19:39 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 16:07:03, 333 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში კოჯორსა და ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

პარლამენტის შიდა ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს პრეზიდენტთან ერთად  პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და დეპუტატები ესწრებოდნენ.  

გიორგი მარგველაშვილმა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ სიძლიერეს ქართული სულისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განამტკიცა და შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა. კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა, სადაც ერთი ძალა მეორეს ჯობნის ან პირიქით, თუმცა არის ამ ისტორიის აღწერის სხვა ფორმა, როგორც ვაჟკაცობის და სამშობლოსთვის თავდადების ზეობისა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება წააგო ომი, მაგრამ მაინც გაიმარჯვო და მაინც დათრგუნო მტერი შენი თავდადებით, ვაჟკაცობითა და სულიერი ძალით. ჩვენ წავაგეთ ის ბრძოლები, რომლებმაც საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო, მაგრამ იუნკერთა გმირობამ ჩააგდო ფესვი, რომელმაც შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. ფესვი, რომელიც ყოველთვის ღვივის, რომელიც ჩვენს სამშობლოს ყოველთვის აძლევს დამოუკიდებლობის, სიძლიერისა და მომავლისკენ გახედვის შესაძლებლობას. დღეს ჩვენ, დღევანდელი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვუხდით მათ მადლობას, რადგან მათმა გმირობამ შესძინა ეროვნულ მოძრაობას გაუტეხელობა სულისა და ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოიყვანა. ამ გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, აქვს კიდევ მომავალი. საქართველო უნდა გამთლიანდეს, საქართველო უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და საქართველოს ვერასდროს ვერავინ უნდა უკარნახოს, როგორ უნდა იცხოვრონ ქართველებმა თავის სამკვიდროში, რომელსაც მრავალი საუკუნეა იცავენ, ეფერებიან და უვლიან. დღეს ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ დღესვე გვიჩნდება მტკიცე ნება და ხედვა იმისა, რომ საქართველო იქნება მთლიანი, ძლიერი და სუვერენული. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

1921 წლის 25 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველები შეეწინააღმდეგნენ. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი  და იუნკერი დაიღუპა.

რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ 94 წელი გავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics