03:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 18:01:12, 639 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი უსაფრთხოების ინოვაციური სისტემა „BLOCKCHAIN“-ის ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების რეგისტრაციისას  უახლეს და უსაფრთხო საინფორმაციო ტექნოლოგიურ მიღწევას − „BLOCKCHAIN“-ს − გამოიყენებს. შესაბამის მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ და „BLOCKCHAIN“-ის  ტექნოლოგიის კომპანია „BitFury Group“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა მოაწერეს ხელი. ღონისძიებას „BitFury Group“-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი და პრეზიდენტი ერნანდო დე სოტოც დაესწრო.

მემორანდუმის თანახმად,  „BitFury Group“-ისა და საჯარო რეესტრის მიერ საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით „BLOCKCHAIN“-ის სისტემაზე დაფუძნებული პროექტი განხორციელდება. საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი უახლესი ტექნოლოგიით იქნება დაცული, რაც უზრუნველყოფს რეგისტრაციის მსვლელობის უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და  სანდოობას. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს დარეგისტრირებული დოკუმენტების დაცვას მანიპულაციებისა და არაკანონიერი ქმედებისგან. ტექნოლოგია ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მარტივად მართონ თავიანთი ქონება.

„საჯარო რეესტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე უწყებაა. ვფიქრობთ, 21-ე საუკუნის ეს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოსაჩენად. საჯარო რეესტრი  მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას“, − აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. 

აღსანიშნავია, რომ  „BitFury Group“-ის დაინტერესება და პარტნიორობის სურვილი განაპირობა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ და „Doing Business“-ში ქვეყნის წამყვანმა პოზიციამ.

2017 წელს აშშ-ში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით გამართულ  გლობალურ ფორუმზე  კომპანია საჯარო რეესტრის ერთ-ერთ იმ სერვისს წარადგენს, რომელიც „BLOCKCHAIN“-ის ტექნოლოგიით იქნება უზრუნველყოფილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics