12:49 - 22 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-22 11:00:17, 261 ნახვა

ისტორიკოსი ბექა კობახიძე - ოცნებას ჰარვარდის უნივერსიტეტის პროპაგანდის ინსტუმენტად გამოყენება უნდოდათ

ისტორიკოს ბექა კობახიძის შეფასებით, ჰარვარდის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა პოლიტიკური მოტივით მოხდა.

მისი თქმით, ქართულ ოცნებას არასწორად ეგონა, რომ ჰარვარდში პროპაგანდის ინსტრუმენტს ქმნიდა. 

ისტორიკოსს მაგალითად, მოჰყავს  2023 წელს, რუსული კანონის პირველი ინიცირებისა და დარბევებისას, მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს ჰარვარდში ჩასვლა და ლექციის წაკითხვა მოუნდა, მისივე თქმით "რაზეც ცივი უარი მიიღო".

"მე-19-20 საუკუნეები და ეკლესია-მონასტრებიდან მწიგნობრობა უნივერსიტეტებში გადავიდა. რა როლსაც შუა საუკუნეების მწიგნობრობაში დიდი სასულიერო ცენტრები ასრულებდნენ, ახლა ეს ფუნქცია ოქსფორდმა, ჰარვარდმა და სხვა გიგანტებმა აიღეს საკუთარ თავზე. პრინციპი უცვლელია - ის რომ საქართველოს ისტორია, კულტურა და ქართული ენა ისწავლებოდეს ჰარვარდის უნივერსიტეტში, ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟია. მაგრამ მხოლოდ პრესტიჟში არ არის საქმე: როდესაც ამერიკელი, ბრიტანელი, კანადელი თუ შვედი სტუდენტი ისწავლის ქართულ ენას, სადოქტორო დისერტაციას დაიცავს საქართველოზე, ის "განწირულია" მთელი ცხოვრება იკვლიოს, წეროს, ისაუბროს და მთელს მსოფლიოს გააცნოს საქართველო. მორჩა, ეს კაცი თუ ქალი, ამ მაღალი პლატფორმიდან, შენი ქვეყნის ელჩია. მერე მას თავისი მოწაფეები ეყოლება და ასე უსასრულოდ.

თუმცა, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა იმისთვის, რომ უცხოურმა უნივერსიტეტმა პროფესორი დაიქირაოს კონკრეტულად საქართველოს ისტორიის, კულტურის ან პოლიტიკის შესასწავლად. დაიქირავებენ რუსეთის, ჩინეთის, არქტიკის და ასეთი დიდი თემების პროფესორებს, მაგრამ არა ცალკე აღებული პატარა ქვეყნების სპეციალისტებს. აი, უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები რაც ვიცით, ისინი არავინ არიან დაქირავებულნი, როგორც საქართველოს სპეციალისტები. ეს ხალხი რუსეთზე სამუშაოდ აიყვანეს და ამ რუსეთის კონტექსტში საქართველო არის მათი case study, ანუ საკვლევი თემა, თორემ დამსაქმებელ უნივერსიტეტებში რუსეთს ასწავლიან. ანალოგიურად, ამ ადამიანის შესასწავლი საკითხი საქართველოს ნაცვლად შეიძლებოდა ვორონეჟი ან ტიუმენი ყოფილიყო. ის რუსეთის სპეციალისტადაა მიწვეული და არა საქართველოს.

რა არის აქ გამოსავალი?

