00:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 18:42:28, 619 ნახვა

სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე გამართულ პროცესზე ბრალდების მოწმე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მამუკა ლებანიძე  დაიკითხა, რომელიც შემთხვევის ადგილას მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა.

როგორც აღინიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ წარმოადგინა მოწმე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი-  უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირი.

საქმეზე ბრალდებულის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელის, გურამ დონაძის განცხადებით, მოწმე მამუკა ლებანიძემ  პროცესზე განაცხადა,  რომ მას  შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს, რომ დონაძეს ვინმესთვის რაიმე უკანონო მითითება მიეცეს.

„ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სასამართლოზე პროკურატურამ წარმოადგინა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც საპატრულო პოლიციაში დღესაც მუშაობს.  მან პირდაპირ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს, რომ გურამ დონაძეს ვინმესთვის რაიმე უკანონო მითითება მიეცეს, რომ იარაღები გადაალაგე, გადმოალაგე, არ დაუნახავს, რომ ბუტა რობაქიძესთან  გვერდით იარაღი ვიღაცამ დადო და რომ გურამ დონაძეს მიეთითებინა ოპერატორისთვის მისი  გადაღება. ეს ადამიანი არის მამუკა ლებანიძე, რომელიც საექსპერტო დასკვნების მიხედვით  მომხდარიდან  5 წუთისა და 9 წამის განმავლობაში  იმყოფება შემთხვევის ადგილას. ვგულისხმობ იმას, რომ ის იყო იქ, როცა ბუტა რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სუნთქავდა. მამუკას არ უთქვამს, რომ იარაღები არ შეუმჩნევია ავტომანქანაში. მან თქვა, რომ როცა ადგილზე მივიდა, იქ არ დაუნახავს იარაღები და მოგვიანებით, როცა ჩხრეკები ჩატარადა, იარაღები საბარგულზე დაინახა. ვინ სად დადო, მე ამაზე ამაზე პასუხისმგებლობა რატომ მეკისრება? ჩვენი ბრალი ვერ გავიგე რაშია“, - განაცხადა გურამ დონაძემ.

რაც  შეეხება საუბარს იმის შესახებ, რომ  სასამართლო პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება, დონაძის თქმით, დღეს, მოსამართლემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ სასამართლოს განრიგს თავად აწესებენ.

 „სასამართლომ აღნიშნა, რომ  ვითარებიდან გამომდინარე პროცესები ხელოვნურად არ იწელება.   აქ არ იხილება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, იხილება უფლებამოსილების გადამეტება. იარაღის მიტანასაც კი არავინ გვედავება, ყოველშემთხვევაში მე“,-განაცხადა გურამ დონაძემ.

ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ზურა მიქაძის განცხადებით, მას ბრალად შემთხვევის ადგილზე იარაღის მიტანა -ჩადება ედება და დღეს ბრალდების მოწმემ დაადასტურა, რომ  მას უკანონო ბრძანება არ გაუცია.

„მან თქვა, რომ იარაღი, რომ მიმეტანოს და  ვინმესთვის ჩამედო არ დაუნახია. უნდა მივადევნო თვალი, რომ ასეთი ჩვენებისთვის სამსახურიდან არ გაათავისუფლონ. ნეტა, დღევანდელი მოწმე იყოს ერთადერთი მოწმე ამ საქმეში, ეს საქმე დაიხურებოდა“,-აღნიშნა ბრალდებულმა ზურა მიქაძემ.

ამასთან, ბრალდებულ ალექსანდრე  გვაზავას განცხადებით, პოლიციის თანამშრომელმა მამუკა ლებანიძემ შემთხევის ადგილზე იარაღის არსებობა-არარსებობა ვერ დაადასტურა.

„ის მივიდა შემთხვევის ადგილზე მაშინ, როცა უკვე პირები დაკავებული ჰყავდათ, შეეცვალა რომელიღაც  თანამშრომელს. პროკურატურამ დღეს უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა,  თავისივე მოტანილი მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევაზე უარი თქვა“, -განაცხადა ალექსანდრე  გვაზავამ.

პროკურორ დავით ნეფარიძის განმარტებით კი, მტკიცებულებების წარდგენას საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფორმა აქვს  და დაცვის მხარე ამ ფორმის დარღვევას ცდილობდა.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ  არც ბუტა რობაქიძესთან   და არც სხვა დაკავებულ პირებთან, ან  ავტომანქანის საბარგულზე  ცეცხლსასროლი იარაღი  და  საბრძოლო მასალა არ უნახავს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 26 აპრილისთვის ჩაინიშნა, რომელზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება და პროკურატურის მოწმეები დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს- დავით იაშვილს, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძეს, ზაზა ბაქრაძეს და ზურაბ მიქაძეს  უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics