არასრულწლოვანზე ძალადობის კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში. საქმე ეხება მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს რომელმაც ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანზე, პატარა ბავშვის თანხლებით.
ვიდეოში ჩანს, რომ მოძალადე ხატია ვიბლიანი მოზარდს ჯერ მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე უსწორდება ფიზიკურად, შემდეგ კი გარე პერიმეტრზე ელოდება, რათა მასზე თავდასხმა უკვე კამერების გარეშე გააგრძელოს.
ვიდეოს გამავრცელებელი თათია მაისურაძე წერს, რომ ვრცელი ვიდეომასალა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ფრაგმენტები. მისი თქმით, სიმართლე არასდროს იმალება და ვიბლიანმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
2025 წლის 11 სექტემბერს ღამის საათებში, მაღაზია „ორი ნაბიჯი“-ში გადახდის სალაროსთან, მომხმარებლებელთა რიგში სიტყვიერი შეკამათება მოხდა ბრალდებულ ხატია ვიბლიანსა და მაღაზიის მოლარე-ოპერატორს შორის;
შეკამათება გამოწვეული იყო ბრალდებულის დაჟინებული მოთხოვნით - გაეტარებინა იგი მოლარე-ოპერატორს ურიგოდ, რაზეც მან რამდენჯერმე მიიღო უარი, ვინაიდან მოლარე-ოპერატორი უკვე ემსახურებოდა სხვა, რიგში მდგომ ერთ-ერთ მომხმარებელს;
ბრალდებული მოლარე-ოპერატორის მიმართ გამოირჩეოდა აგრესიული და უხეში დამოკიდებულებით და კატეგორიულად მოითხოვდა შეესრულებინა მისი მოთხოვნა ურიგოდ გაშვების შესახებ;
მოლარე-ოპერატორის დაცვისა და შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა ბრალდებულს უთხრა, რომ ისედაც მალე მოუწევდა რიგი და შეძლებდა მაღაზიის დატოვებას; კატეგორიულად ვადასტურებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის მიერ ნათქვამი არცერთი სიტყვა ან ქმედება არ ყოფილა ზრიდილობისა და საზოგადოებაში მისაღები ნორმის ფარგლებს მიღმა გამოხატული ან/და შეურაცხმყოფელი;
არასრულწლოვნის მცდელობას, განემუხტა შექმნილი დაძაბული მდგომარეობა და მოლარე-ოპერატორი დაეცვა დაუმსახურებელი აგრესიისაგან, ბრალდებულის მხრიდან მოჰყვა არასრულწლოვნის მიმართ მყისიერი აგრესია, რომელიც თავდაპირველად სიტყვიერ, მძიმე შეურაცხყოფაში გამოიხატა, ხოლო შემდგომში ფეხების გამოყენებით არასრულწლოვნის მიმართ მძიმე ფიზიკურ ძალადობაში;
თვითმხილველ პირთა განმარტებებით, მაღაზიაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ ბრალდებულის აგრესიული ქმედებების შეკავებას და ცდილობდნენ იგი არ მიეშვათ არასრულწლოვანთან ახლოს, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა არასრულწლოვანს კამერებისგან მოშორებით, მაღაზიიდან გარეთ გასვლისკენ;
ბრალდებული მაღაზიის გარე ტერიტორიაზე შეგნებულად დაელოდა არასრულწლოვანს, რათა სასტიკად გასწორებოდა მას ისეთ ადგილას, რომელსაც მაღაზიის არც შიდა და არც გარე პერიმეტრის ვიდეოსამეთვალყურეო კამერები არ იწერდა;
კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გადაღებულია არა მაღაზიის, არამედ მოპირდაპირე კორპუსზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ; მაღაზიის შიდა პერიმეტრზე განლაგებულია არაერთი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, სადაც ზედმიწევნით გამოჩნდება ზემოაღნიშნული ფაქტები;
ამჟამად, მიმდინარეობს ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერების კანონით დადგენილი წესით გამოთხოვა. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებს აქვს არსებითი მნიშვნელობა, რათა საზოგადოებამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახაოს სიმართლე;
დაუშვებელია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, თითქოს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სასტიკი ქმედებები გამოიწვია სწორედ არასრულწლოვნის მიერ განხორციელებულმა რაიმე სახის მაპროვოცირებელმა ქმდებამ ან/და შეურაცხყოფამ;
სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვხედავთ ბრალდებულის უკიდურესად არაგულწრფელ და მრავალგზის ცვალებად პოზიციას - ზოგ შემთხვევაში აღიარებისა და მონანიების, ზოგ შემთხვევაში კი - ბრალეულობის ისრის არასრულწლოვნის მისამართით მომართვის მცდელობას;
ყოველი ცალკეული მცდელობა, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, იქნება წარუმატებელი. - წერს თათია მაისურაძე.
არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.