|
2016-04-27 17:23:43, 342 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის პროცესის, საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის, ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობის, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, სასამართლო სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და მარტინ შულცმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. „კიდევ ერთხელ, ევროპარლამენტის სახელით, გამოვხატე დაინტერესება საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ძლიერი პარტნიორი ქვეყნის, დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართ. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი და აზრთა გაცვლა იმ როლის შესახებ, რომელსაც საქართველო თამაშობს, როგორც ევროკავშირის მთავარი მოკავშირე რეგიონში და შევთანხმდით, რომ დავრჩებით რაც შესაძლებელია ახლო, მჭიდრო კონტაქტში“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ამ პროცესში საქართველოს დამატებითი პირობების შესრულება არ მოუწევს. „მოხარული ვიყავი მომესმინა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არ იქნება დამატებითი წინასწარი პირობები და საკითხები, რომელთა შესრულებაც საქართველოს მოუწევს. პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ თავად ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება. „გვჯერა, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება და ქართველი ერისა და საქართველოს მთავრობის მიღწევები აღიარებული იქნება, რადგან ჩვენ, ორივეს გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესის დასრულება, რადგან ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ სასარგებლო იქნება ევროპისთვისაც. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ევროკავშირისადმი მეგობრულად განწყობილი საქართველო. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური, კულტურული, უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ არის ბევრი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირთან დისკუსია და თანამშრომლობა გაგრძელდება. „რადგან საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა გახდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაო შევასრულეთ. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ სწორ გზაზე ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმირების, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნის და სხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომ გვინდა, ახლოს ვიყოთ ევროკავშირთან, რომ ამ საკითხებზე მუდმივი დისკუსია გვქონდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის ბრიუსელიდან საქართველოში კიდევ ერთი პოზიტიური გზავნილით დაბრუნდება. მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა. „მე საქართველოში დავბრუნდები კიდევ ერთი პოზიტიური გზავნილით, ახალი ენთუზიაზმით და მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ჩვენი მოპატიჟება და გეგმავს, საქართველოს უახლოეს თვეებში ესტუმროს. მჯერა, რომ როდესაც თქვენ საქართველოში ჩამოხვალთ, კარგ ამბებს ჩამოგვიტანთ ევროპარლამენტიდან და თქვენც ბევრ პოზიტიურ რამეს დაინახავთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)