იგივე რაც შუა საუკუნეებში იყო, ოღონდ ამას ახლა ქვია endowment, ანუ ფონდის შექმნა. როგორ მუშაობს ეს: ბიზნესმენი, პირობითი სახელით გიორგი დარბაისელი, 10 მილიონ დოლარს უხდის ჰარვარდის უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი ამ თანხას განათავსებს ბირჟებზე არსებულ ფასიან ქაღალდებში, საიდანაც წელიწადში რჩება 3% სუფთა მოგება, ანუ 10 მილიონი დოლარიდან 300 ათასი დოლარი. საქართველოს შემსწავლელ პროგრამას ყოველწლიურად შეეძლება მხოლოდ მონაგები 300 ათასის დახარჯვა და ამ თანხით ქართველოლოგი პროფესორის ხელფასის გადახდა, ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და ა.შ. ის ძირი 10 მილიონი ხელშეუხებელი რჩება და ინფლაციასაც არ განიცდის, რადგან უსაფრთხო ბონდებშია დაბანდებული და მისი მსყიდველუნარიანობა მიყვება ინფლაციას. უფრო "გლეხურად" რომ ვთქვათ, თუ 2026 წელს გიორგი დარბაისელმა 10 მილიონი ჩადო ამ საქმეში, 2050 წელს ამ თანხას იგივე ძალა ექნება, რაც 2026 წელს ჰქონდა, რადგან ბონდების ღირებულება ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება.

ყველაზე მაგარი და მთავარი: გიორგი დარბაისელს შეუძლია მოითხოვოს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელი პროგრამა მისი სახელობის იყოს. ანუ, გადაიხდის 10 მილიონს, საშვილიშვილო საქმეს გაუკეთებს ქვეყანას და უკვდავყოფს საკუთარ სახელს - სანამ იარსებებს ჰარვარდის უნივერსიტეტი, მის კედელზე ყოველთვის ეკიდება აბრა "გიორგი დარბაისელის სახელობის საქართველოს შემსწავლელი პროგრამა".

თანამედროვე ეპოქაში ეს იგივეა, რაც ქვეყნისთვის და ამის პარალელურად საკუთარი სახელის უკვდავებისთვის აღაპებში მოხსენიება ან დიდ ტაძარზე ქტიტორული (სამშენებლო) წარწერის დატოვება იყო. 11 მილიონი რომ მქონდეს, 10 მილიონს აუცილებლად გადავიხდიდი ამ საქმეში. ამ ფულით ამაზე დიდს ვერაფერს გავუკეთებდი ვერც საკუთარ თავს და ვერც ქვეყანას.

რა ქნეს ჩვენმა მეზობელმა სომხებმა? მათ მხოლოდ ამერიკაში 14 ასეთი endowment/ფონდი აქვთ. ამერიკის ფაქტობრივად ყველა დიდ უნივერსიტეტში ასწავლიან სომხეთის ისტორიას, კულტურას, ენას და პოლიტიკას. ვინ დაარსა ეს ფონდები? ჯერ კიდევ საუკუნის წინათ, სომეხმა ბიზნესმენებმა მოკიდეს ამ საქმეს ხელი. აწ გარდაცვლილმა კერკ კერკორიანმა 200 მილიონი დოლარი გადაუხადა ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტს და ახლა იქ არის მსოფლიოში უდიდესი არმენოლოგიის ცენტრი. 1980-იან წლებში, სომხების საპირწონედ, თურქებმა შეაძლიეს თურქოლოგიის კათედრის დასაარსებლად კაი ფული იმავე უნივერსიტეტს, მაგრამ სომხები ამ დროს უკვე იმდენად მძლავრად იყვნენ, რომ უნივერსიტეტს ამ დაფინანსებაზე უარი ათქმევინეს. ანუ ეს მხოლოდ მეცნიერება არ არის, ეს პოლიტიკაა.

ანალოგიური კათედრები აქვთ სომხებს ოქსფორდის უნივერსიტეტში, საფრანგეთისა და გერმანიის არაერთ უნივერსიტეტში.

შედეგიც შესაბამისია, საქართველოს ისტორიაზე დაწერილი ხარისხიანი ინგლისურენოვანი წიგნებით ერთ თაროსაც ვერ გაავსებ; სომხეთის ისტორიაზე დაწერილი ინგლისურენოვანი ლიტერატურა არის უზღვავი რაოდენობით. ამის იმპლიკაცია რომ გითხრათ "გლეხურად": ინგლისურენოვანი ვიკიპედია მხოლოდ ინგლისურენოვან ლიტერატურას იყენებს წყაროებად. შეადარეთ სომხეთისა და საქართველოს ისტორიის შესახებ ვიკიპედიის სტატიები - ჩვენი წარმოუდგენლად უფრო ღარიბია, რადგან ინგლისურენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა უსაშველოდ მწირი გვაქვს.

ამ ათიოდე წლის წინათ, აზერბაიჯანელებმა დაარსეს ნიზამი განჯელის სახელობის ფონდი ოქსფორდის უნივერსიტეტში. ბევრ სხვაგანაც აქვთ მცდელობა, მაგრამ ასეთი იოლი არ არის.

ასე არ ხდება, რომ 10 მილიონი ჩარიცხო სადმე და იყიდო კათედრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა. ასე რომ იყოს, წარმოიდგინეთ რამდენი არაბი შეიხი, რუსი ოლიგარქი თუ მექსიკელი ნარკობარონი გადაიხდიდა ამ ფულს. დიდი უნივერსიტეტები საკუთარ სახელსა და პრესტიჟს უფრთხილდებიან. ისინი ძალიან დეტალურად სწავლობენ ვინ არის გადამხდელი, რა წარმომავლობის არის ფული, რა მიზანი აქვს გადამხდელს, შემთხვევით რამე პოლიტიკურ კავშირებში ხომ არაა შემჩნეული? სახელის "გათეთრება" და უნივერსიტეტის რეპუტაციისთვის პრესტიჟის შებღალვა ვერავინ უნდა შეძლოს. წარსულში იყო ამის შემთხვევები და ბოლო ათწლეულია ძალიან ფრთხილობენ.

ამას მოსდევს შემდეგი საკითხი: სუფთა კაციც ხარ, 10 მილიონიც გაქვს, მაგრამ გვაინტერესებს ეს შენი საქართველო ან სომხეთი ჰარვარდში რომ ვასწავლოთ ჩვენს სტუდენტებს? რატომ უნდა გვაინტერესებდეს? მსოფლიოში 200 სახელმწიფოა, ამაზე ბევრად მეტი ერი, ენა თუ ხალხი და რატომ მაინდამაინც თქვენ? აი აქ უნდა გყავდეს ლობისტები, ვინც დიდ ლოდებს დაძრავს და აისბერგებს დაადნობს.

ერთი სიტყვით, 10 მილიონის გადახდა ყველაზე უკანასკნელი პრობლემაა. ათასობით ადამიანი მოიძებნება მსოფლიოში ვინც ამ თანხას გადაიხდის. მთავარი პრობლემაა ყველა ზემოხსენებული ეტაპი გაიარო და გადახდამდე მიხვიდე.

რა ხდება საქართველოსთან მიმართებით? პირველი და დღემდე ერთადერთი საქართველოს შემსწავლელი endowment/ფონდი 1909 წელს ცხონებულმა ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაარსა და მისი გარდაცვლილი დის, მარჯორის სახელი უწოდა. ოლივერი მდიდარი კაცი არ ყოფილა, ერთი საჯარო მოხელე იყო და მისი შეწირულობაც ძალიან მოკრძალებული გახლდათ. თუმცა, ამ ფონდმა თქვენთვის ცნობილი ბრიტანელი ქართველოლოგების თაობები გამოზარდა. Stephen Jones იხსენებდა, როცა 1980-იან წლებში ოქსფორდში საქართველოს ვიკვლევდი, ამ ფონდის სტიპენდია მქონდა თვეში 300 ფუნტი, სასტიკად არ მყოფნიდა, მაგრამ მის გარეშე უბრალოდ ვერაფერს შევძლებდიო.

დღესაც, 117 წლის შემდეგ, ამ ფონდის დახმარებით ასწავლის ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართულ ენას ქალბატონი ლია ჩოკოშვილი და მისი სტუდენტები ქართული ლიტერატურის არაჩვეულებრივ თარგმანებს ასრულებენ.

პოლიტიკაში ახალშესული ბიძინა ივანიშვილი, თხუთმეტიოდე წლის წინ, ოქსფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებს თითქმის პარალელურად დაპირდა ამ დაფინანსების გაღებას, მაგრამ მოვიდა რა ხელისუფლებაში, ეს დაპირება ქარმა წაიღო...

ამის შემდეგ, 2022 წელს, სტივენ ჯონსის თაოსნობითა და განათლების სამინისტროს დაფინანსებით, ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოს შემსწავლელი პროგრამა. Endowment/ფონდის თანხა არ გამოიყო. თუ სწორად მახსოვს, 2.4 მილიონი დოლარით დაფინანსდა პროგრამა. ამის თვითმხილველი მე ვარ ოთხი წლის მანძილზე რა საოცარი შედეგები დაიდო სუფთა აკადემიური კუთხით. რაც მთავარია, სტივენმა მოახერა ყველა ბიუროკრატიული და ლობისტური ბარიერის გადალახვა და ჰარვარდის უნივერსიტეტი მზად იყო endowment/ფონდის შესაქმნელად თანხა მიეღო.

როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას არასწორად ეგონა, რომ ჰარვარდში პროპაგანდის ინსტრუმენტს ქმნიდა. ასე მაგალითად, 2023 წელს, რუსული კანონის პირველი ინიცირებისა და დარბევებისას, მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს ჰარვარდში ჩასვლა და ლექციის წაკითხვა მოუნდა, რაზეც ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ იყო სტივენ ჯონსს რომ უთხრა მაშინდელმა განათლების მინისტრმა ჩემზე, მაგას რა უნდა ჰარვარდშიო, საერთოდ დაანებე ილიაუნისთან თანამშრომლობას თავიო და ა.შ. ჰარვარდის endowment/ფონდების საერთო ღირებულება 57 მილიარდი დოლარია. შენი 2.4 მილიონი დოლარის გულისთვის არავინ დაიზიანებს რეპუტაციას.

ქოცებს იმედები გაუცრუვდათ და 2026 წელს ოფიციალური წერილი მიწერეს ჰარვარდს, რომ წყვეტენ დაფინანსებას. მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი ტენდენციური კაციაო, ესე იგი ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო.

ამის შემდეგ, სტივენმა ჩაიცვა რკინის ქალამნები და მოიარა ქართული ბიზნესი, ვისაც ამ 10 მილიონის გადახდა შეეძლო. მათ შორის, ორივე დიდი ბანკი. არაფერი, სრულიად არაფერი...

პროგრამა, ფაქტობრივად, დაიხურა. დახურვის მხოლოდ ბიუროკრატიული ნაწილიღა დარჩა გასაფორმებელი.

თუ ვინმეს ეს პოსტი კეთილშობილური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს, შეიძლება პროგრამის გადარჩენას სულზე მიუსწროთ. სტივენიც აღარ არის დირექტორი, ახლა "პოლიტიკურად უსაფრთხო" დირექტორი ყავს პროგრამას და წესით ქოცებიც არ გაბრაზდებიან. შემომეხმიანეთ და ყველა შესაბამის ხალხს დაგაკავშირებთ.

მთლიანობაში კი სურათი ასეთია: რომ არაფერი ვთქვათ დავით სარაჯიშვილზე, ქართველ ბიზნესმენთა უდიდეს ნაწილს შუა საუკუნეების ფეოდალის გონებრივი გაქანებაც არა აქვს. ტენდერითა და "ატკატით" გამდიდრებული კაცი ვერასდროს მიხვდება რა ხიბლი აქვს შენი ქვეყნისა და შენი სახელი ერთად ეწეროს ჰარვარდის უნივერსიტეტის აბრაზე.

კადიროველების მენტალიტეტითა და როინ მეტრეველის მეცნიერებათა აკადემიით აუცილებლად ვიქნებით იქ სადაც ვართ.

სამწუხაროა, ვაი ჩემო თავო, რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია. " - წერს ბექა კობახიძე.

ჰარვარდის დევისის ცენტრში საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შეჩერების შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნიბით "პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს". შესაბამისად, სამინისტროს შეფასებით, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმიგრანტული ვიზების დამუშავების შეჩერება გააუქმა
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეში საწყობები დაბომბა, ოდესის რეგიონში რკინიგზის სადგური დააზიანა
რუსებმა კრივოი როგის სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას 16 ბავშვი დაჭრეს, 5 ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics