2025-10-15 13:40:39, 361 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნების“ ინიციატივა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა – საია
![]() ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ „ოცნების“ ინიციატივა – ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ორგანიზაციის მიერ დღეს, 15 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „2025 წლის 13 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით დაიწყო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის (მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება), სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 13 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რომელიც, მათივე თქმით, უზრუნველყოფს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას. აღნიშნულის შედეგად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა მიეცა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა) არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას)“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუთითებს, რომ კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მოიხმობენ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიზანია დემოკრატიული პროცესების დაცვა მისი „ბოროტად გამოყენებისგან“. „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის დოქტრინა მართლაც აღიარებს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოქტრინის შეუცვლელი ნაწილია ლიბერალური, წარმომადგენლობითი დემოკრატიული წესრიგი, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ აქტორებს შორის თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობას და გამყარებულია სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებით, ასევე პლურალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებით. აღნიშნული კანონპროექტი კი აჩენს რეალურ რისკს, რომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ავტორიტარული ტენდენციების გასამყარებლად და ფასადურად, დემოკრატიის დაცვის მოტივით, პოლიტიკური ოპონენტების განადგურების იარაღად იქცეს“ – წერს საია. ორგანიზაციის განცხადებით, პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება). ამავე მუხლით, ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის – თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით.
ორგანიზაცია ასევე დასძენს, რომ შემოთავაზებული ვარიანტით, კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არსებითად არაპროპორციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს. „წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დაეკისრებინა, მით უმეტეს – კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმით. მოცემულ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას” არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, მიმდინარე კანონმდებლობაში მარტივი უმრავლესობის გზით ცდილობს მისთვის სასურველი საკანონმდებლო ველი შექმნას. ზემოთ განხილული ინდივიდუალური ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, კონსტიტუცია ზღუდავს ასეთ უფლებამოსილებას მკაფიოდ განსაზღვრული წესით. შესაბამისად, საიას შეფასებით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს“ – წერს ორგანიზაცია.
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|