2025-02-09 17:16:18, 458 ნახვა
პოლიტიკა
საბა ბრაჭველი - როცა მიზნისკენ 74 დღეა მივდივართ, გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს
იურისტი საბა ბრაჭველი "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონებზე საუბრობს. ბრაჭველის აღნიშნავს, რომ "ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 4-ჯერ, 60 დღემდე გაიზარდა, რითიც რუსეთსა და ბელორუსს ორჯერ გავასწარით".
ცოტა სხვა თვალით მინდა შევხედოთ ახალ რეპრესიულ კანონებს:
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 4-ჯერ, 60 დღემდე გაიზარდა, რითიც რუსეთსა და ბელორუსს ორჯერ გავასწარით. თუმცა, პატიმრობის ვადის ზრდა იზოლატორებში ადგილების ზრდას არ ნიშნავს. მაგალითად, თელავში ისევ მხოლოდ 5 (ორადგილიანი) საკანი რჩება, ზესტაფონში - 4 და ა.შ. ამასთან, შესაძლებელია საკანში მარტო ყოფნის მოთხოვნა. ეს საკნები საჭიროა ასევე ბრალდებულების, მართლა ხულიგნების და სხვა პირების მოსათავსებლადაც. ამიტომ 60 დღით, შეიძლება, საჩვენებლად რამდენიმე ადამიანი ჩასვან, მაგრამ მეტს ვერ შეძლებენ - უბრალოდ ადგილი აღარ დარჩება ახლების დასაკავებლად. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის შემდეგ მხოლოდ 1 ღამე იყო ისეთი, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით 40 ადამიანზე მეტი დააკავეს და მაშინაც ყველას გამოშვება მოუწიათ. შსს-ს ამ ეტაპზე ადმინისტრაციული პატიმრობის დიდი ხნით გამოყენების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია.
იურისტი ჯარიმებთან დაკავშირებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "სასამართლო სისტემა იმდენად გაჭედილია, რომ წინა კვირაში რამდენიმე მოსამართლეს ყველა სხდომის გადადება მოუწია".
ანალოგიური ვითარებაა ჯარიმებთან დაკავშირებით. პარლამენტს შეუძლია გაზარდოს ჯარიმების ოდენობა, შსს-ს შეუძლია მათ გამოსაწერად ახალი დანაყოფები დაიხმაროს (პატაკს ნახავდით), მაგრამ სასრულია მოსამართლეების ოდენობა, ვინც სამართალდარღვევა უნდა გააფორმონ. სასამართლო სისტემა იმდენად გაჭედილია, რომ წინა კვირაში რამდენიმე მოსამართლეს ყველა სხდომის გადადება მოუწია. ყველა ახალი საჩივარი წინა პროცესის გახანგრძლივებას ნიშნავს. ამიტომ - გაასაჩივრეთ ყველაფერი, ეს დაეხმარება სხვა მოქალაქეს, ვისი სხდომაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. დაკანონდა რამდენიმე ისეთი დარღვევა, რასაც პოლიცია პრაქტიკაში მაინც აკეთებდა. მაგალითისთვის, აკრძალული იყო მოწმის გარეშე პირის ჩხრეკა, თუმცა პოლიცია ამ წესს სისტემატურად არღვევდა. ახლა კანონის დონეზე შეეძლებათ, ჩხრეკას მოწმე არ დასწრონ, მაგრამ პრაქტიკაში ეს ხომ არაფერს ცვლის - აქამდეც, ისედაც ასე იყო. ანალოგიურია ცვლილება, რომლითაც პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიციელის შეურაცხყოფა ცალკე სამართალდარღვევა ხდება. პრაქტიკაში, მსგავსი შეურაცხყოფისთვის ადამიანებს აქციაზე ისედაც იჭერდნენ, როცა მოიხელთებდნენ - იქნებოდა ეს მონის ძახილი თუ ირაყლის ტრანსპარანტი. ადრე ამას აფორმებდნენ 166/173 მუხლით, ახლა გააფორმებენ სხვა მუხლით, მაგრამ რეალობა იგივედ რჩება. ასეთივეა ნორმა, რომლითაც სპონტანური შეკრების დროს წერილობითი გაფრთხილება ხდება აუცილებელი, ან ის, რომ ონლაინ დაწერილი სტატუსის/კომენტარის გამო შეიძლება სამართალდარღვევა დაწერონ - აქამდეც ასე იყო, უბრალოდ აქამდე სასამართლო განმარტავდა ნორმას ფართოდ, ახლა კი მუხლში ჩაწერეს იგივე. შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.
საბა ბრაჭველის განცხადებით, ეს ცლილებები "დრაკონული და სამართლებრივ სახელმწიფოსთან შეუთავსებელია". ერთადერთი განსხვავება კი, რომელიც ძველ და ახლ დროს შორის არის, გახლავთ ის, რომ "აქამდე კანონი ფორმალურად მაინც ირღვეოდა და მომკითხავი არავინ იყო, ახლა კი - რასაც აკეთებდნენ, ფორმალურად 'კანონიერად' აქციეს".
იურისტი ამ კანონების შემოღების მიზეზებზეც საუბრობს:
რატომ აკეთებენ ამას?
თანდათან გვიახლოვდება დღე, როცა ბურუსი გაფანტვას დაიწყებს. რაც უფრო უახლოვდება ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს საკითხს, მით უფრო ცოტა დრო რჩება იმის გასაგებად, ჩვენი ბრძოლა მოკლევადიანი იქნება, თუ გრძელი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროტესტის მსგავსიც კი არაფერი ჰქონდა მოლდოვას, როცა სანქციებმა იქაური ბიძინას ურემი გადაატრიალა (სხვათა შორის, ტრამპის პირველი ვადის დროს) და მერე, თითქოს არსაიდან, მათი ფართო ევროპული გზაც გამოჩნდა. ამიტომ ოცნება მაქსიმალურად ცდილობს, რომ როგორმე ნისლის გაფანტვის მომენტამდე ვერ მივაღწიოთ.
როცა მიზნისკენ 74 დღეა მივდივართ, გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს. დღესაც, ხვალაც, თხუთმეტშიც, ოცდახუთშიც და მერეც - ყველანი, ისევ, რუსთაველზე - აცხადებს ბრაჭველი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By 
|