23:59 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 16:44:04, 395 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურ დირექტორს ქრისტიან დანიელსონს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობა იყო.

მხარეები ისეთ საკითხებსაც შეეხნენ, როგორიცაა საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრისპირა რეგიონების მცოცავი ოკუპაცია და ადგილზე შექმნილი ვითარება, რუსეთის მხრიდან გააქტიურებული პროპაგანდა და საქართველოში ანტიევროპული განწყობების შექმნის მიზნით მსუბუქ ძალაში დაბანდებული ინვესტიცია.

როგორც შეხვედრაზე ქრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რუსეთის გააქტიურებული პროპაგანდა იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა. მისივე თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პროგრესი გამორჩეულადაა აღიარებული, საქართველომ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მისაღებად. „მინისტრ ხიდაშელთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. შესანიშნავია, რომ ყველა წინ მივიწევთ როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით. კომისია ძალისხმევას არ დაიშურებს, დაეხმაროს საქართველოს გამოწვევების გადალახვაში. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ქართველ ხალხს კეთილდღეობას მოუტანს,“ - აღნიშნა ქრისტიან დანიელსონმა.

„ბუნებრივია, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, გაფართოებისა და ახალი უსაფრთხოების პოლიტიკაზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო, გარკვეულწილად, ვიზალიბერალიზაციასაც და იმ მთავარ მოლოდინებს თუ მოთხოვნებს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ამ გზაზე გააჩნია. ეს არის მუშა პროცესი, სადაც ბევრი კითხვა არსებობს. ამ კითხვებზე საქართველოს მხრიდან ძალიან თამამი და ნათელი პასუხები არსებობს. ყველა ერთხმად თანხმდება და ადასტურებს, რომ საქართველოსთვის გზა ვიზალიბერალიზაციისკენ ხსნილია. ამიტომ, იმედია, რომ ბოლო დეტალების შეთანხმება ბევრ დროს არ წაიღებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ქრისტიან დანიელსონთან ორმხრივი შეხვედრა ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ მიმდინარე მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხეობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics