14:02 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 12:29:10, 576 ნახვა

პოლიტიკა
2021 წლისთვის საქართველოს ცა იქნებოდა დაცული - ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ე.წ. კაბელების საქმის შესახებ ისაუბრა.

ალასანიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებამდე ერთი წლით ადრე მან საფრანგეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომ საფრანგეთს საქართველოსთვის მიეყიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხოლო სანაცვლოდ საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მიიღებდა მონაწილეობას.

ალასანიას მტკიცებით, მემორანდუმის გაფორმების წინა დღეს მას სატელეფონო ზარის საშუალებით მოსთხოვეს, ჩაეშალა შეთანხმება. ალასანიას თანახმად, "ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი".

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის მერე, პრაქტიკულად უსიტყვო ემბარგო იყო საქართველოზე, რომ მიეყიდათ დასავლეთის ქვეყნებს ლეტალური იარაღი, თავდაცვის იარაღიც, [საქართველოსთვის]. ამის გარღვევას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა.

გეტყვით, ადამიანური ურთიერთობებიც რამდენ რამეს წყვეტს თანამედროვე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებში, NATO-ს მინისტრების ერთ-ერთ შეხვედრაზე, მე მქონდა შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, [ჟან-ივ] ლე დრიანთან, ძალიან ღირსეული და სერიოზული კაცია. მაშინ ამიხსნა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უნდოდა და აუცილებელი იყო, რომ ევროპული ძალები წასულიყვნენ სამშვიდობო მისიით, მაგრამ ვერ კრებდა ევროპელებს და მთხოვა, რომ ხომ არ განიხილავდა საქართველო მაშინ [2013 წელს] მონაწილეობას, რომ კონტინგენტი გაეშვა.

ბუნებრივია, მე საქართველოს ჯარის გაშვებას საერთაშორისო მისიებში ასე მარტივად არ ვუყურებდი, ვიცი, რა პასუხისმგებლობაა და ვუთხარი, რომ შეიძლებოდა განგვეხილა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს შევათანხმე მთავრობასთან, ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მაგრამ საქართველოს აქედან უნდა მიეღო რაღაც. მან მკითხა, "რა შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროს".

საქართველოს აკლია ბევრი რამ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ გვინდა საჰაერო თავდაცვა, რომ საქართველოს ცა იყოს დაცული. მათ, ფრანგებს, ამერიკელების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვა აქვთ. არის ასეთი ასტერ-30 სისტემა, რომლითაც იცავენ თავად ფრანგები პარიზს და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

დაფიქრდა და მითხრა, რომ შეათანხმებდა იმდროინდელ პრეზიდენტთან, როლანდი იყო მაშინ. გავიდა გარკვეული დრო, დამირეკა და მთხოვა შეხვედრა ისევ. ამ შეხვედრაზე მითხრა, რომ ამის შესაძლებლობა არის, "პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პირველი ევროპული სახელმწიფოსგან ამასთან დაკავშირებით და თუკი თქვენც თანახმა ხართ, რომ მიიღოთ მონაწილეობა, შეიძლება ეს გარიგება შედგეს".

ბუნებრივია, ეს შეთანხმებული იყო ყველა ჩვენს შესაბამის სტრუქტურასთან, პარლამენტთან, მთავრობის წევრებთან და პრემიერ-მინისტრთანაც. ამას დასჭირდა დაახლოებით ერთი წელი, თვითონ სისტემებს. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი ბიუჯეტური პრობლემებიდან გამომდინარე, იმაზეც წამომყვნენ ფრანგები, რომ კრედიტით გვაძლევდნენ ამ სისტემას და ჩვენ გადახდა დაახლოებით 7 წლის მერე გვიწევდა. ე.ი. 2013-2014 წელს ეს პროექტი რომ დაგვეწყო, 2021 წლისთვის საქართველოს ცა, მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული.

ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვია საქართველოს, შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც მე ვესწრებოდი, თავდაცვის მინისტრის რანგში, და იქ საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფორმდა.

შემდეგ ჩაინიშნა დღე, როდესაც უნდა ჩავსულიყავი, უნდა შევხვედროდი ამ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და გაგვეფორმებინა შეთანხმება. ზუსტად წინა დღით, თუ არ ვცდები, იყო ნოემბერი 2014 წლის, მაქვს ზარი საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგან და მთხოვდა, რომ იქნებ თავი შემეკავებინა ხელმოწერისთვის.

ჯერ ეს ერთი, ეს ჩვენი იმიჯისთვის იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა, რომ ყველასთან შეთანხმებულ შეთანხმებაზე უარი მეთქვა მე თვითონ, რომელიც ვითხოვდი ამ შეიარაღებას. მეორე - ვუთხარი, რომ ყველასთან შეთანხმებულია და ვინ დარჩა გადაწყვეტილების მიმღები, ვინც შენ გთხოვს, რომ მე არ მოვაწერო ხელი. ამიტომ, უარი ვუთხარი.

[...] პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ, ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი.

[...] მეორე დღის 5-6 საათზე, სანამ იქ, პარიზში გათენდებოდა, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ეს 5 თანამშრომელი, აბსოლუტურად უდანაშაულო, რომ ჩემზე ზეწოლა ყოფილიყო და მე არ მომეწერა ხელი. მე რომ ხელი არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე, იქნებოდა ყველაფრის ღალატი, ამ ბიჭების ღალატიც, ჩვენი ღირსებიც ღალატიც, თავდაცვისუნარიანობისთვის ამხელა შესაძლებლობის შეძენის ღალატიც და ამიტომ, მაინც მოვაწერე ხელი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ პრაქტიკულად, მე უნდა წავსულიყავი მთავრობიდან.

ეს ხელმოწერილი მემორანდუმი, რასაც შემდეგ შეთანხმება უნდა მოჰყოლოდა, დღესაც ძალაშია. ეს თავდაცვის მინისტრი შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთ ფორუმზე შევხვდი და მითხრა, რომ "ჩვენი შეთანხმება ისევ ძალაშია, თუ ეს საქართველოს უნდა", ანუ ფანჯარა დატოვებულია.

[...] მინდა, გითხრათ რა დავკარგეთ. როცა თავდაცვის შესაძლებლობებს სწავლობ, როცა ჰაერი დაცული გაქვს, შენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ მეტი შესაძლებლობა, რომ შემაკავებელი ფაქტორი ჰქონდეს საგარეო აგრესიისგან. თავი დავანებოთ რუსეთს, რეგიონში უნდა გქონდეს ისეთი თავდაცვა, რომ ყველამ იცოდეს, შენზე ხელაღებით აგრესიით წამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება, რაც ჯარსაც აძლევს ძალიან დიდ სტიმულის, როცა ჰაერი დაცულია, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ამიტომ, ეს იყო, ჩემი აზრით, უპატიებელი შეცდომა, რომელიც იმდროინდელმა მთავრობამ დაუშვა. 2021 წლისთვის ეს სისტემა იქნებოდა საქართველოში გამართული. ამას ხომ ეკონომიკაც ებმის, როდესაც იციან რომ ქვეყანა დაცულია, პატივს სცემენ, იქ ბიზნესიც უფრო სტაბილურად ვითარდება, ამიტომ ამაზე ბევრი რამეა მიბმული". - თქვა ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics