08:33 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 10:01:39, 401 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: აშშ-ს ჰყავს სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს სახით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 18 წლის შემდეგ ილინოისის უნივერსიტეტს პირველად ეწვია. მან ფინანსების სფეროში ილინიოსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი 1998 წელს მიიღო.

უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი პრემიერი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა სწავლის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ილინოისის უნივერსიტეტმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.

"აქ ჩამოსვლის საკითხი საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. 1997 წელს მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში, უკვე მყავდა სამი შვილი და ერთი წლით ოჯახის დატოვება მიწევდა. ამერიკაში ჩამოსული დასაწყისში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ ქვეყანას არა მხოლოდ ვსტუმრობდი, არამედ საზოგადოების ახალი წევრიც ვხდებოდი და მნიშვნელოვან ახალ კონტაქტებს ვამყარებდი. ეს გამოცდილება განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული. მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით, რომლებიც პარკში იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ურბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა“,- აღნიშნა  პრემიერმა და განაცხადა, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები არიან იმ ქვეყნების კულტურის ელჩები, საიდანაც ისინი ბრუნდებიან.

პრემიერმა გაიხსენა 1990-იანი წლები, როდესაც ამერიკის წამყვან ინსტიტუტებში სწავლა თითქმის შეუძლებელი იყო.

"მე მომეცა დიდი შესაძლებლობა, გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო კურსზე ილინოისის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასკის პროგრამის სტიპენდიანტის სტატუსით. ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მახსოვს, როდესაც თანაკურსელებს დავუახლოვდი, მომინდა, გამეცნო მათთვის ქართული კულტურა. გავიგე, რომ სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და ჩემი 16 თანაკურსელი დავპატიჟე კონცერტზე. მინდოდა მეგობრებისთვის მეჩვენებინა ჩემი ქვეყნის კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ფინანსურად ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის. მეგობრების დაპატიჟება საშური საქმეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკრედიტო ბარათზე დავალიანების დაფარვა შემდეგ დიდხანს მიწევდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა პროფესორ-მასწავლებსა და სტუდენტებს საქართველოს შესაძლებლობები და მთავრობის  სამომავლო გეგმა- რეფორმების დღის წესრიგი გააცნო; ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, განსაკუთრებით ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა.

ილინოისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები იყო.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი", - აღნიშნა გამოსვლისას პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ძირითად მიზნად საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა დაასახელა.

"დასასრულს, მადლობას მოგახსენებთ საქართველოთი დაინტერესებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები განსხვავებულად დააფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას. ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო სანაპიროები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია“, -განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ილინოისის სტუდენტების დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, საბჭოთა ქვეყნიდან თანამედროვე დასავლურ ქვეყნად ტრანსფორმირების პროცესს, საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა.

ბოლო შეკითხვა გიორგი კვირიკაშვილს მისმა ყოფილმა პედაგოგმა, პროფესორმა მორგან ლინგმა დაუსვა: „როდის მიიღებს ილინოისის უნივერსიტეტი თქვენი შვილიდან ერთ-ერთის აპლიკაციას, სწავლის მოთხოვნით?“ პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ილინოისის უნივერსიტეტში მისი უმცროსი შვილი ისწავლის.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics