2015-02-16 15:30:36, 751 ნახვა
მსოფლიო
აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებიდან ბრძოლა არ წყდება
აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებიდან მეორე დღეს პრორუს მებრძოლებს და უკრაინელ სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის შეტაკებები აღმოსავლეთ უკრაინაში, შიროკინოს დასახლებასთან გრძელდება.
პრორუსი მებრძოლები სახელისუფლებო ძალებს მძიმე სამხედრო ტექნიკით უტევენ.
ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბრძოლის შედეგად 5 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 22 კი მძიმედ დაიჭრა.
ამასთან, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერის დენის პიშულინის განცხადებით, თუ უკრაინა რომელიმე სამხედრო კავშირში გაწვრიანდება, მინსკის შეთანხმება გადაიხედება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება არ არის 12 თებერვლის შეთანხმებაში არსებობს საკითხები, რომლებზეც უარს არ ვიტყვით. ეს არის უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ანტირუსული სამხედრო ალიანსების მიღმა დარჩეს. თუ ვნახავთ, რომ ის აპირებს რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანებას ყოველგვარ ურთიერთობას შევაჩერებთ კიევთან და მინსკის შეთანხმებასაც გადავხედავთ“,-განაცხადა პიშულინმა.
ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან ცეცხლი შეწყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან