20:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 16:57:00, 358 ნახვა

პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.  მათ  "სააკაშვილის რეჟიმის მხილების მიმართულებით, საგარეო უწყების არაეფექტური, უუნარო "მოღვაწეობა" გააპროტესტეს".

გარდა ამისა,  ალიანსის წევრებმა  სენატორ ჯონ მაკკეინის,  კონგრესმენ მაიკლ  ტერნერისა და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკის მიერ,სააკაშვილთან დაკავშირებით,  ინტერპოლისადმი გაგზავნილ  განცხადებებზე რეაგირების მოხდენა და წინა ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე, აშშ-ს სენატის, კონგრესისა და   ევროპარლამენტის სწორი და ობიექტური ინფორმირება მოითხოვეს.

 "კონგრესმენ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე  მაიკლ  ტერნერისა და სენატორ ჯონ მაკკეინის წერილები გავრცელდა, რომლითაც ტერნერმა და მაკკეინმა ინტერპოლს,ანუ  კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართეს და სთხოვეს, ინტერპოლმა არ გამოაცხადოს მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნა,  რადგან საქართველოში კანონის უზენაესობის პრინციპი სისტემურად ირღვევა და ამ პროცესში პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველს ედავებიან. ინტერპოლს მსგავსი შინაარსის წერილი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმაც გაუგზავნა.მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები ქართველი ხალხის პირდაპირი და ღია შეურაცხყოფაა. ამ განცხადებების ლოგიკას თუ მივყვებით, გამოდის,  რომ გასული 10 წლის მანძილზე, ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, ადგილი არ ჰქონია პატიმრების წამებას, ადგილი არ ჰქონია მესაკუთრეებისთვის ქონების წართმევას, მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების სასტიკ დარბევას. ადგილი არ ჰქონია ბიზნესის დატერორებასა და უამრავ სხვა დანაშაულს. გამოდის, რომ ქართველი ხალხი ცილისმწამებელია, როცა სააკაშვილის მმართველობას რეჟიმს უწოდებს და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ქართველი ხალხი თავს შეურაცხოფილად გრძნობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი,  სამარცხვინოდ დუმს. კონგრესმენ ტერნერის, სენატორ მაკკეინისა და ევროპარლამენტარ ბროკის განცხადებები, ამავდროულად, ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობაში  ჩვენი პარტნიორები უხეშად ერევიან. კონგრესმენი ტერნერი, სენატორი მაკკეინი და ევროპარლამენტარი ბროკი ინფორმირებული არიან, რომ გირგვლიანის საქმესთან  დაკავშირებით, ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს 4 საქმეზე წაუყენა ბრალი. მათ შორის,  ერთი გირგვლიანის საქმეა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას  ეყრდნობა. შესაბამისად, ეს განცხადებები ასევე ნიშნავს საქართველოს მთავარი პროკურატურის, როგორც დამოუკიდებელი  უწყების საქმიანობაში უხეშ ჩარევასა და მისი გამოძიების შედეგების უგულებელყოფას. ჩვენ, "საქართველოს პატრიოტები",  კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ტერორი და ძალადობა მძვინვარებდა, ხოლო ციხეებში პატიმართა წამებას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა; თვითონ სააკაშვილმა ამას სისტემის კრახი უწოდა. ქართველი ხალხი 2 წლის მანძილზე დამნაშავეთა დასჯას და სამართლიანობის დამკვიდრებას მოითხოვდა და მოითხოვს. ტერნერის, მაკკეინისა და ბროკის განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს ქართველი ხალხის უმთავრეს მოთხოვნას. სამწუხაროა, რომ ინტერპოლისადმი მაკკეინისა და ტერნერის, ასევე ბროკის ამ მიმართვებს, არავითარი  რეაქცია არ მოჰყოლია საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად, საგარეო საქმეთა  სამინისტროს მხრიდან, რომელიც  უპირველესად უფლებამოსილი და პასუხისმგებელია, დაიცვას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. მივმართავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი, უზრუნველყავით აშშ-ს სენატის, კონგრესის, ასევე ევროპარლამენტის სწორი და ობიექტური ინფორმირება, რა ხდებოდა საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე. მიაწვდინეთ ჩვენს პარტნიორებს ქართველი ხალხის  პროტესტის ხმა. ვსვამთ კითხვას-რატომ არ გაქვთ აქამდე რეაქცია ტერნერისა და მაკკეინის განცხადებებზე?! რატომ არ რეაგირებთ, რატომ არ ასრულებთ თქვენს ვალდებულებას?!",-განაცხადა ირმა ინაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის პლაკატები ჰქონდათ გამოტანილი: "გააგებინეთ მსოფლიოს, რომ საქართველოში პოლიტიკური ტერორი იყო", "გქონდეთ მწვავე რეაქცია  იმ პირების მიმართ,  რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს იცავენ", "გააგებინეთ მსოფლიოს, რომ საქართველოში ადგილი აქვს არა პოლიტიკურ რეპრესიებს,  არამედ ჩვენ ვიცავთ ჩვენს დემოკრატიას", "დაიცავით საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესი", გააგებინეთ მსოფლიოს, რომ 2004-2011 წლებში  საქართველოში ასობით პატიმარი აწამეს და მოკლეს", "მიაწოდეთ მსოფლიოს სააკაშვილის  რეჟიმის მამხილებელი მასალა", "გააგებინეთ მსოფლიოს, რომ  სააკაშვილს პროკურატურამ 4 ბრალი წაუყენა", "აუხსენით ჩვენს პარტნიორებს, რომ დემოკრატია არ ნიშნავს დამნაშავეების დაცვას"

 დასასრულს,  აქციის მონაწილეებმა საგარეო უწყების წინ წითელი ბარათები დაყარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics