2015-02-20 18:14:01, 595 ნახვა
ეკონომიკა
ლარის კურსთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები დღეს ეკონომიკის სამინისტროში შეიკრიბნენ და ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი დავით შავლიაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ლართან დაკავშირებული სიტუაცია გამოსწორებას ექვემდებარება.
„განვიხილეთ მიმდინარე ოპერატიული ინფორმაცია სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე. ასევე გავიარეთ კაპიტალური დანახარჯების კუთხით ხარჯვის ოპერატიული ინფორმაცია. სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას. საჭიროა ერთიანი მუშაობა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდანაც“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც გააკეთა.
მისი თქმით, არსებული პრობლემების გადაწყვეტა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ერთობლივი მუშაობით იქნება შესაძლებელი.
„დღევანდელ ტრადიციულ შეხვედრაზე დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმები იმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში როგორ მოხდეს სიტუაციის გაუმჯობესება. ვფიქრობთ, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე განსაკუთრებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ერთობლივი სინქრონული მუშაობით შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების გადაწყვეტა“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარის შეძენა 2.1771 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან