიერო პირების განცხადებები ახდენს...

ეს პირველ რიგში ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემით არის გამოწვეული. ჩვენ ამ ჯგუფთან აქტიურად ვაპირებთ მუშაობას. უკვე ჩავერთეთ პროექტებში, რომლებსაც ორ არასამათავრობოსთან ვახორციელებთ.  

აპირებთ თუ არა მუშაობის გაძლიერებას იმ ნიჰილისტური განწყობების შესამცირებლად, რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილშია, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ჯგუფშიც?

ამ ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი, სწორედ ის არის, ვისაც ეს ნიჰილისტური განწყობა აქვს. ვინც ინფორმირებულია მასთან დამატებითი მუშაობა რა თქმა უნდა არ გვაწყენს, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მაქსიმალურად გასაგები და ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს ინფორმაცია. გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების არჩევანი ინფორმირებულობის დონეზე იყოს დამოკიდებული.

როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს ნიჰილისტური განწყობები იმ ადამიანებში, ვინც ამტკიცებს რომ ნატო არ არის ის, რასაც „თავს გვახვევენ“?

ჩვენი პირდაპირი მიზანი ადამიანის ხედვის ან პოზიციის შეცვლა არ არის. მთავარია, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია. მნივნელოვანია, რომ მისი ხედვა დამყარებული იყოს სწორ ინფორმაციაზე და არა თავს მოხვეულ აჟიოტაჟზე. ასე უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ სეგმენტთან მიმართებაში, ვინც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი, არამედ იმ კატეგორიასთანაც, ვინც პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დასავლური კურსის მხარდაჭერა გააზრებული იყოს. განწყობა ხშირად ცვალებადია, ერთმა მოვლენამ შესაძლოა დაწიოს ან აწიოს სანდოობა და მხარდაჭერა. ეს სწორედ დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენი მხარდაჭერა გააზრებული იყოს. სწორედ ეს არის დემოკრატია, ევროკავშირი ამიტომაც არის ჩვენთვის ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა გააკეთოს გააზრებული არჩევანი.

უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატისგან არა ერთი ხმაურიანი განცხადება მოგვისმენია. ერთ-ერთი ბოლო ანტიდასავლური განცხდება თამაზ მეჭიაურმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები ალიანსში იმ შემთხვევაში მიიღებენ საქართველოს თუ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე უარს ვიტყვით. პირადად თქვენთან საუბარში ვინმეს თუ უთქვამს ასეთი რამე თუნდაც გადაკრულად, არაოფიციალურ ფორმატში?

დეპუატატის ეს განცხადება სრული აბსურდია. ეს არის კიდევ ერთი მითი, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ანტიდასავლური პროპაგანდა. რუსული პროპაგანდის ნაწილია ის, თითქოს საქართველოს მოუწევს საკუთარი ტერიტორიების დათმობა, თორემ ისე ალიანსში არ მიგვიღებენ. ნატოში გაწევრიანების სხვა მაგალითებიც გვაქვს, მაგალითად გერმანიის მაგალითი, როდესაც ის ორად იყო გაყოფილი, თუმცა როცა დადგა მისი გაერთიანების საკითხი მისთვის არავის პრობლემა არ შეუქმნია.

საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე ცივილიზებული სამყაროდან მხოლოდ რუსეთი ხედავს. შესაბამისად სრული აბსურდია თითქოს ვინმესთან ფორმალური ან არაფორმალური საუბარი არსებობს. მინდა ამ ინტერვიუს საშუალებით მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობისაც არ უნდა იყოს ის, რომ მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ასეთ თემებზე სპეკულაცია არასახელმწიფოებრივია.

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics