20:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 18:21:47, 494 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი პაპუაშვილს პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს პრეზიდენთან  კომუნიკაცია მუდმივად აქვს. ამის შესახებ პაპუაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი კრიტიკას ვერ უძლებს. აქედან გამომდინარე,  პრეზიდენტთან ამ საკითხებზე საუბრობს.

"არ ვესაუბრები პრეზიდენტს  დაადოს ამ კანონპროექტს ვეტო, თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა ვეუბნები იმ მავნებლობის შესახებ, რომელიც შეიძლება მოიტანოს ამ კანონპროექტმა საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარების გზაზე. რეალურად, ეს კანონი კიარ ავითარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ ძირს უთხრის მის საქმიანობას.  ამიტომ, პრაქტიკულად ძალიან ხშირად  პრეზიდენტთან ამ საკითხებზე ვსაუბრობ. მაქვს სატელეფონო საუბრები და ვუხსნი პრეზიდენტს, თუ რამდენად დამაზიანებელია ზოგადად  სასამართლო რეფორმისთვის ეს კანონპროექტი",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" პაპუაშვილმა.

მან არ დააკონკრეტა სხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც აქვს კომუნიკაცია პრეზიდენტთან. აღსანიშნავია, რომ  "ექსპრესნიუსთან"  საუბრის დროს, პაპუაშვილს  გიორგი მარგველაშვილმა დაურეკა.

საუბრის დეტალებზე პაპუაშვილს განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ შეიტყო იმის შესახებ, რომ პარლამენტს ვენეციის კომისიისთვის "საკონსტიტუციო სასამართლოს" შესახებ კანონპროექტი ჯერჯერობით არ გადაუგზავნია,  რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

"როდის უნდა გადაუგზავნოს საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიას აღნიშნული კანონპროექტი,  ჩემთვის  გაუგებარია. უკვე მეორე მოსმენით მიმდინარეობს კანონპროექტის  განხილვა, თუმცა  ვენეციის კომისიას დღემდე არ მიუღია კანონპროექტი, რათა დადოს  მისი კომპეტენტური დასკვნა. ამის შესახებაც ვესაუბრე პრეზიდენტს და იგი ნამდვილად  არის შეწუხებული იმ მიმდინარე მოვლენებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ  ხდება",-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა დაიწყო. კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.

საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია და მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი.

მომხსენებელმა დეპუტატებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შევიდა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება, ხოლო რა დროში მოხდება მისი ვებგვერდზე ატვირთვა, ეკა ბესელიას განმარტებით, ეს სასამართლოს დისკრეცია იქნება.

პროექტის პირველი ვერსიაში ეწერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნება.

უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია აგრეთვე ცვლილება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ნაცვლად 10 დღისა, აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.

ისინი არ ეთანხმებიან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად საჭირო კვორუმის 5-დან 6-მდე გაზრდას. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმარტა, კვორუმის გაზრდის შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებებს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნებათ, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ იზიარებენ, კანონპროექტის იმ ჩანაწერსაც, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა“.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და არა 6 წევრი, როგორც ეს პროექტში იყო მითითებული.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, კანონპროექტზე ვეტოა მოსალოდნელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics