აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს - ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. რაციების საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, - ამის შესახებ ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა
2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.
გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.
პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. არაერთგზის ჰქონდა ადგილი საპოლიციო ძალასთან მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დაპირისპირებას, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების სროლას სამართალდამცველთა მიმართ. მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან. ამავდროულად ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. ,,რაციების“ საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან.
2024 წლის 28 ნოემბერს, ლიდერების მოწოდებით, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, პოლიციის თანამშრომლებთან დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირება გაგრძელდა 6 დღის მანძილზე. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავი უწყების 158 თანამშრომელს, მათ შორის რამდენიმე მათგანს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობაში არსებულ ოთახებს, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა, ასევე ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება.
აღნიშნულის პარალელურად, კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან.
პროკურატურის მტკიცებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე. - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა.